ერთი ლექსის ორი თარგმანი - ა. ახმატოვა


მთარგმნელისაგან: მე არათუ საკუთარ ლექსებს ვერ ვცნობ და ვიხსენებ  დაწერიდან ცოტა ხანში, თარგმანებზეც იგივე მჭირს.
მაგალითად, ეს ლექსი ახმატოვასი თითქმის ათი წლის ინტერვალით,  ორჯერ მითარგმნია.
ორივე ვიპოვე.
ასეთ დროს ყოველთვის დგება ბუნებრივი კითხვა, რომელი გამომივიდა უკეთესად.
როცა ახალი თარგმნილი მაქვს რამე, სულ მგონია, იმაზე უკეთესად თარგმნა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის , წარმოუდგენელი იყო.
ახლა ვფიქრობ,  რომ პირველი ტექსტი, რომელიც შედარებით ახალია (2023) დედანთან უახლოესია, რიტმიკითაც, მაგრამ დაკარგული აქვს სიტყვა ,, მატარებელი”, ალბათ რელსი რომ დავწერე, ჩავთვალე, ისედაც გასაგებია- მეთქი. რაც შეეხება მეორე თარგმანს ანუ ძველს, ახმატოვას სტილის ,,რელსიდან აცდენილად” მეჩვენება. საზომიც დიდია, დაკარგული აქვს ორიგინალის სისხარტე და “ხალხურობა”, თანაც მეტისმეტად ვჭარბსიტყვაობ..
აგერაა ორივე - თქვენს სამსჯავროზე და როგორც ახმატოვა იტყოდა, ზოგს ის მოეწონება, ზოგს - ეს.


ანა ახმატოვა
ზოგი მისდევს სულ სწორ გზებს
***
ზოგი მისდევს  სულ სწორ  გზებს,
ზოგი ურტყამს მხოლოდ  წრეს
და მამისახლს  დაეძებს,
სჯერა,  სატრფოს მიუსწრებს.

მე კი ჭირი თან დამდევს,
რა სწორი და რა მრუდი,
როდემდე და  სადამდე,
რელსიდან  გადავბრუნდი.
1940
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

ანა ახმატოვა

***

ზოგი გზა-სავალებს ირჩევს პირდაპირებს,
ზოგი წრეზე დადის, თავთან მოუბარი
და შინ დაბრუნებას  ოდესღაც აპირებს
სჯერა,  დაუხვდება ძველი მეგობარი.
მე  კი  მივდივარ და  მდევს  უბედურება,
გზა მაქვს  გასავლელი    არც  მრუდი,  არც მართი,
არსაითობაა  და არასდროობა, 
როგორც მატარებლებს, მამტვრევს თავდაღმართი.

1940

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова - Один идет прямым путем…

Один идет прямым путем,
Другой идет по кругу
И ждет возврата в отчий дом,
Ждет прежнюю подругу.

А я иду - за мной беда,
Не прямо и не косо,
А в никуда и в никогда,
Как поезда с откоса

1940

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი