ემილი დიკინსონი - ყოველდღიურად (1452)
#თარგმანები
მთარგმნელისაგან:
წარმოიდგინეთ წლების მანძილზე ლოგინად ჩავარდნილი დედის ყოველდღიური მოვლით ქანცგაწყვეტილი ემილი დიკინსონი, მომენტს რომ მოიხელთებს, კაბისშიდა, თეთრ ჩასაცმელზე საგანგებოდ დაკერებული დიდი ჯიბიდან გალეულ ფანქარს და ფურცელს რომ ამოიღებს და უცებ რაღაცას ჩაიწერს, იმ იმედით, რომ როცა დრო ექნება, დაჯდება და ადამიანურად დაამუშავებს ლექსად.
მაგრამ ეს დრო არ მიეცემა და ერთ, ნაჩვევ კუთხეში სხვა ნაწერებთან ერთად იმ ფურცელსაც შეაგდებს იმ იმედით, რომ მისი წასვლის მერე მასსავით გაუთხოვარი დაი - ვინი (ლავინია), როგორც შეიპირა, ყველაფერს გაანადგურებს.
რა ბედნიერებაა, რომ ზოგჯერ ადამიანები ანდერძის სიწმინდეს არღვევენ!
რამდენი რამ გადაურჩა ხელოვნებას ამისი წყალობით.
რას იფიქრებდა კაფანდარა ქალი, რომ გამოხდებოდა ხანი და მის ჩანაწერს მთელი თეორია დაეფუძნებოდა. ეს სიტყვები კი გაუკვდავდებოდა.
ვგულისხმობ გამოკვლევებს ადამიანის ტვინში მიმდინარე იდეაციისა და შემდგომ იდეის - ვერბალიზაციის მექანიზმის შესახებ, თანამედროვე მედიცინას რომ არაერთი საშუალება მისცა, მაგალითად, ბავშვებსა და მოზარდებში მეტყველების დარღვევათა რაღაც ნაწილის სამკურნალოდ
ჩემი მხრით, დავძენდი:
იმის მიუხედავად, რომ ადამიანის ტვინის შესწავლას ამდენი გამოკვლევა ეძღვნება, (არ ვსაუბრობ გონებაზე, მაგას სხვა გონება სჭირდება!) მისი, ასე დაახლოებით, ერთი პროცენტია გამოკვლეული და რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ იგი ნამდვილად არსებობს.
ნამდვილად არსებობს დღემდე აუხსნელი პრობლემებიანად.
არაა საოცრება, ასე როგორ ჩასწვდა მის ერთ მექანიზმს ემილი?
ეს - თარგმანი მხატვრულობით ნაკლებად მომხიბლავია. ვეცადე, მაქსიმალურად გადმომეტანა აზრი, თორემ რა უნდოდა ამ მცირე ლექსის ქართულად მოპირკეთებას!
ცოტა რიტმს შევავლე ხელი.
აქ ერთადერთი შედარება გვაქვს. შედარება ზიარებასთან - ორმხრივად მუშაობს.
ერთი გაგებით - ესაა ქრისტიანული ზიარება, რომელიც სხვადასხვა კონფესიაში სხვადასხვა სიხშირით ხდება, მაცხოვრის დანაბარების თანახმად, ხოლო
მეორე მნიშვნელობა - გარდაუვალი აზრობრივი თანამო- ზიარე- ობაა.
მართლაც, როგორ გინდა შენს რაიმე აზრს, იდეას რამე გაუგო, ვიდრე სიტყვად არ გიქცევია, ცდაში ვერ მოგიხელთებია.
გადააქცევ და რა!
აქ არ შემიძლია არ მომესმას ჩემი დიდი მასწავლებლის რეზო სირაძის ხმა, არ დავინახო ზემოთ აღმართული მისი ხელის მტევანი ტიუტჩევის “მდუმარებიდან” ამ სტრიქონის წარმოთქმისას
«Мысль изрече́нная есть ложь...»
ამ ლექსის ჩემეულ ქართულ თარგმანს იცნობთ, გვედო აქ . თუ არ გახსოვთ, ამ ლინკზეა:
https://poetry.ge/pages/nino-darbaiseli-stroni/translation/10d-fiodor-tiutchevi-misi-eqvsi-targmani-damidia-ertad-feisze)
ემილი დიკინსონი
1452
ყოველდღიურად
***
ყოველდღიურად ფიქრებს სიტყვად ვერ გადააქცევ.
ერთხელ მოდიან
ეზოთერული ყლუპის ნიშნად
საზიარებო ღვინოსავით.
მისი მოსმისას გემო ისე ბუნებრივია
ისე ადვილი, არსებული,
არ შეგწევს ძალი, შეიმეცნო ფასი მისი
ანდა მისი იშვიათობა.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Emily Dickinson – Your thoughts don't have words every day (1452)
Your thoughts don't have words every day
They come a single time
Like signal esoteric sips
Of the communion Wine
Which while you taste so native seems
So easy so to be
You cannot comprehend its price
Nor its infrequency
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი