მარტოსული მერეჟკოვსკი?


მარტოსული მერეჟკოვსკი?

(დმიტრი მერეჟკოვსკი - მარტოობა)

მთარგმნელისაგან:

მერეჟკოვსკის ბინასა და  მისი ვიზიტორების შესახებ უსასრულოდ შეიძლება საუბარი და ასეც ვიქცეოდით მეგობრები.
  აქ მისი ცოლის - ზინაიდა გიპიუსის პიკანტურ ურთიერთობათა გახსენებაც შეიძლებოდა, მაგრამ  მორიგი ლაპარაკი - ლაპარაკისთვის გამოგვივა და საკუთრივ ლექსის გაგებაში,  არ მგონია,  გამოგვადგეს.
  ადამიანის, ოჯახის ირგვლივ ამდენი ახლობელი რომ იკრიბებოდეს, სალონურად ცხოვრობდეს, მასპინძელი ექსტრავერტი უნდა იყოს აუცილებლად, მარტივად  -  გულღია ადამიანი,  ანუ ისეთი როგორადაც დმიტრი მერეჟკოვსკის თავისი წრე იცნობდა.
  მნიშვნელობა არ ჰქონდა, თვითონ დმიტრი ან ზინაიდა  შინ იყვნენ  თუ არა. პოეტები ერთმანეთს მის სახლში უთქვამდნენ  შეხვედრას და  საათობით, გვიანობამდე ისხდნენ მის ბუხართან.  ზოგჯერ არც კი საუბრობდნენ. დროდადრო  “ აჰ “და” ოჰს”  წამოისროდნენ და ეს იყო.
  მერეჟკოვსკი და მარტოსულიო?!
იქნებ ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ გამოხდა ხანი, თანდათანობით, მისი ხელნაწერების შესწავლით  კი გაირკვა, რომ თურმე ადამიანი  ხშირი დეპრესიული შემოტევებით იტანჯებოდა… არა, ცოლის  ზინაიდას გამო, არა!
მათ წრეში  ხომ ცოლ-ქმარს შორის თავისუფალი ურთიერთობა თავისებურ ფავორშიც კი  იყო, ადიულტერი - დიდ ამბად არა და არ  მიიჩნეოდა. რაღაც,  ღალატის გამო  - ოჯახს ვინ დაანგრევდა!
    ითვლებოდა, რომ ცოლქმრული წყვილის წევრები  - ერთმანეთისადმი ნდობით განწყობილი ის ადამიანები იყვნენ, რომელთან დაბრუნებაც,  გულის გადახსნაც, რიგითი პატიების თხოვნაც,  ვინმე სხვით გატაცებულ მეუღლეს მუდამ შეეძლო. (სავარაუდოდ, არც ახმატოვას გაშორდებოდა გუმილიოვი 1918 წელს, გუმილიოვის  ავანტიურისტ ქალებს ქსელები მეტისმეტად რომ არ დაეხლართათ).
მოკლედ, ეს ლექსი ერთ-ერთი ასეთი დეპრესიული შემოტევის დროსაა დაწერილიო, მკვლევარები აღნიშნავენ.
  რაც შეეხება მოკლე საზომსა და ექვსსტროფიან ფორმას, მერეჟკოვსკის მიაჩნდა, რომ ამ ზომაში  ჟანრობრივად - -ინტიმური ლირიკის ნიმუში კარგად უნდა ჩატეულიყო.
  მინდა,  ერთი მომენტიც აღვნიშნო. თანამედროვე ქართულ პოეზიაში რაღაცნაირად ჭირს  ერთი გამჭოლი თემის ლექსის ბოლომდე  კომპოზიციურად გატანა, ტექსტის გამჭვირვალობასაც დიდად არ ვწყალობთ.
    რატომღაც ითვლება, რომ სიმბოლისტური პრაქტიკის მერე პოეზიამ განვითარება შეწყვიტა და სინათლის შეტანა ლექსში არ არის მისი მაღალი ხარისხის ნიშანი.
    , მეცხრამეტე საუკუნეში  და თანაც ვის  - სიმბოლიზმის “პაპის” - მერეჟკოვსკის მიერ
შექმნილი ეს ლექსი პირადად მე ტიუტჩევის სკოლას მაგონებს.
 
დავუკვირდეთ, როგორ არის აგებული  ლექსის კომპოზიცია.
არ ვგულისხმობ მხოლოდ რიტმულ- ინტონაციურ სტრუქტურას,  ჯვარედინად ნარითმ მოკლესაზომიან დიმეტრიას, ერთიან კომპოზიციას მინდა მივაპყრო მკითხველის ყურადღება.
  შეიძლება ითქვას, რომ აქ გვაქვს  კომპოზიციის  იმ დროისთვის კარგად დამუშავებული, კლასიკური მოდელი.
  პოეტური მეტყველების ტროპული არსენალიდან ბევრი არაფერია გამოყენებული. მეტყველებაც  - სადაა, კარაკულების გარეშე.
    ხომ გვახსოვს, რომ  კლასიკური ლექსი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: 1.დასაწყისი 2.  ლექსის ტანი და 3. ფინალი?!
  ამის გახსენებას აქ მნიშვნელობა აქვს. რათა გავიაზროთ, როგორ მზადდება  აქ ფინალი.
დასაწყისი და ტანი - საკმაოდ არაეფექურია, მე ვიტყოდი, მსოფლიო პოეტური ტრადიციის გათვალისწინებით, ტრივიალურიც კი. თემა ვითარდება ლოგიკური სვლებით, ზოგადი დასაწყისიდან თანდათან  გადავდივართ  ვიღაც კონკრეტულ ღრმათვალებიან მეორე პირზე.და ის ისაა, სატრფიალო ლირიკისთვის ემზადება მკითხველი, რომ
ფინალი, თითქოს ლოგიკას ასცდაო  -  დარტყმასავითაა, ეფექტური და  ისევ - მოულოდნელად განზოგადებული.
ადამიანი - როგორც  რამე, გარე არსებების, მაგალითად, სატრფოსი, ბოროტი ძალების ტყვე, ვიცით,  საკუთარი თავის ტყვე  კი - იმ დროის რუსული პოეზიისთვის  ახალი  და მე ვიტყოდი, მარადახლი პოეტური  კონცეპტია.
  ამიტომაც არის ალბათ ყველაზე ხშირად ციტირებული:

დილეგში ხარ, საკუთარი თავის ტყვე ხარ.
ცოდო ადამიანო!
სიყვარულშიც, მოყვრობაშიც მარტო დგახარ,
ყველგან, მარად  მარტო, მარტო ხმიანობ!…

 

დმიტრი მერეჟკოვსკი

მარტოობა

დამიჯერე -  კაცს ვინ მისცა ის თვისება,
ჩააღწიოს შენი გულის ფსკერამდე!..
ვით  ჭურჭელი  წყლით პირთამდე აივსება,
დარდს -  არ შეუდრკე,  რამდენს!

თუ ატირდი მეგობართან, - სულ იცოდე,
იქნებ  შესძლო ამდენი,
დაანახვო  ორი- სამი წვეთი ოდენ,
თასით გადმონადენი.

მაგრამ მარად  სიჩუმეში მთვლემარეა
შორს კაცთაგან, ფარულად,
ფსკერის ფსკერზე რომ არეა,
სნეულ სულის ძირში რაც  დამალულა.

გული სხვისი - და სამყარო სხვისეული
იმგვარია, გზას გაიგნებს ვერავინ;
მასში, გვქონდეს თუნდაც სული მოყვარული,
შესავალი, კარი ჩვენთვის  - ვერ არის.

და არსებობს  შენში რაღაც, რაც თვალების
სიღრმეებში ანთია.
ჩემგან  - შორად,  ანთებულან  ვარსკვლავები
ცათა შინა, შორეთები  მათია.

დილეგში ხარ, საკუთარი თავის ტყვე ხარ.
ცოდო ადამიანო!
სიყვარულშიც, მოყვრობაშიც მარტო დგახარ,
ყველგან, მარად  მარტო, მარტო ხმიანობ!…

1890

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Из сборника «Все стихотворения» Дмитрий Мережковский

Одиночество

Поверь мне – люди не поймут
Твоей души до дна!..
Как полон влагою сосуд,–
Она тоской полна.

Когда ты с другом плачешь,– знай:
Сумеешь, может быть,
Лишь две-три капли через край
Той чаши перелить.

Но вечно дремлет в тишине
Вдали от всех друзей,–
Что там, на дне, на самом дне
Больной души твоей.

Чужое сердце – мир чужой,
И нет к нему пути!
В него и любящей душой
Не можем мы войти.

И что-то есть, что глубоко
Горит в твоих глазах,
И от меня – так далеко,
Как звезды в небесах...

В своей тюрьме,– в себе самом,
Ты, бедный человек,
В любви, и в дружбе, и во всем
Один, один навек!..

Из сборника «Все стихотворения»

სურათებზე - “დომ მურუზი” სადაც მერეჟკოვსკები 23 წელო ცხოვრობდნენ ( 1989 - 1912) და სამი მისამართი გამოიცვალეს შიგ. სამივე მისამართის კარი ღია იყო მეგობრებისთვის, რომელთა ცნობილი ნაწილის სახელებიც შემდეგ ფოტოზე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი