სამსახოვანი ლექსი


*****
ენდე მას, ვინც კი ტყუილს არ დაგპირდება,
ზიდე მაგ მხრებით მარტომ ოღონდ შენ დარდი
და ხორცზე მეტად სული კვლავ არ სჭირდებათ
და ავიწყდები ისე, როგორც ხელბარგი..

გტოვებენ ისე, თითქოს იყო რადიო,
ტელევიზორი ძველი- უკვე მდუმარე,
ამ ძარღვებს შორის ნაწყვეტები დაგდიან,
ასე ყინულის მსგავსი და თან მცხუნვარე.

ცას სითბოს მზერით ურკვევ- შენს ზომამდეა,
ცრემლებს გუშინაც იფარებდი სიცილად
და მათი ფიციც უკვე მეორადია
და ერთგულებაც სხვის მკლავებში იციან..

*****
მტრედებს ნამცეცებს- სიყვარულის აღარ უყრიან,
ღმერთისთვის პური დაილია მისაწოდებლად,
ადამის მოდგმის- დღეს გონება დაძალულია,
ხან მსურს ძირს ჯდომა საუკუნოდ, მინდა გოდება..
არავის არ აქვს გარანტია, რომ ისევ მოვა,
ბუნტისთავ ქარებს დაუწყიათ როკვა ქაჯივით,
შეხედვის ნაცვლად- თვალებიდან
მოვისმენ თოვას
და სიყვარულშიც უსაფუძვლოდ რომ ვართ დასჯილნი,
ასე ცხადია, დედამიწის მიღმა ვხევდები,
გამოდი, სადმე მიპოვე და ასგზის ნუ მტოვებ
და რადგან ჩემში წლები დუმილს მიაღელვებენ,
შენ ისაუბრო ჩემ მაგივრად იქნებ- თუ გთხოვე..
როგორმე ზურგით გადავზიდავ ამდენ კამათებს,
ახლა მიწამე, თორემ ვეღარ განვმეორდები,
მე ლექსებს ვწერ და შენს არყოფნას ასე ვამართლებ,
ვასრულებ წერას და ხელებით ასე გშორდები.

*****
ამოაბიჯე ჩემი გულის აკლდამებიდან, 
ორივე ფილტვის ექოდან და ჩემი სულიდან, 
ახლა სიშორით შენიღბული ვარ და მე მინდა, 
შენი თვალების ოკეანე შევისურვილო. 
რომ ეს თვალები იცოდე, რომ ბარათებია 
და ყველა ნამწვავს მოვაგორებ ფურცლის ნავებით, 
ცხოვრება აღარ იცხოვრება გამართლებიდან 
და არც ცდილობენ შენს შესრუტვას ურჩი მკლავები.  
ამოაბიჯე ჩემი გულის წკვარამებიდან, 
ყველა სიმბოლოდ, უსაშველო აბლაბუდებად,  
რომ ამოვტუმბო ჩემი გული დაღამებიდან, 
თუმცა, სხეული უსახელო აღარ ბრუნდება..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი