ყვავი და მერცხალი - ეზოპედამ


#თარგმანები

ყვავი და მერცხალი - ეზოპედამ

მოცალეობა ხომ არის ჩემი ძირითადი საქმიანობა, არა? 
   ჰოდა,  ეზოპეს იგავების კარგი წიგნი მომივიდა,  ილუსტრირებული, თვალდახუჭულმა სადაც გადავშალე, ის იგავი გავლექსე…
    ოღონდ  უკვე აღარ ვიცი, ეზოპესია თუ ჩემი.
    დასავლურ-რუსულ ტრადიციას თუ გავითვალისწინებთ, მე ავტორიც ვარ და მეტიც, საერთოდ ვინაა ეზოპე!  
    ჩემი გაგებით - უბრალოდ, ინტერპრეტაციული გალექსილი თარგმანია.
 ერთიც!
განა არ შემეძლო, ყდის სურათი ისე გადამეღო,  დანარჩენი ორი წიგნი არ გამომეჩინა,- “ბჰაგავად გიტა” და ჰამილტონის “მითოლოგია -  ღმერთთა და გმირთა უკვდავი ამბები”,  საიუბილეო, ოქროს, გამოცემა, ესეც ფერადად ილუსტრირებული, ერთად მომივიდა, …მაგრამ ხომ შეიძლება, მეც მინდოდეს, ცოტა რაღაც შეგახარბოთ 😁
მოკლედ,   ამ დაზაფრულ გულზე ცოტა გაერთეთ!
მე ასეთი მორალი მოვუფიქრე ბოლოში და თქვენ - კომენტარებში დაამატეთ, რასაც მოიფიქრებთ.

ყვავი და მერცხალი

დღე იყო გაზაფხულისა, საამური და მზიანი.
კუდმაკრატელა მერცხალმა ჰაერში შეინავარდა,
ყვავიც  გამოჩნდა ზეცაში: - მე რად მბრალდება ზიანი, 
შავიც ვარ, ფრენა  მეც მიყვარს,
ასეთი კარგი  რა ვარ და
ამ მერცხალს რად შეჰხარიან, ირგვლივ ვარდნი და იანი?
ერთი კამარა შეჰკრა და ლამის დაღლილი დავარდა.
გულთეთრს ვჯობივარ გულშავი, გული არ  გამიბაცდება,
ჭყივის უგვანოდ,  თორემ  რა, გამომივიდა ბულბული!
განა რამდენხანს იცოცხლებს, ეგრე ფრენაში გაცვდება,
სამას ზამთარსაც  გაუძლებს ჩემი ლამაზი  ბუმბული.  

მორალი:
 ყვავი - სამას წელს დაფრინავს, მერცხალი - დარით-დარამდი.
მშვენება წარმავალია. სიმახინჯეა - მარადი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი