რა სახელს აფუჭებს!
ეს ჩემი ძველი მოგონება სადღაც ბეჭდურადაც იყო გამოქვეყნებული. “ფეისზეც” მედო და რასაკვირველია,ზედ ნინო დარბაისელი კი მეწერა, მაგრამ ჩემგან უავტოროდ ან ჩემს ნაცვლად - სხვისი სახელით გავრცელდა. როცა ვწერდი, არ ვიცოდი, რომ მამაგეიშვილი - ბატონი შოთას მშვილებელი ბიძის გვარი ყოფილა, ხოლო თავად ნიშნიანიძე - ნამდვილი გვარი დაიბრუნა გაზრდილმა. ეს ამიხსნა კრიტიკოსმა სოსო სიგუამ, მაგრამ ტექსტი უკვე ბეჭდურად იყო გამოქვეყნებული და თან ისე იყო მოდებული ინტერნეტში, წარმოუდგენელი იყო, რამე მეშველა. ნინო დარბაისელი მცირე მოგონება შოთა ნიშნიანიძეზე რა სახელს აფუჭებს! მისი ნამდვილი გვარი მამაგეიშვილია. სტუდენტობისას თურმე დიდი წესიერებით არ გამოირჩეოდა და ლექტორები ხშირად აძევებდნენ აუდიტორიიდან. იყო ასეთი პროფესორი, ტრიფონ რუხაძე, კარგი კაცი და პოეზიის დიდი მოყვარული, მაგრამ ყოველ ლექციას ისიც მამაგეიშვილის გარეთ გაგდებით იწყებდა და ერთი უწიგნური ვინმეც ეგონა, მის პოეტობას ხომ როგორ წარმოიდგენდა! ერთხელ ერთ რედაქციაში საგულდაგულოდ გამოწყობილ შოთას თავისი ლექსები აქვს მიტანილი და შემოდის ბატონი ტრიფონი. შოთა, რაღაც, ცუდის მოლოდინშია, მაგრამ არა! რედაქტორმა სტუმარს წარუდგინა უკვე ცნობილი ახალგაზრდა პოეტი შოთა ნიშნიანიძე და ორიოდე ლექსიც წააკითხა. უყურებს ბატონი ტრიფონი, უყურებს და ეუბნება: – ვერ წარმოიდგენთ, ბატონო შოთა, როგორ გავხართ ერთ ჩემს სტუდენტს, სახელიც რომ ერთი გქვიათ!.. არა, იმას როგორ შეგადრით, მაგრამ, ძალიან გავხართ, ძალიან. მეორე დღეს პროფესორი ლექციაზე შედის, ჩვეულებისამებრ, მამაგეიშვილს გარეთ აგდებს და დანანებით მიაყოლებს: – რა კაცს გავხარ, რომ იცოდე, რა კაცს … იმ დროიდან ასეთი ურთიერთობა დამყარდა: თუ ტრიფონ რუხაძე მწერალთა კავშირის ან რედაქციების სიახლოვეს დაინახავდა შოთას, (ეს ყველაფერი კი ძირითადად ლენინის მოედნის მიდამოებში იყო თავმოყრილი), “ბატონო შოთათი” მიმართავდა და პოეზიასა და ლიტერატურაზე ხანგრძლივად ესაუბრებოდა, აღფრთოვანებას გამოხატავდა მისი ლექსებით. მელიქიშვილიდან დაწყებული, ვაკის სტუდქალაქის მიდამოებამდე, უბრალოდ, სალამზე პასუხობდა. საქმე მაშინ რთულდებოდა, თუ რუსთაველზე ხვდებოდნენ: – რა ვქნა ახლა, რომელი ბრძანდებით, ბატონი შოთა ნიშნიანიძე თუ ის, მეორე … რა ქვია?… – ნიშნიანიძე გახლავართ, ბატონო ტრიფონ! – პასუხობდა პოეტი და დიდხანს საუბრობენ პოეზიასა და ლიტერატურაზე. თუ შოთას სადმე ეჩქარებოდა ან სასაუბროდ არ იყო განწყობილი, მოკლედ მიუგებდა: – მე ,,ის,, ვარ, ბატონო ტრიფონ, “მეორე”. პროფესორი თავს გულდაწყვეტით გაიქნევდა: – რა კაცს გავს და რა სახელს აფუჭებს! წაკითხული კი არა,გაგონილიც არ ექნება მისი ლექსები. საქმეა ახლა ეს? და გზას განაგრძობდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
ეს ჩემი ძველი მოგონება სადღაც ბეჭდურადაც იყო გამოქვეყნებული. “ფეისზეც” მედო და რასაკვირველია,ზედ ნინო დარბაისელი კი მეწერა, მაგრამ ჩემგან უავტოროდ ან ჩემს ნაცვლად - სხვისი სახელით გავრცელდა. როცა ვწერდი, არ ვიცოდი, რომ მამაგეიშვილი - ბატონი შოთას მშვილებელი ბიძის გვარი ყოფილა, ხოლო თავად ნიშნიანიძე - ნამდვილი გვარი დაიბრუნა გაზრდილმა. ეს ამიხსნა კრიტიკოსმა სოსო სიგუამ, მაგრამ ტექსტი უკვე ბეჭდურად იყო გამოქვეყნებული და თან ისე იყო მოდებული ინტერნეტში. წარმოუდგენელი იყო, რამე მეშველა.
როგორ მიყვარს შოთა ნიშნიანიძის პოეზია