კუ და გომბეშო (იგავი ეზოპედამ)


ნინო დარბაისელი

კუ და გომბეშო
(ეზოპედამ)

ტყისპირას  - მწვანე ჭაობი,
 ჭაობში - კუ და გომბეშო,
ირგვლივ -  სულ  შმორი და ობი,
ჭაობში - ხავსი  და ნეშო.

ერთ დილას კუმ დაიჟინა,
- მომწყინდა შენი ყიყინი,
მეც მინდა,  დავცე  ყიჟინა,
ან იქნებ მინდა ღიღინი!
   
აქაურობა ჩემია,
წადი, ადგილი ნახეო.
წინაპარს  აურჩევია,
ირგვლივ რა გვიმრა, რა ხეო!

შევცდი? -მოგიშვი თავიდან, 
უმწეო, ბედის ნათრევი.
მას მერე ხანი გავიდა,
დღეს ჩემსას რად მემართლები?

- რა სისულელეს ყუყუნებ,
ხარ   კისერმობრეცილია.
 რასაც კი   ირგვლივ უყურებ, 
ჩემი სამეფო წილია.

ცაში - სავსეა მნათობი, 
ცაა ოქროსფერნაყოფა.
ვჩუქნი  სუყველას ათობით,
ღმერთმა გულუხვი მამყოფა.

ყველას ყველაფერს ვპირდები,
საბოძვარს   გავცემ  უხვადო.
შენ მე რით  ამიხირდები, 
სხვებს - ვალი უნდა  უხადო!

ყიყინებს, ნახეთ, რა ცაა!
მოდით,  მიიღეთ წილიო,
თორემ დაგხვდებათ,  საცაა
ბაქანი დალეწილიო?

ხმაზე მოჯარდა მრავალი, 
ლხინი შეიქნა საერთო,
მიწაში -  ქვეწარმავალი,
ცაში - ფრინველი  გაერთო.

გომბეშო - უყვართ  ცხოველებს, 
კუს დიდი ჭირი დამართა.
კუ მიდის,  მისდევს გზა-ველებს.
მარტო დაეძებს  სამართალს!

1. მორალი

შენვე დაგღუპავს ეგ ნება,
არვის ედაო, ეცადე,
აღარც ჭაობი  გექნება,
სხვა თუ ხმას აწვდენს  ზეცამდე!

2. მორალი

არ გჭირდება   რეალობა,
არც ტბა - ოქროსნაპირება!
 ეჩვენება ხალხს  გალობად
თუნდ ყიყინით  - დაპირება.

3. მორალი

საქმეს   მოგებით როგორ წარმართავს, 
ვინც კუს ნაბიჯით ეძებს  სამართალს?

4. მორალი

ცაში ვარსკვლავი გაჩუქე, რა ხეირია, რა რგება! - 
- არც მოგეცემა არასდროს, არც სადმე დაგეკარგება.


5. მორალი

რაც არ მოაქვს, სულ თან მიაქვს,
ეჩემება ქვა და ძელი.
გეძალება, როგორც თრიაქს
თუკი ჩუმად გაუძელი,
 მისცემია ერთ ფორიაქს
სტუმარი და მასპინძელი
ყველას - თავის ადგილი აქვს - 
ეს სიბრძნეა ძველის ძველი.


6. მორალი - მოიფიქროს მკითხველმა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი