მხიარული ონომატოპეა


#ლექსები

ეს დღეები ძალიან დაძაბული ვართ ყველანი, ცოტა გავერთოთ, თორემ დავიხოცებით!

ნინო დარბაისელი

მხიარული ონომატოპეა

დაიძახა ცხვარმა: - მეეეო,
რაო, ფარას მოუხმეო?!

მამალმა თქვა:-  ყიყლიყოო,
დედლის დევნამ რა მიყოო.

ბატმა დაიყიყინაო:
- გუბე რად გაიყინაო?

დაიძახა ყვავმა ყვა-ყვა!
მთელი საყვავეთი აყვა.

ფიჩხმა გაიტკაცუნა,
გამოვარდა კაცუნა.

გამოვარდა კაცუნა -
პირი გააცმაცუნა,

გავექეცი ტყაპატყუპით, 
ვირის წიხლი მომხვდა ტყუპი,

საიდანღაც ხარხარით
დამეწია ხარ.. ხარი,

- ნუ გაგისკდა გუ… გული -
- აგუგულდა გუგული,

შორით დაიჭრიჭინა
კოკროჭინა ჭრიჭინამ.

შემეშინდა რაკ.. რაკი,
რუმ დაიწყო რაკრაკი,

რანაირი ჩურჩულია,-
გული გამოჩურჩულია?

ღრუბლებია ცაში რუხი,
ისმის მეხის რახარუხი.

ეს რა მჭახე  ჭახანია,
არ მსმენია, რა ხანია.

სიზმრეულ  ნარაკუნევს,
ვტოვებ, დამიკაკუნეს!

უკვე  შაშვი ჭახჭახებს.
ცაზეც მზე მოჩახჩახებს!
…
დანარჩენი - თქვენ მოიფიქრეთ და მოუმატეთ!

- - - -

* ონომატოპეა -  მარტივად, ხმამიბაძვითი სიტყვები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი