ასე მშვენიერ, უკვდავ ჩიტუნას


სიკვდილზე ყოველთვის იმარჯვებს ხელახალი სიცოცხლე. 
დროზე-პოეზია და ყოველ გაწყვეტილ რითმაშიც ახლის დასაწყისია.
ეძღვნება ყველაზე მშვენიერ მხატვარ ქალს.. 
ჩემთან ყოფნისთვის ბოლო წამამდე მებრძოლ, უდროოდ გაფრენილ სამოთხის ჩიტს- ქეთი ასათიანს. როცა დღეებს სათვალავი ერევათ და ერთ დროს სიცილით ავსებულ სახლში- მარტო გამოკეტილი რჩები, მხოლოდ პოეზია და ხატვაა გამოსავალი.  
ხეც, ქუჩაც, სახლიც, ადამიანებიც, ისეთები არიან.. თითქოს სულ არაფერი მომხდარა. უცვლელნი. საკუთარ თავთან კი არა, საკუთარ ტრაგედიაშია მარტო, ყოველთვის, ადამიანი.
ყოველთვის მინდოდა გმირობა. წარმომედგინა, რომ გმირები იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუდამ იმარჯვებდნენ. იმ დროს არ მახსენდებოდნენ ადამიანები, რომლებიც დიდი მარცხის შემდეგ წამოდგნენ ფეხზე, ან დიდი ბრძოლის შემდეგ გაჩერდნენ და უმოქმედობისგან არ მოკვდნენ. და ერთ დღესაც, აღმოვჩნდი გმირი, საკუთარ ტრაგედიაში.

ახალი ლექსები
-------
რომ ამ სხეულში დროებით ვართ გამოკეტილნი,
ხან გვავიწყდება, ზოგჯერ, როგორც ლოცვა ძილის წინ,
მე ახლა ის ვარ, ამ სამყაროს სარგო წერტილი,
ვინც აღიარა ყველა ცოდვა ღმერთის პირისპირ.
მახსოვს, იდექი, კითხულობდი მშობლის ლოცვებს და
მე გავდიოდი ჩუმად, თითქოს არ მოგისწარი,
დავრჩი ჩემს მიერ შენთვის მოძღვნილ, ფიქრის კოცნებთან,
მსურდა მუდმივად ყოფილიყო, რაც მოგიარე.
შევუვსოთ ბზარებს სასმისები, იყვნენ ალავერდს,
დღეთა სწორია უმართავი სტალაქტიდები,
ჩემს თვალის კუთხეს კი ნატვრები ისევ ღარავენ,
ვერ დავეწიე მიწის იქით, ცას, გაკიდებით.
ვხედავდი, მიმხმარ ცრემლს, გარდაცვლილ თვალის კუთხეში,
ყვითელი ფერი მას დაკრავდა, თითქოს იყო მზე,
სიკვდილი იყო საბრალო და მაინც უხეში,
მე გავეფინე პირველ თოვლის სითბოდ ჭილობზე.
სურდათ დუმილით განშორება ცისფერ ყვავილებს,
სულში შეპარულ თეთრ ვერცხლს ყვითლად მზე მოგირთავდა,
შევუკვეთავდი ზღვა ყვავილებს ცის მეყვავილეს
და ჩემს სახელზე, მშვენიერო, შენ მოგიტანდა.


-------
მტვერს ვინ აჩუქა უკვდავება არ ვიცი, მაგრამ.. 
როცა გახედავ სინათლეზე, ყოველთვის არის,
ის შეიძლება თან საკუთარ განიცდის ნაგრამს,
მას შეიძლება უჩნდებოდეს მომენტში ბზარი.

ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას თან ახლავს სული,
ყოველი დღეა უსაზღვრო და თან ერთი წამი,
ყოველი გრძნობა დამშრალი და თან ზღვარგასული
და მაინც, უფრო საცნობია, რაც ვერ იცანი.
უსასრულოა, არმოსული სიზმრების კიდე,
ან როცა წყეულ მახსოვრობას სიზმრით ამართლებ,
მე შემიძლია უხმო დღეებს ურნაში ვყრიდე
და გავატანო მეეზოვეს, დილის საათებს.
ყოველი ხარკი თან გულისხმობს ზოგჯერ ხარაკირს
და ქვევით ზეცას- , ზევით- მიწას, ცოტა თუ ამჩნევს.
ეს ცხოვრება კი- მოძრაობა მოკლე ჰამაკის,
ხელშეუხებელს 
ბოლოს მაინც
მოპარულს არჩევს.
დგახარ, მიუვალ მისამართზე,
ხარ ფარატინა
და რაც გატყვია, ვეღარავინ შეძლებს რომ კითხვას,
შენ შეიძლება უკვდავი მტვრის ანდამატი ხარ,
რომელიც ყოველდღე, უჩუმრად ხელებს მოგირთავს.

-----
გაუსაძლისი სიცივეა უშენოდ, დედა. 
ვეღარც მზის გულზე, 
ვეღარც ღმერთის ხელებში ვთბები,
ახლა გავიგე უდედობის სიმწარის სევდა,
ეგოისტურად დავიტოვე მე შენი თმები..
ვის დავეკითხო, 
როცა რამის გადაჭრა მიჭირს,
ვის გავუშალო სული- 
როგორც ჭრელი ფარდაგი?
ვისწავლი ალბათ დედაჩემო თანდათან სიცილს,
ვცდილობ, წამით არ დამავიწყდეს შენი ამაგი.
შენს ვარდივით გულს ახლა სძინავს სამარხში დედა,
როგორც ალისფერ სიჩუმეში- ხეებს დატოტვილთ,
სხვა არაფერი, მხოლოდ ეგ ხმა დამამშვიდებდა,
სხვა არაფერი- თითქოს ვრჩები მზეზე- ნაფოტი.
სხვა არაფერი, მხოლოდ შენი სუნთქვა დამძრავდა,
მხოლოდ მაგ ტკბილი ლოყის თავის თბილად დაკოცვნა,
მთელი სამყარო ამომიჯდა, სულთან გამწარდა,
ჩემივე თავის უცნაურად მინდა გამოცვლა..
ცივა, ცის კიდის უსაშველო სინათლის ჭდემდე,
მძინავს და მღვიძავს ჩვენს ოთახში, ყვითელ შუქში და
დაბადებიდან თუ აქამდე მიყვარდი მზემდე,
გადავცდი.... გრძნობას ცად გაფრენას ღამე უშლიდა.

----
შენს საფლავზე რომ ფანტელი მოვა,
იმის სხეულში მამყოფა ნეტავ,
შენს მოსაძებნად გავყვები თოვას,
შენს საპოვნელად წამოვალ დედა
და აღმოგაჩენ კვლავ ჭდეში- გულის,
ჩემივე ნიჭი გამომადგება,
რომ ვიცნო ხალხი კვლავ- შენიღბული,
ვარდ-ყვავილებით წამოვალ, დედა..
მე სულ მჯეროდა, რომ უფრო ისმის, 
ღმერთისკენ, ლოცვა- თქმული საფლავთან,
თუ ტკივილს ვუძლებ, შენი გულისთვის,
თუმცა, დავდივარ უმისამართოდ..
შენ თუ გაუგებ სამოთხის ჩიტებს,
აქაც, ჟღურტულში ყვებოდი, გახსოვს? 
მე შენთან ყოფნის გამოვცდი კიდეს,
ეს შეიძლება ვერც მოვისაზრო.
რომ უშენობა მე მომისაჯეს,
ჩამოხრჩობაზე მძიმე სასჯელად,
რომ, ჩემს ცხოვრებას ძველ მოტივს ვაძლევ,
რომ, სული უხმო ხმით მეხარჯება.
შენს საფლავს თოვლი ათასჯერ მორთავს,
ტირილსაც მორთავს იმ ქვაზე წვიმა,
ზედ რომ ლექსია, იტიროს რომ ქვამ,
მე საკუთარი სიქვავე მწყინდა.
მე მოვალ შენთან
და სულ ვარ შენთან,
ყველა ნაბიჯით, სუნთქვით და თრთოლვით,
დრო რას გააწყობს ზრდასრულ ბავშვებთან,
მე და შენ რომ ვართ, გულთბილად თოვლი
წამოვა, მაგრამ მოსვლას დამასწრებს,
როგორც ის წვიმა, სულ რომ დაგკოცნის,
ჩემს გულს შენს უკვდავ ხსოვნას დავაწერ,
ლექსით ვეცდები სულს რომ გამოვცდე.

---
იასამნებში სიჩუმე ყრია
და ამ სიჩუმეს მობეზრდა თავი,
რაღაც ისეთი ვისურვე გვიან,
გზად მე საძირკვლად რომ ვერ ჩავყარე.
სხეულში გონის გაიხსნა სივრცე,
არავის უყვარს ფეთქვის მოსმენა,
მარტივ მამრავლად არ მინდა ვიქცე,
ჩემივე თვალში, ვერ მღლის მოთმენა.
მიწის ანარეკლს ღალატობს ფერფლი,
მძულს მიწა, მთელი არსებით, მუდამ,
რადგან ყოველთვის მეცლება ფერხთით,
მაშინ როდესაც მყარად სვლა მსურდა.
ვუმზერ მიმავალ ღრუბლებს, გალანტურს
და დიადემა მოირგო ზეცამ,
ვიღაც კვლავ იბრძვის, ვიღაც ღალატობს,
ვიღაც ჭორაობს თუ ვის რა ეცვა.
და მე, გრძნობების გორგალი, ვლღვები,
ვენები თოვლის ქარცეცხლში წვანან,
მე ვგრძნობ, ვაჯობე დროს, გარინდებით,
ამაზე მეტი შემეძლო განა?
ვხსნი სიყვარულის ერთადერთ ფარდულს,
იქ კი გათლილი ყრია მორები-
ანუ გადაყვა ეს გული მავთულს,
დაჩეხეს მისი მიდამოები.
იასამნების გულებში ყრია,
სულ ფარატინა, თეთრი სიჩუმე,
ვუყურებ, მტკივა, სულს ვერ იტყვიან,
ვერც ერთი სევდა ვერ მივიჩუმე.
ქრები.. ამ ფოთლებს გზად მიჰყავთ თავი
და მე მივყვები, ისე ვაცილებ,
თითქოს ბოლო გზა მარტივი არის,
გხედავ, ცდილობ რომ მზისკენ დაცვივდე.
მომაკვდინებელ სიჩუმის ხმაში,
თითო ტაეპი არის რვა ტყვია,
ჩუმი, სხეულში ცის ქუხილს გავშლი,
მე გარდასული ქარი მატყვია.
და ის მიანებს ისევ, ნატყვიარს...

---
ჩემივე თავში, როგორც კუბოში,
ვწვები და მიწას მაყრის არავინ,
გულის ხმის შიგნით, ოღონდ უფრო შინ,
მყავხარ, ეგ თმები დამიფარავენ.
რაღაც რომ მორჩა, მიხვდა ვერავინ,
რამდენად მძიმედ მოძრაობს იგი,
წვიმას სხეულში ხმით დაფერავენ,
დღეც გათენდება ხოდა მორიგი
და თვალს რომ ვახელ, იგივე ხდება,
არაფერია, რაც ქვეყნად დამრჩა,
ყველა კივილი იქ ილექება,
სადაც სიჩუმე არ რჩება ლაჩრად.
ხან არც ერთ თხოვნას აღარ აქვს ფასი,
მიტოვებული ახლა ბავშვი ვარ,
ამაოების დამთავრდა თასი,
სიცოცხლემ სულზე გამაწნა სილა.
ვწვები, მარტო ვარ გულის სამარხში,
ვინ ამომათრევს? ჯერ ხომ თბილი ვარ,
მოსაძებნი ვარ რთულ მისამართზე,
მაგრამ სიცოცხლის მე მოტივი ვარ.
მე ის გამქრალი ვარ მელოდია, 
რომ გენატრება და სულ რომ გახსოვს,
ამაყი გული- ლანსელოტია
და ყველა უღირსს მის ტანში ახშობს.

--
დღეს მოძრაობას გაუჩნდა ბზარი, 
ხვალ იქნებ ლექსებს მოსტყდეთ თითები,
ჩაბზარულია, რაც უცბად არის,
ჩემივე დღეებს მოვერითმები.
და გასდის ყავლი ყველა ნუგეშსაც,
გაფუჭდა ქარი, თავში ჩამემსხვრა,
სულის მონგრეულ ვხედავ ბუდესაც,
არ დავაპირე თავი გამეშვა.
და ახლა ისე, როგორც ზღვის კალთის,
უკანასკნელი ნავი, ვტივტივებ,
ოჰ, რომ იცოდე როგორ მიყვარდი,
თავს მივცემ ნებას, კარგი, იტირე..
მონატრებას ჰგავს ფარდის მუცელი,
ხან იბერება, ხან იჩუტება,
მე ჩემს ლექსებად დავიფურცლები,
მე ყველა ღელვა დამიბრუნდება.
ეს სიყვარულიც ზურგის ქარია,
თავი ყველა დროს გადავაცილე
და არც კი ვიცი, თუ მიხარია,
სუნთქვა სულს რომ აქვს კვლავ დავარცხნილი.
დღეს მოძრაობას გაუჩნდა ბზარი
არ დაიშალოს, როგორც კედლები,
ვგავარ ყველაფერს, რაც სულ სხვა არის,
ვგავარ სიჩუმეს- ბოლო ვედრების.

--
ზოგჯერ სამყარო უგზო-უკვლოდ დაიწყებს სიცილს,
დაგივლის დენად ძვლებიდან და ცაც გაბაცდება,
მე კი ვამბობ, რომ ყველაფერი ლამაზი ვიცი.
დამშვიდობებაც, დაბრუნებაც და დამარცხებაც.
რომ შემძლებოდა ამ წვიმისგან ცას დავიცავდი,
რაც არ მჯეროდა იმასაც რომ დავიჯერებდი,
მე კი ვამბობ, რომ არაფერი არ არის წამი,
რომელიც სიკვდილს ეგებება გაშლილ ხელებში.
წლებს შესჭკნობიათ თმაზე სითბო ფერადი ვერცხლის,
სხვა დროში მომხდარ გარდასულ წლებს მე ვწერ მაშინდელს,
მე კი ვამბობ, რომ: მორჩა, ახლა ვერავინ შემცვლის,
აღსრულდა, ახლა ვეღარავინ ვერ შემაშინებს.
ახლაც ასეა, ზოგჯერ მაინც ვენდობი წყეულს
და ჩემი გული ატკიებულ
მზისფერ სამარხს ჰგავს,
მე კი ვამბობ, რომ თუ კი კარგავ შენ მშობლის სხეულს,
სიკვდილი მის სულს რომ ვერ გართმევს, ისევ დამარცხდა.
გაფანტავ ღრუბლებს ერთ დღეს, ვიცი, შენს მზეს რომ ერთვის,
იგრძნობ სიხარულს მარადიულს, ნანატრი წამის,
მე კი ვამბობ, რომ შეუძლებელს შეძლებ ყოველთვის,
თუ სიყვარულის შენში არის ათასი გრამი.
ზოგჯერ ფოთლები თავს საკუთარ ამბავში ცვლიან,
და ცისფერი ცა ხან ღმერთისკენ ცისფრად არ მოსჩანს,
მე კი ვამბობ, რომ არაფერი არ არის გვიან,
სწრაფად აკეთე მხოლოდ, ის რაც დიდხანს გამოგრჩა.
მზის მსგავს თითებზე უცებ ასე ჩაგკიდებ ერთ ხელს
და ერთიანად შეივსება, რაც მელოდები,
მე კი ვამბობ, რომ
თუ მიყვარხარ, ეს ხდება ერთხელ
და არ არსებობს სიყვარული განმეორებით.

მარტო მიმავალს კვლავ დამაყრის ქალაქი სიცილს
და ყველა ქუჩა, ხელგაკრული, კვლავ გაბაცდება,
მე კი ვიტყვი, რომ
ყველაფერი ლამაზი ვიცი,
დამშვიდობებაც, დაბრუნებაც და დამარცხებაც.

-
სამყარო- დიდი არაფერი,
შენ უფრო დიდი მგონიხარ,
დრომ დამისერა სამართებლით,
გული, სული და გონება.
ვისაც აქამდე ვამართლებდი,
ახლა ისიც კი ბაცია,
შენ ჩემს ცხოვრებას ანათებდი,
ცხოვრებას, რომ არ გვაცდიან.
განა ვერ ვხედავ, დირეს არა,
ჩემს თვალშიც ბევრი ბეწვია,
შენს მონატრებას სიზმრებს ვპარავ,
ჩემო პატარა მზეწვია.

ნეტავ როგორი იქნებოდა მოხუცი დედა. თუმცა.. მას არ სურდა სიბერე..
იქ, სადაც სიყვარულია, წერტილი არასდროს დაისმება.........

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი