ეზოპე - მზის ქორწილი (ესსე და ჩემი მორალებიც ახლავს)


#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა

#ავდარიანა

ნინო დარბაისელი

მზის ქორწილი პირამიდებში

პაოლო იაშვილის ერთ- ერთი პირველი ლექსი “ დარიანული დღიურებიდან” - ,,პირამიდებში”, რომელიც ჟურნალ ,, ცისფერი ყანწების” პირველ ნომერში (1916) გამოქვეყნდა, ასე იწყება: 

იქ სადაც  დუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე.

მზის ქორწილი - მთვარესთან - ალქიმიაში მიიჩნევა უმაღლეს მიზნად,  ე.წ ფილოსოფიური ქვის შექმნის საწინდრად. რუს სიმბოლისტებში პოპულარული იყო  გამოთქმა-კონცეპტი  ,,სიტყვის ალქიმია”, რომელიც მ. კუზმინმა შემოიტანა, ხანაც ,,პოეტური ალქიმია”. ისინი მიიჩნევდნენ, რომ პოეტს ძალუძს,  სიტყვათა მეშვეობით შექმნას სასწაულებრივი  პოეტური შენადნობი, 
ვფიქრობ, “მზის ქორწილის”  ამ კონცეპტის შემოტანა ლექსის დასაწყისშივე, პაოლო იაშვილის, როგორც ავტორის ინტენციის მანიფესტირებაა.

დღეს ეზოპეს იგავის  ორი თარგმანი დავდე, ერთი რუსულიდან, ერთი  - ინგლისურიდან. 

ეზოპე თავის იგავში არ ამბობს, თუ ვის ირთავს მზე. მაგრამ იგულისხმება, რომ  მისი ცალი - მთვარეა.
ქართულ პოეტურ ტრადიციაში - მზე მდედრიც შეიძლება იყოს და მამრიც. 
ეზოპესთან - მამრია. ქორწინების დრო - უცხელესი ზაფხულია. მე როგორც ვიცი, ეს ხდება მაშინ, როცა მზე - ლომის თანავარსვლავედში შედის, თუმცა ჩემი ცოდნა ზედაპირულია…
ყოველ შემთხვევაში ,, მზის ქორწილი” არის არა რაიმე, ინდივიდუალური მეტაფორა, პოეტური სინტაგმა, არამედ უძველესი მისტიკური კონცეპტი. 
   ეს იგავი მუდამ პოპულარული იყო რუსეთშიც. გასული საუკუნის დასაწყისში (1912 წელს გამოიცა)მასზე დაყრდნობით  ლექსების ციკლი შექმნა პ. სალავიოვმა, სალავიოვის ეს წიგნი ,, მზის ქორწილი და გაზაფხული” კი საფუძვლად დაედო  ამავე სახელწოდების თანამედროვე რუსულ მუსიკალურ წარმოდგენას. 

ეზოპე

მზის ქორწილი

იყო და არა იყო რა,  ცხელი ზაფხული დადგა.
 სუყველამ უნდა ვიხაროთ,  მზის ქორწილია რადგან - 
ამბობდნენ ტყეში ნადირნი, ჟღერდა ფრინველთა ჰანგი,
ჭაობში იდგა ყიყინი… რა გახარებთო, ან კი,
- გაკვირვებული გომბეშო არ ერეოდა ლხინში - 
ნუთუ არავის არა აქვს თქვენში მომავლის შიში?
საქმე სალხინოდ კი არა, სატირლად გვექცა ახლა,
ერთმა მზემ ისე გვაცხუნა, ჭაობი დაშრა, გახმა.
 ქორწილის მერე თუ მისცა თავი ვნებასა თუ ჟინს,
თავისნაირებს დააჩენს შვილებს ნახევარ დუჟინს.

ნინოს მორალი:

რად ვერ  ჭვრეტენო მომავალს, რა ახარებთო ასე?
ყველა ლხინშია, ვინც ფიქრობს სხვებზე,   ეჭვებით სავსე.

(ინგლისურიდან გადმოაქართულა ნინო დარბაისელმა)

მზის ქორწილი

(ეზოპედამ)

მზის ქორწილია. ცხელ ზაფხულში თხოვდება  იგი.
შემოჯარულა მოსალოცად წვეულთა რიგი.
ისმის გუბიდან ბედნიერი ხმა, სანუგეშო,
მაგრამ ყიყინში არ ერევა ერთი გომბეშო.
რა გვემღერება, ის დროაო,  ცრემლები ვღვაროთ,
კი არ ვიხაროთ,  ეს ცხოვრება გადავიყვაროთ!
გათხოვებამდეც მხურვალებით  გვიშრობდა გუბეთ,
ახლა კი მისი გათხოვებით მთლად დავიღუპეთ!
 რაღა ვქნათ მერე,  ძეც რომ შობოს თავისნაირი, 
ორი მზით - ხომ სულ ამოვწყდებით! - 
წამიხდა ნირი -
ვერ გამიგია ამ ხალხისა! - რად უხარია,
ასე ძალიან ის, რაც მისთვის საწუხარია!

ნინოს მორალი: 
ბედნიერ ლხინშიც მუდამ არის ვინმე ისეთი,
უბედურებას მერმისისას რომ გრძნობს  ის ერთი!

(რუსულიდან გადმოაქართულა ნინო დარბაისელმა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი