რაკუნის ამბავი


ნდს

რაკუნის  იგავი

რაკუნმა სორო გათხარა,  ახარა რაკუნიკოებს,
სახლი გვექნება ახალი, ბლომად მოვზიდავთ იქ რკოებს.
არ მოგვაკლდება საჭმელი, სხვაც ბევრი მეგულებაო,
თქვენთვის - სამყაროს მოვზიდავ,
ჩემი რომ იყოს ნებაო.
ბალახის საკრეჭ მანქანას ვერ გადაურჩა ის  ბინა,
გამწარდა მამა რაკუნი, მთლად ეზო შემოირბინა:
მოგვეშველეთო, არიქა, სამყაროს აღსასრულია!
ხიდან - ციყვი და კოდალა გულგრილად დახვდნენ სრულიად.
რაღა გზა დარჩა,
დაიწყო თხრა სულ ახალი ხვრელისა.
შვილებზე ზრუნვა - წესად აქვს, გამოვლა განსაცდელისა.
სხვადასხვა არის სადარდი მფრინავის და მძრომელისა,
ტოტზე მჯდომს - სულ არ ადარდებს,
მიწის ქვეშ  - ვის რა ელისა,
ომიც რომ იყოს, ამბავი პალესტინ - ისრაელისა!

მორალი:
1. ზოგს თავის სოროს დანგრევა -
ქვეყნის დაქცევა ჰგონია,
შენი პირადი წუხილი -
. სხვისთვის - სულ მონაგონია.

2. თუ რაკუნად დაიბადე,  სულ მიწისქვეშ უნდა თხარო,
ხეზე მჯდომი რას გიშველის, რომც აყვედრო, მანდ რად ხარო!

3. ერთ სოროში ნუ შეზიდავ, ზოგი  - გქონდეს ახლო- მახლო,
ვერ ერევი? ძლიერს ეტყვი? - არ გაბედო, ხელი მახლო,
ნუ გგონია ის გიშველის, ვინმე ძლიერს დაემძახლო,
სოროს -  ვინმე გადაუვლის
მთლად ლომიც რომ შეისახლო!

4.  რაკუნობაზე ციყვობა  - ათასჯერ უკეთესია,
შენ ეგ გერგუნა, რას იზამ, თუ ღვარძლი უკვე თესია.

დანარჩენი  - თქვენ განაგრძეთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი