ადრეა გვიან
***** ურთიერთობები მთავრდებიან, ურთიერთობები იცვლებიან, ურთიერთობები გვარდებიან, ურთიერთობები იხრებიან, როგორც ხეები და მძიმე წყლები, მერე ხმებიან და ფუვდებიან, ურთიერთობები სკდებიან და ურთიერთობები ბრუნდებიან. შენ კი კვლავ კითხვები გახატია, თვალებს ხალებიანს ცისკენ იწვდი, იქნებ სიყვარული სახადია? ზოგჯერ კუზე სწრაფად წინ ვერ მიდის.. მკითხავ, სიყვარული მოვა როდის? წყდება დასაწყისი დასასრულზე, ხელის ზურგს დახვდება შენი ხელი, ჩემთან მოლოდინიც აღარ მოდის, მაგრამ, გიპასუხებ ბედნიერი: მოვა ალბათ, გვიან გაზაფხულზე.. **** სულში ნაწილებად ჩამსხვრეული ვცდილობ, მოვიგლიჯო ბოლო ფიქრი, მოდის მონატრების ასეული, ჯარი შეგრძნებების, დროდ რომ მიქრის. მაინც არ ყოფილა ფასეული, სულით კოცნის ზოგი გაელვება, აკრავს ბინდი- გულის გარსს ეული, აჰა, მერამდენედ, დაბნელდება.. მხოლოდ მარტოობის კედლებია, თავად სიყვარულზე უფრო მყარი, ღმერთი დაცოტავდა ვედრებიდან, ალბათ სიყვარული სულ გითხარი. ***** ადრეა გვიან, ხან დარჩენაც სულ წასვლას უდრის, ათასი კადრი მეორდება და ისევ გელი, ვამჩნევ თანდათან, მიმოფანტულ უამრავ მუნდირს, ვარ ძველებურად ძვირფასი და არც ისე ძველი.. არც ისე მშვიდი, სამოვარის ამოდის სითბო, ჩემი სუნთქვიდან და თითებში გახშირდა ფეთქვა და ჩემი ყოფნაც ხმაურია სამოვრის თითქოს, ყველა ნაბიჯი წვიმის მსგავსად წამშლია ფეხთან..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი