რაინერ მარია რილკე - აპოლონის არქაული ტორსი


#თარგმანები

ვაიმე! მართლა რა ვიპოოვეეე!
ბესიკ ხარანაული რომ  ლამის მთელი ცხოვრება ჩემი საყვარელი პოეტია,  ეს იცით.
ერთ გვერდზე ბესიკ ხარანაულის ლანძღვა რომ მიმდინარეობს რამდენიმე დღეა, ეს გითხარით. პოსტადაც დავდე.
   
 იქ რამდენჯერმე  მითხრეს, დაასახელეთ ბესიკის შემოქმედებიდან  რაიმე, ამისი ბადალიო, ხან  ვინ პოეტი დაასახელეს, ხან - პროზაიკოსი.

ვჩქარობდი, მოკლე პასუხი მინდოდა დამეწერა და  ვიფიქრე, მხოლოდ  ბესიკის პოეტურ ნეოლოგიზმებს ჩამოვთვლი-მეთქი. 

ვთქვი ,,თავის თავში მზერაჩაბრუნებული” , რომელიც ასე აიტაცა ქართულმა პოეზიამ და ვიფიქრე, იქნებ მისი  სულაც არაა, მაინც “დავგუგლავ- მეთქი”.  რილკეს თარგმანი ამომიგდო და შევცბი.

გადავედი ლინკზე და რას ვხედავ!
ეს - მართლა აღარ მახსოვდა.

ასე გავაკეთე, იქნებ გადაგეხედა, როცა მოიცლი:


გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში მხატვრული თარგმანის კოლეგიაში არსებობდა ,,რილკეს ჯგუფი”, რომელსაც ხელმძღვანელობდა მისივე დამაარსებელი - ნაირა გელაშვილი.   
    ჯგუფში საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა.  მასში გარდა რილკეს შემოქმედების შესწავლისა, გვეკითხებოდა ლექციები გერმანულ ლიტერატურაზე,   ვეცნობოდით გერმანული ფილოსოფიური აზროვნების  ცალკეული, პოეზიის კუთხით საყურადღებო  საკითხების მიმოხილვებს, რათა თარგმანი გაადვილებულიყო. გვიტარდებოდა  გერმანული ენის გაკვეთილები. ჯგუფის ლექციებსა და გაკვეთილებს არაერთი მოხალისეც ესწრებოდა. ყოფილა დღეები, როცა თავისუფალ მსმენელთა  რაოდენობა იმათ რომ ამეტებდა, ვისთვისაც ჯგუფი არსებობდა.
…და ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად სულაც არ გვეჩვენებოდა მაშინ. 
   ახლა ვიგრძენი, რომ 
ეს უკვე  ლიტერატურული კულტურის ისტორიაა. ალბათ იქნება  კიდეც სადმე რამე დაფიქსირებული. 
   საჭიროა ამის არდავიწყება, მით უფრო,  რომ ცოტანიღა ვართ სამზეოს დარჩენილები.  ჩვენს შორის საუკეთესონი - ვ. კოტეტიშვილი, გ. ალხაზიშვილი, თ. ბაძაღუა - უკეთეს ქვეყნად არიან…

 ნათარგმნები მოგვიანებით გამოიცა აკადემიურ 
ხუთტომეულად. 
ეტყობა,  ეს თარგმანი იქიდანაა.
მე თვითონვე გამომიყენებია ბესიკის პოეტური ნეოლოგიზმი ,, მზერაჩაბრუნებული” - ინტროვერტის უკეთესი ქართული შესატყვისი რომ ვერ მიპოვია.

რაინერ მარია რილკე

აპოლონის არქაული ტორსი

(მთარგმნელი: ნინო დარბაისელი)

 არ გვღირსებია ხილვა მისი თავის, ვნებულის,
თვალების მისის, სიმწიფეში გადასულების
და მაინც, შიდა ნათება აქვს ისე ულევი,
რომ ლამპარია, შიგნით მზერაჩაბრუნებული.

ნათელი მისი არის მთელი ძალმოსილება.
როდი გაბრმავებს შუქი იგი. მოივლის არეს
ღიმილი მშვიდი, თეძოთა ბნელ ცენტრში, ელვარე
და შიდა სხივი მისი მარად არ გაილევა.

ეს რომ არ იყოს, ქვა სახიჩრად მოგეჩვენება,
მხრების ნაკადში გაუქრება მთელი მშვენება.
აღარ იბზინებს, როგორც ბეწვი რამ მხეცეული.

შიგნით ფეთქდება, ვით ვარკვლავი ჟამიერი და
ისე გიცქერის, ყოველი მხრით მზერად ქცეული,
გამცნობს რომ დროა, შენც იცვალო ამიერიდან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი