რობერტ ფროსტი - ტყეში შეჩერება თოვლიან საღამოს
#თარგმანები
მთარგმნელისაგან:
რობერტ ფროსტის ეს უაღრესად პოპულარული და ხშირადაც ციტირებული (სამი ფინალური ტაეპი), მოჩვენებითად მარტივი ლექსი, რომელიც ოთხი სტანსასგან - ოთხტაეპოვანი სტროფისგან შედგება, ჯაჭვურადაა გარითმული
(aaba bbcb ccdc dddd), თუმცა რითმათა ორიგინალურობით არ გამოირჩევა, ისევე როგორც ფროსტის ქმნილებათა დიდი ნაწილი.
my best bid for remembrance." - ჩემი საუკეთესო განაცხადი არდავიწყებისთვის” - ასე მოიხსენიებდა პოეტი ამ ქმნილებას.
მკვლევართა ერთი წყების აზრით, ლექსის ეს ფორმა აღმოსავლური, კერძოდ სპარსული რობაიების ფორმის გაინგლისურების შედეგად ჩამოყალიბდა, XII ს ომარ ხაიამისა და შემდგომ xIx ს ინგლისელი პოეტის ედუარდ ფიცჯერალდის შემოქმედების წყალობით.
ხოლო მეორე ნაწილი კი ემხრობა აზრს, რომ ეს - “ტერცა რიმას”- დანტეს ღვთაებრივ კომედიაში გამოყენებული ფორმის ანალოგია.
მისი ტეტრამეტრული (ოთხმახვილიანი) იამბური ( ორმარცვლიანი) რიტმის ქართულ ანალოგად ასევე ოთხმახვილიანი, ოღონდ დაქტილური (სამმარცვლიანი) რიტმი შევარჩიე.
გერმანული პოეზიის მოყვარულებს მისი წაკითხვისას ალბათ გაახსენდებათ გოეთეს “მგზავრის ღამეული სიმღერა”,
ამ ორივე ლექსის ფინალში საუბარია შორი მგზავრის დასვენებაზე.
(ლექსმცოდნენო, ვიცი, რა შენიშვნაც გექნებათ, ყველასთვის ადვილად გასაგები რომ იყოს, იმიტომ ვწერ, რამდენადაც შემიძლია, ასე, გამარტივებით)
რობერტ ფროსტი
ტყეში შეჩერება თოვლიან საღამოს
ეს ვისი ტყეც არის, კი ვიცი, მგონია,
მას სახლი შორეულ სოფელში ჰქონია.
ვერ ნახავს, მის ტყეში ეტლი რომ ვატარე,
ხენი დათოვლილან საარაკონია.
აქ რამ შემაჩერა, უკვირს ცხენს პატარას,
ახლოს არც სახლია, არა ჰგავს არც არას,
ტყეა და ტბა რაღაც, ყინულად ქცეული,
ზამთრის ბნელ საღამოს დავეძებ ნეტა რას!
ეჟვნებს აჟღარუნებს, ვეღარ გარკვეულა,
ხომ არ ავიბენით, რაკი ვართ ეულად.
მსუბუქი ქარისაც თან ხვეტის ხმა დამდევს,
თოვლი ბუმბულივით ირგვლივ გაბნეულა.
ბნელი და ღრმა ტყეა, მინდა, კვლავ ვხედავდე,
მაგრამ მე მომიხმობს პირობა, რომ დავდე,
მილია მრავალი ჯერ დაძინებამდე,
მილია მრავალი ჯერ დაძინებამდე.
1922
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Stopping by Woods on a Snowy Evening
Whose woods these are I think I know.
His house is in the village though;
He will not see me stopping here
To watch his woods fill up with snow.
My little horse must think it queer
To stop without a farmhouse near
Between the woods and frozen lake
The darkest evening of the year.
He gives his harness bells a shake
To ask if there is some mistake.
The only other sound's the sweep
Of easy wind and downy flake.
The woods are lovely, dark and deep.
But I have promises to keep,
And miles to go before I sleep,
And miles to go before I sleep.
1922
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი