წასვლა მოდისგან


ნინო დარბაისელი

წასვლა მოდისგან 
(ციკლიდან -ეტიუდები)

ასეთი რაღაცეები  დასავლურ ფემინურ პოეზიაში  სავსეა.  გამოტოვა ქართულმა პოეზიამ. თეთრი ლაქების ამოვსებაზე ვმუშაობ.

***
იგი წავიდა წუხელ. კართან დავუდე ბარგი,
არც გვტირია ერთად, არც გავიხსენეთ კარგი.

აზრი არაფერს ჰქონდა, ცუდიც არ გვითქვამს რამე,
ყოფა თავისას ითხოვს, ჩვენც ყოფას შევეხამეთ.

წასვლამდე ეს თქვა მხოლოდ “ნეტავ  ვიყოო ორი,
ერთი ცოლ-შვილში დარჩეს, მეორე -  შენთან. “სორრი!”

მეც  - ჩემი ჯაჭვი მედო, არც მე შემეძლო ახსნა.
რა საჭიროა ამ დროს ზედმეტობები, ახსნა!

და გავუღიმე მხოლოდ. მინდოდა ყოფნა - სამად,
რომ მყვარებოდა ყველა, ვინც ტრფობამ გააწამა,

მევლო მესამეს ქვეყნად, ყველგან, უმისამართოდ,
გულში ჩამეკრა მწარედ, სადაც ვინ იყო მარტო!

დაცარიელდა ყოფა, დაცარიელდა  ბინა.
გამოვიტირე  გულით. თვალს ცრემლი დამედინა.

რას ვემართლები ვინმეს, რაც მოხდა, თავმა მიყო.
რეალში  - კენტი,  ფიქრში  - თუნდ მილიონი იყო!

ახლა შევნიშნე მხოლოდ, რომ დარჩენია ,,მაგი”,
“მაგს”  ვინ დაეძებს ნეტა,  ფიქრი მაქვს მრავალმაგი!

უნდა დავეხსნა  დარდებს - პატარისა თუ დიდის,
წარსულს - წარსული დარჩეს, ხოლო  ცხოვრება  - მიდის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
მარი ბაიდოშვილილოჯისტი5 დღის წინ

მშვენიერია

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი