ედგარ პო, ფროსტი, ინგლისურენოვანი პოეზია ჟურნალ ,,მწვანეყვავილადან”
ნინო დარბაისელი სტრონის თარგმანები ინგლისურენოვანი პოეზიიდან 1. ედგარ ალან პო ენებელ ლი ეს იყო დიდი, დიდი ხნის წინათ, ერთ სამეფოში ნაპირად ზღვისა ერთი ქალწული ცხოვრობდა. ალბათ, ცნობდით სახელით ენებელ ლისა და მას არ ჰქონდა სხვა რამ ოცნება, გარდა ჩვენ ორის სიყვარულისა. მეც ბავშვი ვიყავ და ისიც ბავშვი იმ სამეფოში, ნაპირად ზღვისა. გვიყვარდა ისე, რომ სიყვარული გვმეტობდა მე და ენებელ ლისა. სიყვარულს ჩვენსას შემონატროდნენ სერაფიმები სასუფევლისა. და ამის გამო, დიდი ხნის წინათ, ერთ სამეფოში ნაპირად ზღვისა ქარმა დაბერა შორი ღრუბლიდან, შემაციებლად ენებელ ლისა, კეთილშობილი ეწვია ბიძა, წამრთმევი ჩემი სიყვარულისა, რომ ტყვედ ექცია ცივი სამარის ერთ სამეფოში ნაპირად ზღვისა. სანახევროდაც ვერბედნიერნი, თვით ანგელოზნი - სასუფევლისა, მოშურნე ჩვენი სიყვარულისა, აი - მიზეზი - (იცოდა ყველამ იმ სამეფოში ნაპირად ზღვისა), ქარის, მოსულის ღამის ღრუბლებით, ცივის, მომკვლელის ენებელ ლისა. სიყვარული კი, იყო ჩვენ შორის, მამეტებელი სიყვარულისა, ძლიერი ჩვენზე ზრდასრულებისა, ჩვენზე მრავალგზის სწავლულებისა. ვერც ანგელოზნი სასუფევლისა, ვერც დემონები ზღვის უფსკრულისა ვეღარასოდეს ვეღარ გაჰყრიან ჩემს სულს სულისგან ენებელ ლისა. რადგანაც მთვარეც აღარ მინათებს, მომგვრელი ჩემთვის მისი ხილვისა, მშვენიერისა ენებელ ლისა, არც ვარკვლავები არ კიაფობენ, მაგრამ მინათებს სხივი ნათლისა თვალთა მშვენიერ ენებელ ლისა. და ყოველ ღამით მე ვწევარ გვერდით, სიცოცხლის ჩემის, საცოლის ჩემის, ბინადარი ვარ მეც სამარისა, იქ, სამეფოში, ნაპირად ზღვისა, საფლავში, გვერდით ხმოვანი ზღვისა. 1849 2. ედგარ ალან პო ლენორი - ო, გატეხილა თასი ოქროსი! გაფრინდა სული სამარადისოდ! რეკონ ზარებმა. სული წმინდანის მდინარე სტიქსის წყალზე დადისო. და, გაი დე ვირ, ცრემლს რად არ დაღვრი, იტირე ახლა ან არასოდეს, შეხედე, სად წევს სიცოცხლე შენი, ლენორი როგორ აღარ გახსოვდეს! მოდი, უბრძანე ჩატარდეს წესი, დე, დაიტირონ დედოფლის დარი, სამგლოვიარო იმღერონ ჰანგი და განადიდონ უდროოდ მკვდარი, ის, ვინც წავიდა ასეთი ნორჩი, სინორჩის გამო ორმაგად მკვდარი. - უმადურებო! სიმდიდრისათვის გიყვარდათ, მაგრამ გძულდათ ამაყი! ეშურებოდით, სნეულისათვის რომ დამდგარიყო დღე დასამარხი! როგორ ეგების წესის აგება, ან რეკვიემის რამე მაგვარი? თქვენი ქცევით და თქვენი ენებით, თქვენი ავთვალით შვება წაგვარეთ, თქვენ გაამწარეთ და შეიწირეთ, თქვენ გაიმეტეთ ნორჩი ამგვარი. - ვთქვათ ,,პესავიმუს"- ვართ ცოდვილები, მაგრამ უბრძანე, როგორც წესია, ცად აღევლინოს ჰანგი გლოვისა, სულისთვის ასე უკეთესია. ტკბილმა ლენორმა დაგტოვა ადრე, იმედად ჰქონდა ქალწულს უზადოს, შენ, გადარეულს სასძლოს სიკვდილით - ცაში ადგილი რომ გაგიმზადოს. ასე ნატიფი, სამართლიანი წევს, არ აღელვებს ყოფის თარეში, მის ყვითელ თმებში სიცოცხლე ხარობს, მაგრამ სიკვდილი უდგას თვალებში. მის ყვითელ თმებში კვლავ სიცოცხლეა, დაუბუდია სიკვდილს თვალებში! - განვედით ჩემგან! გულში ნათელი მიდგას, არ მინდა გამოტირება. წინ ანგელოსნი მიუძღვებიან, ძველი პეონის ჰანგი ინება. არავითარი რეკა ზარების! დაუფლებია მას წმინდა ლხენა, ზეცამ მოუხმო იდუმალ ნიშნით, წყეულ მიწაზე არ დააყენა. მიწიერ ტოლებს ცისა არჩია. სულმა ნაწყენმა, სიკეთით სავსემ ჯოჯოხეთიდან სასუფევლისკენ გზა გაიკვალა, ამაღლდა ასე, გლოვიდან ოქროს ტახტზე ავიდა, ცათა მეუფის გვერდით ზის ცაზე. 1845 3. რობერტ ფროსტი რჩენა, რჩენა! ბებრუხანა სათლით, შრომით დანადაგი, მომრეცხავი ჯოჯო კიბის და ალაგის - - ერთ დროს მშვენიერი იყო აბიშაგი. ფილმი - სიამაყე მთელი ჰოლივუდის. დიადის და კარგის დაცემაა ცუდი, შენთან - მსგავსებაა ეჭვით განამრუდი. უნდა მოკვდე ადრე, ხვედრი აიცილო. თუ სიმრავლე წელთა გერგო შენ უცილო, დაე, ღირსეულად ბოლოს გაგაცილონ! ვიდრე შეგიძლია, ბირჟა დაიპყარი, ან დაიდგი თავზე შენ გვირგვინი მყარი, მთავარია, არ თქვან, გახდი ვინ საპყარი. ზოგი დაეყრდნობა ცოდნას, თუ რამ იცის, სხვებს სიმართლის სჯერათ, არა დასაფიცის, იქნებ გამოგადგეს მათი დანამტკიცი. ხსოვნა ვერ გიშველის შენი ვარსკვლავობის, რით გამოისყიდი იმ დაკარგვას ნდობის, დასასრული მძიმე მაინც შეგეცნობის. გიჯობს სიამაყით თავის გამოჩენა, დაკრძალვისას. თუმცა უყვართ გამორჩენა მეგობრებსაც შენგან მუდამ. რჩენა, რჩენა! მთარგმნელისაგან: ფროსტის ეს უაღრესად ცნობილი ლექსი ორ უმთავრეს წყაროს ეყრდნობა: 1. ბიბლიური ისტორია მხევალი აბიშაგისა, რომლის ხელიც ცოცხლად დარჩენილებიდან ყველაზე უფროსმა ძმამ ადონაიმ სოლომონს სთხოვა, ხოლო სოლომონ ბრძენმა ამის გამო ძმა სიკვდილით დასაჯა. 2. ამ სიუჟეტზე 1959 წელს გადაღებული ჰოლივუდური ვარსკვლავური ფილმი ,, სოლომონი და შება” მთავარ როლში - ჯინა ლოლობრიჯიდა. 3. ფორმა - მინორაიმული ანუ ერთ რითმაზე აგებული სამტაეპედი სტროფებია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი