სიყვარული არაბულ დროში
ალბათ არ იცი, რა რთულია ცაში ცხოვრება, ამავდროულად მიწაზე რომ დგახარ სხვის თვალში, უყურებ ღმერთის თვალებიდან- რაც იცხოვრე და დედამიწაზე ამიტომაც ჰგავხარ სხივგაშლილს... ჩემზე გიყვები.. და ყველა ნისლს ვუყურებ ირიბს, ვყვირი თვალებით, როგორც ბუდე დაშლილი ბარტყი, გადმოვარდნილი... მომაკვდავი... ლუღლუღებს... ტირის... მე მინდა მაშინ მიშველო და მაშინ გიყვარდე. ანუ, მსურს ახლა შემიყვარო, ახლანდელ დროში, მერკანტილური დედამიწის ღიმილის შრეში და გადაღლილი სხვა დროისთვის გადავდებ ქოშინს, ჩემი სულისას, თორემ მარტო ციმციმი შემშლის. დავიწყებ წერას შენს სხეულზე, მარჯვნიდან მარცხნივ, სიყვარულისთვის მე გადავალ არაბულ დროში, შენ კი გაშლილი კულულები მვარცხნე და მვარცხნე, რომ დავემსგავსო სისათუთეს, განაბულს თოვლში. ინდურ ციფრებშიც შევეცდები ამოგხსნა სწორად, თუნდაც არ გქონდეს არც ხმოვნები, უბრალოდ მენდე, მე შენს ყოფაში უსასრულო არ მოვალ ბრძოლად, დამყოლი მზერით გამოგყვები უქაროდ, გვერდზე. ეს ხომ სცენაა, ჩამოეშვას ფარდა, მერე რა, თუ დამიჯერებ, სიყვარულის შეცვლას არ ვყოფნი, უთანხმოება თანხმოვნებში არ ამერევა, არც სიყვარული მომაკლდება შენთან სამყოფი. შემიმსუბუქე ამ მიწაზე მცხოვრებს ცხოვრება პარალელურად მე რომელიც მიწევს ზეცაში, მე ორივეგან სიყვარული მომეთხოვება და ყველა დროში დავემთხვიოთ იქნებ მე და შენ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი