მარინა ცვეტაევა - პარიზში


მარინა ცვეტაევა


მთარგმნელისაგან: ეს მარინას ყმაწვილობისდროინდელი ლექსია, პარიზში ყოფნის შთაბეჭდილებას რომ გვიზიარებს.
მას მერეც უყვარდა ლექსებში ლიტერატურული ალუზიების შემოტანა -    ფსიქეაო, ჰამლეტიო, ოფელიაო, დონ ჟუანიო, კარმენიო…,  ლიტერატურული პერსონაჟების, ავტორებისა თუ პერსონაჟთა სცენაზე გამცოცხლებლების  ასე შემოყვანაში,  მწერალი როსტანი იქნება, ნაპოლეონ ბონაპარტის შთამომავალი (რაიხშტადელი ტანჯული) თუ  სცენაზე  განმასახიერებელი სარა ბერნარი (სარა)  -   მისი მოყვარული მკითხველისათვის დიდად საყურადღებო და მოულოდნელიც არაფერი მგონია.
უფრო საყურადღებოა   ის ამბავი, რომ მარინა  - აქ ჯერ კიდევ არაა მარინა.  არც სტილურად, არც მენტალურად. 
     მე თუ მკითხავთ,  ერთი შკოლარული ლექსია, დაყრდნობილი  პუშკინისეულ რიტმიკასა და ზოგადად იმდროინდელ რუსულ პოეტურ ტრადიციაზე, პატიოსნად, ჯვარედინად ნარითმი (იამბი მე - განვავრცე და   ხუთტერფიანი დაქტილით გადმოვიტანე)  და მასში ახალგაზრდა პოეტი ქალის უმწიკვლო,  თანამგრძნობი და ფაქიზი ნატურა გამოსჭვივის.
   როგორც ერთი ძალიან დიდი პოეტი  იტყოდა, “ასე წერა ხომ დაუსრულებლად შეიძლებოდა!”
    და მის არსებაში ცოტა ხანში მოულოდნელად  რაღაც ნაღმმა იფეთქა!
     ეს ლექსი კი  …მაინც ცვეტაევასია და ვთარგმნე, რა!

პარიზში

სახლები  ვარსკვლავებს სწვდებიან აქ, დაბალ ზეცაზე.
 ცა  მიწას  ამ მძიმე ჰაერში დაახლოებია.  
ხომ ასე დიდია  და  ასე ლაღია  პარიზი,
სევდა საიდუმლო რამ ძველი    გულს მომძალებია.

საღამოს ბულვარებს ისეთი ხმაური გაუდით, 
თუმც ჩაქრა აისის  პირველი სხივი  რახანია. 
სუყველგან,  სუყველგან  წყვილები, წყვილები დაუდით,
ტუჩთა ცახცახია და თვალთა ხარბი ხამხამია.

აქ მე სულ მარტო ვარ. წაბლის ხეს   ეულად ვეყრდნობი, 
და ხეზე  მიყრდნობა, ვგრძნობ,  ამ თავს როგორ  ეამება,
გულში კი როსტანის ლექსი მიტირდება ნაცნობი,
დაგდებულ მოსკოვშიც  სჩვეოდა ასე ხმიანება.

ეს ღამის პარიზი უცხოა და საცოდავია.
უფრო ძვირფასია გულისთვის ხილვა ჩემეული.
სახლში დავბრუნდები,   მოწყენით   მომელის სად  ია 
და სად  პორტრეტია ვიღაცის,  ალერსს დაჩვეული.

იქ, სადღაც ვიღაცის მზერაა ძმური-ნადარდელი,
იქ, სადღაც  ოთახის კედელზე ნაზია პროფილი,
 მოვა როსტანი და ტანჯულიც ის -  რაიხშტატელი
და სარა - ჩემს სიზმრად აქამდე მრავალგზის ყოფილი.

დიდსა და ხალისით  ამრიგად აღსავსე პარიზში
მე სიზმრად ვნახულობ    ბალახებს და ღრუბლებს შორეულს
 და შორით -   სიცილი, ახლოს - ჩრდილებია საშიში
და  გამიღრმავდება  ტკივილი  მე ტკივილმორეულს.

1909 г.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева 

 В Париже

Дома до звезд, а небо ниже,
Земля в чаду ему близка.
В большом и радостном Париже
Все та же тайная тоска.

Шумны вечерние бульвары,
Последний луч зари угас.
Везде, везде всё пары, пары,
Дрожанье губ и дерзость глаз.

Я здесь одна. К стволу каштана
Прильнуть так сладко голове!
И в сердце плачет стих Ростана
Как там, в покинутой Москве.

Париж в ночи мне чужд и жалок,
Дороже сердцу прежний бред!
Иду домой, там грусть фиалок
И чей-то ласковый портрет.

Там чей-то взор печально-братский.
Там нежный профиль на стене.
Rostand и мученик Рейхштадтский
И Сара — все придут во сне!

В большом и радостном Париже
Мне снятся травы, облака,
И дальше смех, и тени ближе,
И боль как прежде глубока.

1909 г.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE