ნაკრები თარგმანებისა რუსული პოეზიიდან


ამა ყურადღებას ნუ მიაქცევთ. აქ დავდე, რადგან მეგობრისთვის შევადგინე ნაკრები და კომპთან არა ვარ, რომ ფაილად გავუგზავნო

ნინო დარბაისელის თარგმანები რუსული პოეზიიდან

#თარგმანები

თ. ტიუტჩევი

***
რუსეთს გონება ვერას გაუგებს,
ყველა არშინი მასთან გაცუდდა:
სხვა რამ განაგებს სხვაგვარად ნაგებს -
რუსეთის მხოლოდ ირწმუნო უნდა 

ა. პუშკინი

***
მე თქვენ მიყვარდით. ის გრძნობა, ალბათ,
არ ჩამქრობია სულში აქამდი;
მაგრამ აღარ ღირს თქვენს  აღელვებად;
არ მინდა, რამით მოგგვაროთ დარდი.

მე თქვენ მიყვარდით გამოუთქმელად,
კრძალვა, ხან  ეჭვი  მხვდა სამწუხარო;
მე თქვენ მიყვარდით  ისე გულწრფელად, 
ღმერთმა ქნას, ასე სხვამ შეგიყვაროთ!

ა. პუშკინი

ცხოვრების ეტლი
- - - - - 

თუმცა სიმძიმემ ბევრჯერ დახარა,
მიჰქრის  ეტლი და არ იცის დაღლა,
მეეტლე ტლანქი, დროა ჭაღარა
და არ ჩამოდის კოფოდან დაბლა.

ეტლში ჩავსხდებით დილაადრიან,
მზად ვართ, თავ-პირი ვიმტვრიოთ ზედაც
და გვძულს ზანტობა, ლხინს რომ ადრიან,
გავძახით:  - მიდი!...............

მაგრამ შუადღეს ვხდებით ფრთხილები,
ნჯღრევით დაღლილებს შიშმა რა გვიყო!
აღმართ- დაღმართიც გვაკრთობს, თხრილებიც,
ვყვირივართ: - ცოტა იფრთხილე, ბრიყვო!

მწუხრამდე ქროლვით მოვლო არენი,
ჩვენც მივეჩვიეთ, ვნახეთ ამდენი
და საწოლს მივალთ ჩვენ,  მთვლემარენი,
ხოლო დრო-ჟამი  ცხენებს გადენის.

სერგეი ესენინი

* * *

კოფთა მტრედისფერი და თვალები ლურჯი.
სატრფოს მართალს ვუმალავ, თავი დავიმუნჯე.

შემეკითხა: ქარბუქი აღარ იშლის ბოგინს?
დავანთებდი ღუმელს და დავაგებდი ლოგინს.

ვუპასუხე სატრფოს: ახლა ვიღაც მაღლით
თეთრი ყვავილების თაიგულებს გვაყრის.

ჰო, დაანთე ღუმელი და დააგე ლოგინი.
ქარბუქია ამ გულში უკვე შენი ლოდინით.

ალ. ბლოკი

რა მძიმეა
- - - - 
,, იქ დაიფერფლა ადამიანი” - ფეტი

***
რა მძიმეა,  ხალხს რომ  შეეგებები,
დაიჭირო თავი  არდაღუპულად
და თამაშზე ტრაგიკული ვნებების
მათ უამბო, არც რომ დაბადებულან

და ჩასცქერდე კოშმარს შენთა ღამეთა,
შმაგ გრძნობათა მართვის გქონდეს თან ძალი, 
ხელოვნების მკრთალ ნათელში მათ რათა
დამღუპავი  სიცოცხლის ცნონ ხანძარი.

ალ. ბლოკი

***

ო, მინდა ვიცხოვრო  ამქვეყნად უგონოდ,
მინდა ვადიადო - არსება ყოველი,
მინდა განვაკაცო - იგი უპიროვნო, 
მინდა  ავახდინო მე -   აუხდენელი.

დე,  მძიმე სიზმარი მახრჩობდეს  ცხოვრების, 
დე, ვიხუთებოდე  ამ სიზმრად,  მძინარე, -
ვინ იცის, მხიარულ  ბიჭს ვემახსოვრები,
იტყვის მომავალში იგი  პირმცინარე: 

- ჭმუნვა ვაპატიოთ -  ეს განა ისეთი
ფარული ძრავაა, რომ მართავს ნებისად? 
მთლიანად -  პირმშოა ნათლის  და სიკეთის 
მთლიანად  - ზეიმი თავისუფლებისა!

5 თებერვალი 1914

ვალერი ბრიუსოვი

შეხვედრა

სად ნილოსი დუნედ მიდის, სადაც ტბაა იქ მერიდის, სამეფოა ცეცხლოვანი და სახელად ჰქვია "რა'.
რახანია, შენ გიყვარდი,   ოზირისი ვით იზიდას, მეგობარო, დედოფალო, დაიავ და, რა გითხრა!
 და გვაფენდა  პირამიდა ჩრდილებს, როცა იმწუხრა.

 პირველხილვის საიდუმლო, გახსოვს ის დღე, შეგვიტყუეს როცა  წრეში მროკავების  ჩვენ  ტაძრად,
სანთლები რომ ჩაქრა მაშინ, ისე, როგორც ძველ ზღაპარში, ყველას ყველა რომ გაუხდა მეგობრად:
რას ვამბობდით, ვით ვეტრფოდით, თავს ნეტარად ვგრძნობდით რად!  

ჟამად ბალის  ელვარების, გახსოვს  ტანი ჩემს ხელს ანდე, 
 გაჰქრა დროის  რიდე   და 
არ გესმოდა ხმა ციმბალთა?  ჰიმნთა ხმანი არ აღწევდა,   განა  ბრბო არ აღელდა?
არ მითხარი, რომ ლოდინი მორჩა, მორჩა დასრულდა?

ნეტარება  - ადრე გვქონდა, ვნება - არის მოგონება,   ჩვენ პირველად ვცხოვრობთ როდი
და შენ ჟამთა სამარიდან, ჩაუქრობი ნდომით სუნთქვად 
 ძველებურად მოისმოდი, 
ვით ნილოსთან,   დათქმულ დროზე სად გველოდა ბედისწერა,  ისევ  მოდი!

ოსიპ  მანდელშტამი

ლენინგრადი
- - - - - 

დავუბრუნდი ჩემს ქალაქს, ნაცნობს ცრემლებამდე,
ძარღვებამდე, ჯირკვლამდე, ბავშვმა ვუძლე რამდენს.
თუ დაბრუნდი, წყვდიადში დროზე უნდა ყლაპო
თევზის ქონი ფარანთა, მდინარეს რომ აპობს.

იცან ჩქარა,  დეკემბრის  დღეა აქაური, 
სად გუდრონში ნაღველი მწარედ შერეულა!
პეტერბურგო! არ მინდა მე სიკვდილი ჯერაც,
ტელეფონის ძველ ნომრებს კვლავ მინახავ, მჯერა.

პეტერბურგო!  ვინახავ  ჯერაც მისამართებს,
სადაც მკვდართა ხმებს ვპოვებ, მათი სმენა მმართებს.
შავ კიბეზე ვცხოვრობ და კეფას შესაზარი
ხვდება ცოცხლად აგლეჯილ ხორცთა იგი ზარი.

მთელი ღამე მოველი სტუმრებს უძვირფასესს, 
კარის ჯაჭვის ბორკილებს ვზიდავ  შიშით სავსე!

1930

ოსიპ მანდელშტამი

 კუზიანი მესიზმრება თბილისი
- -   - -  

კუზიანი მესიზმრება თბილისი,
მოხმიანე ირგვლივ საზანდარები,
ხიდზე ხალხის სიმრავლე და ხალისი.
დედაქალაქს ფერები აქვს ხალიჩის,
დაბლა მტკვრის ხმას სხვა რა დაედარება.

იქვე, მტკვარზე დუქანია მრავალი,
სადაც ბევრი ღვინოა  და ფლავია
და მედუქნეს,  რაც გინდა, დაავალე,
პირღაჟღაჟა ჭიქას გიწვდის მალ- მალე,
რით გაამოს, მისი საზრუნავია.

ისეთია მძიმე ღვინო კახური,
სარდაფებში უფრო კარგად  ილევა,
სადაც გრილა, შვებაა   არნახული,
შესვით ორმა, ლხინი რომ გაახუროთ!
მარტოკაცი სმაში  გადაირევა.

იქ პატარა დუქანია, იმისი
მეპატრონე ვერ იქცევა კაცურად,
,,თელიანს’ სთხოვ, დაიცლება სასმისი,
მოგედება,  ბინდში მთელ თბილისი
გაცურდება, შენც შიგ ბოთლში გაცურავ.

დაბერდესო კაცი, ასე ითქმება,
ხოლო ბატკანს ავნებს ხანის მატება.
და მთვარის ქვეშ უკვე ცეცხლიც ინთება,
ვარდისფერი ღვინის ორთქლში ინთქმება,
მწვადის ბოლი ფრენით გაიფანტება.

(1920, 1927, 7 ნოემბერი 1935)

ოსიპ  მანდელშტამი

***
ო, ცაო, ცაო,  დამესიზმრები ღამე.
არ შეიძლება, მთლად დაგიბნელდეს თვალი.
დაიწვა თეთრი დღე,  ვით ფურცელი რამე: 
სულ ცოტა კვამლი და ფერფლის დარჩა კვალი!

1911

ოსიპ მანდელშტამი

   გველი
- - - - - 

მწუხრი შემოდგომის -  რკინა დაჟანგული
ჭრიალებს,  მღერის და დამხრავს ხორციელად...
რაა მთლად საცდური, კრეზის საგანძური,
შენს პირბასრ წუხილთან, მამავ ზეციერო!

მე ვარ მოცეკვავე გველივით, ტანჯული,
მდგარი მის წინაშე მჭმუნვარე, მთრთოლავი,
მე არ მსურს სულისა ჩემისა კუნჭული
და გონი,  და მუზაც,   აღარ მსურს არავინ.

კმარა თვალთმაქცური ამ უაყოფების
ვხსნა ხვლანჯი,   გორგალი ვახვიო მე წაღმა; 
ვერც რას ვაღიარებ, უბრად  ვიმყოფები
და თასი მძიმეა,  თან არის არაღრმა.

რატომღა ვისუნთქო? ლოდებზე მროკავი
სნეული გველი თუ  იხვევა, გორგალობს,
ირწევა  და კისერს მორკალავს ვით კავი, 
და უცებ ეცემა უძალოდ მბორგავი.

და ასე  ამაოდ, დახვრეტის ლოდინში
ჩვენებით და  მღერით შეძრული,  უგონო
ვუსმენ პატიმრულად რკინის ჯახს,  უშიში
 და  ისმის ქარიშხლის შავბნელი გუგუნი.

ოსიპ მანდელშტამი

კრემლის მთიელი

ვარსებობთ ისე, რომ ქვეყანა ვეღარ გვიგრძნია.
ათ ნაბიჯს იქით ხმის გაწვდენა არ შეგვიძლია.
ხოლო თუ სადმე თქმა უჩუმრად არ არის ძნელი,
ისხენიება  უსათუოდ კრემლის მთიელი.
მსხვილი თითები,  ვით მატლები, აქვს არასუსტი,
ხოლო სიტყვები ფუთიანი გირივით  ზუსტი.
ტარაკანივით ულვაშებით მოცინარია.
ხოლო ჩექმები მისი  მუდამ სხივმფინარია.

ირგვლივ  კი ხროვა ახვევია წვრილკისრიანთა,
ართობს მონება ამ  ნახევარადამიანთა.
ვიღაცა უსტვენს, ვიღაც კნავის, სხვანი ხავიან,
მხოლოდ ის ერთი ვერაგობს და გამჯოხავია.
ის როგორც ნალებს, ბრძანებაზე ბრძანებას ჭედავს.
ვის საზარდულში, შუბლში, წარბში, ვის თვალში სჭედავს.
თუ არ დახვრეტას, გადასახლებას მოგისჯის ისა,
ფართო გულმკერდი ჩაგიხუტებს  იმა ოსისა.

ოსიპ მანდელშტამი

ქარი აქანებს
- - 

ქარი  აქანებს ხეთა  უმწეო  რტოებს, 
სპილენძის მავთულს  ხმა აქვს უდარო დარში, 
და თოვლის ლაქებს -  მკვეთრ ნაკუწებად ტოვებს. 
სულ ესღა არის,  რაც საწყალ რვეულს დარჩა.

ო, ცაო, ცაო,  დამესიზმრები ღამე.
არ შეიძლება, მთლად დაგიბნელდეს თვალი.
დაიწვა თეთრი დღე,  ვით ფურცელი რამე: 
სულ ცოტა კვამლი და ფერფლის დარჩა კვალი!

მარგალიტური ხელწერა იყო  ყალბი,
და  ნაქარგობა აზრის   - არ გვინდა ისევ;
და მხოლოდ სპილენძს, დაუმარცხებელ ამბად 
სივრცე  ააცვამს  შავ,  წვრილად დაჭრილ ბისერს.

განა კი ვიცი, რა მატირებს და რატომ? 
გამომდის მარტო კვდომა და სიმღერები.
ნუღარ გამტანჯავ,  არაფერს ვნიშნავ მარტო 
და შავ სიზმრებში  შავ ქაოსს ვეფერები.

ოსიპ მანდელშტამი

ო, როგორ გვიყვარს
- - - - - - - - 

ო, როგორ გვიყვარს პირმოთნეობა
და ვფარავთ დავიწყებით,
 რომ ბავშვს სიკვდილი გვეახლოება,
მერე  გვაშორებს წლები.

კვლავ ლამბაქიდან წყენა შეხვრიტოს,
ცდილობს ძილნაკლი ბავშვი,
მე კი ვინღა მყავს, რომ ვეჯიუტო,
კენტად ჩარჩენილს გზაში.

თუმც მთვლემარ თევზთან  არ მსურს მსგავსება,
ღრმა უგონობით განსჯილს. 
 ეს არჩევანი მეძვირფასება -
ჩემი ტანჯვის და გარჯის.
ს

ოსიპ მანდელშტამი

მერგუნა სხეული

მერგუნა სხეული - ვინ მეტყვის, მე ეულს,
რა ვუყო ასე  მთელს  და ასე  ჩემეულს?

სუნთქვის და სიცოცხლის ამ სიხარულისთვის
წყნარისთვის,  მითხარით, ვემადლო გულით ვის?

მებაღეც მე ვარ და მე-ვე ვარ ყვავილიც,
არა ვარ  დილეგში მარტო შეყვანილი.

მარადისობისას ნაღვენთს შერეულა
სუნთქვა ჩემეული, სითბო ჩემეული.

ზედ აღიბეჭდება ეს მოხატულობა, 
არც დიდი ხანია, რომ აღარ იცნობა.

თუ წამის სიმღვრიე  კიდეც დაიღვარა,
ამ მოხატულობას ვერ წაშლის ვეღარა! 

ო. მანდელშტამი

ურწმუნონი ვერც აღდგომამ გაგვაოცა

(მარინა ცვეტაევას) 
 

ურწმუნონი ვერც აღდგომამ გაგვაოცა,
საფლავებზე ვსეირნობდით ჩვენ, ანცები.
- იცი,  მართლა სადმე მიწას ვხედავ როცა,
მაგონდება მაშინდელი ის ბორცვები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ადგილი, რუსეთი რომ უცებ წყდება,
შავი ზღვა რომ ყრუდ ნაპირებს ეხეთქება.

მონასტერთა გორაკები რომ მთავრდება, 
სადაც მერე ფართო მდელო  გაიშლება, 
ვლადიმირის  იმ სივრცეთა მიტოვება
არ მინდოდა,  სამხრეთისკენ გამგზავრება, 
მაგრამ სოფლურ, ჩაბნელებულ, უაზროთა,  
იმ ადგილთა  შეგუება  გახდა ძნელი,
თანაც ასეთ  გამოუცნობ მონაზონთან
შეყოვნება ტოლი იყო  - განსაცდელის.
დაგიკოცნი იდაყვს, რომ გაქვს რუჯდაკრული,
შუბლს გიკოცნი,  ცვილისა გაქვს თითქოს იგი.
ვიცი - თეთრად გადაგირჩა დაფარული.
 მაგ კულულთა  გიმალავდა  ოქროს რიგი.
ვკოცნი მაჯას, სამაჯურით დაფარული
თეთრი ზოლი რუჯის ფონზე გამჩნევია.
თავრიდში  კი რა მწველია ეს ზაფხული
და  რაგვარი საოცრების შემქმნელია.
შემოგცქერი ასე უცებ რუჯით ნაფერს.
საწყალ მხსნელთან  ძველებურად მოხველ ქალი.
 დიდხანს,  პირის მოუწყვეტლად დამეწაფე.
მოსკოვში კი ჩანდა ისე ქედმაღალი. 
ჩვენ სახელი გვრჩება მხოლოდ სათარიღე - 
სასწაული ხმა, ჟამისგან ვერშეცვლილი.
შემოპყრობილ მაგ ხელებში  ეს მიიღე - 
პეშვებიდან სილა ნელა  ჩამოცლილი!  

1916 г.

ო. მანდელშტამი

ნაღველმა ენით გამოუთქმელმა

ნაღველმა ენით გამოუთქმელმა
შეხსნა თვალები ვეებერთელა.
ყვავილის ვაზამ დღე გაითენა
და თავის ბროლის დაღვარა ელვა.

დარწყულებულა ოთახი მთელი
მოთენთილობით -   წამალი ტკბილი!
სამეფო ასე შემცირებული -
ამდენი ძილის არის შთანმთქმელი.

ცოტაოდენი ღვინო წითელი, 
ცოტაც მაისის მზე იდგეს კართან
და ციცქნა ბისკვიტს ფშვნიდეს თანდათან
სითეთრე მისი ნაზი თითების!

1909 г.

ოსიპ მანდელშტამი

კრემლის მთიელი

ვარსებობთ ისე, რომ ქვეყანა ვეღარ გვიგრძნია.
ათ ნაბიჯს იქით ხმის გაწვდენა არ შეგვიძლია.
ხოლო თუ სადმე თქმა უჩუმრად არ არის ძნელი,
ისხენიება  უსათუოდ კრემლის მთიელი.
მსხვილი თითები,  ვით მატლები, აქვს არასუსტი,
ხოლო სიტყვები ფუთიანი გირივით  ზუსტი.
ტარაკანივით ულვაშებით მოცინარია.
ხოლო ჩექმები მისი  მუდამ სხივმფინარია.

ირგვლივ  კი ხროვა ახვევია წვრილკისრიანთა,
ართობს მონება ამ  ნახევარადამიანთა.
ვიღაცა უსტვენს, ვიღაც კნავის, სხვანი ხავიან,
მხოლოდ ის ერთი ვერაგობს და გამჯოხავია.
ის როგორც ნალებს, ბრძანებაზე ბრძანებას ჭედავს.
ვის საზარდულში, შუბლში, წარბში, ვის თვალში სჭედავს.
თუ არ დახვრეტას, გადასახლებას მოგისჯის ისა,
ფართო გულმკერდი ჩაგიხუტებს  იმა ოსისა.

ანა ახმატოვა

(რად მომიწამლეთ)

***

რად მომიწამლეთ სასმელი წყალი
და ამრიეთ ტალახში პური?
რად გინდათ, ბოლოს თავისუფალი
ბუნაგში გყავდეთ დატყვევებული?

რადგან აბუჩად მე ვერ ვიგდებდი
მეგობრებს ჩემსას, დაღუპულს მწარედ?
რადგან ერთგულად მიყვარდა დღემდი
ჩემი მწუხარე სამშობლო მხარე?

ჰო, საქონდაქრის ანდა ჯალათის
გარდა,  პოეტებს რა გველოდება?
ჩვენ -  მონანულთა  გვერგო  ხალათი,
ჩვენ - ხელში სანთლით სვლა და გოდება!

[1935]

მარინა ცვეტაევა

,,ჩემო პატარაო“
- - - - - - - - - - - - - -

თეთრო, თეთრო შროშანოო,
ვარდო წითელ კოკორაო,-
ყველამ ასე უნანავა,
უთხრა ,,ჩემო პატარაო“

- სახე - მართლა, ხატისაო,
ხმიანება - ნიბლიასი...
მუხლზე ეჯდა საესავი,
და არწევდა ნელა, ასე.

მარჯვნივ-მარცხნივ გადიხარა
ბევრჯერ ღმერთის ქანქარაო,
და რჩებოდა მისამღერი 
მაინც ,,ჩემო პატარაო“.

არ ეცვლება ღმერთს ფიქრები,
ვერ ასცდები ბედის გზასო,
ვერ გადიდნენ - პატარები,
და ვერც ლაღი - დაებასო.

ედემს, ხის ქვეშ გაიხარე,
ვარდო წითელ კოკორაო,
ბოლოს მაინც მისამღერი 
დარჩა ,,ჩემო პატარაო!“

მარინა ცვეტაევა

ასე იქნება

- - - - - - - -

იმ წყნარი ბავშვივით, ბნელმა რომ ალერსით დაფარა,
მზერა უსაშველოდ დაღლილი ირგვლივ მოატარე.
დგახარ ფანჯარასთან უძრავად, კორიდორს მოჩქარე
ნაბიჯი დაატყო ვიღაცამ - მე არა!

გაიღო კარი და ... ქარ-ყინვის ნაკადი პატარა...
სურნელი სინედლის და ბედნიერების... შფოთვები ჩამდგარა.
დუმილის სულ რაღაც წამიც და პარმაღზე მომდგარი
მსუბუქად იცინის ვიღაცა - მე არა!

ტრამვაის ჩრდილებმა კედელზე კვლავ ჩამოიარა,
ქვემოდან ორკესტრის ხმაც აღწევს, ჩუმად ასრულებენ
და ,,- დაე,  ერთმანეთს უსიტყვოდ შევურწყათ სულები"-
ღელვით უჩურჩულებ ვიღაცას - მე არა!

-,,რამდენი წიგნია!.. მეგონა.. უკვე გამიარა
სიცივემ, უცეცხლოდ ჯობია... სიტყვაც კი აღარ მომაგონდა"...
ხედავენ ჩავლილი ჩრდილები ტრამვაის ვაგონთა
შენს გვერდით, დივანზე ვიღაცას - მე არა!

მარინა ცვეტაევა

ალას
- - - 

და ერთხელაც -  როცა -  ისე, როგორც წყალი,
გზა მარადი გიხმობს, ვეღარ გადურჩები, 
ნუ იქნები გველურ ბუნებასთან  მწყრალი, 
დაგვივიწყე - სახლიც  -  მეც -  ლექსებიც ჩემი!

დაიხსომე მხოლოდ: დაბერდები მალე.
სვი, აჭენე   მღერით  სამცხენები,  კიდევ,
ლურჯთვალება ბოშა იყავ  კიდით-კიდე,
დაიხსომე მხოლოდ: ქვეყნად არ გყავს ცალი
და სუყველა შემხვედრს ყელზე დაეკიდე!

აჰ,  პარიზის  ბულვარს ანათებენ უხვად!
(აზრობ - ანთებულა მილიონი თვალი!)
აჰ, მადრიდში ისევ   გიტარები ქუხან!
(და მე რამდენს ვწერდი - მათით მუდამ  მთვრალი!)

დაიხსომე მხოლოდ: (თვალებმოელვარეს
იალქნები გიხმობს -  იყოს ბედი შენი!)
დაიხსომე მხოლოდ: დაბერდები მალე,
შვილო, დაივიწყე -  ყველა დანარჩენი!

მარინა ცვეტაევა

მცდელობა ეჭვის
- - - - - - - - - - - - -

სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, ნეტა,
ადვილია, არა ? - ნიჩბის გაკვრა! -
სანაპირო ზოლი გაიმეტეთ.
ნუთუ ხსოვნა ისე მალე გაქრა,

რომ კუნძული აღარც გაგონდებით,
მოცურავე (წყლებში არა - ცაზე).
სულნო, სულნო! უნდა დარჩეთ დები,
საყვარლობა არ გეღირსათ - ასე!

სხვასთან როგორ გეცხოვრებათ? ქალი
მარტივი გყავთ, ძლებთ უღვთაებებოდ?
ჩამოაგდეთ ტახტით დედოფალი
(ჩამობრძანდა და თვით მოგეგებათ).

სხვასთან როგორ გეცხოვრებათ - წვალობთ -
თუ გიდგებათ - გული? გეკვრით? დავობთ?
საზიზღრობის საზღოს - სანაცვალოდ
როგორ იხდით, ნეტა, საცოდავო?

,,გულყრები და ხელშეშლები კმარა,
საქირაოდ ბინას შევარჩევო"
სხვასთან როგორ გეცხოვრებათ - ქმარად
ერთ რიგითთან, თქვენ, რჩეულო, ჩემო!

უფრო ნაჩვევს, შესაჭმელად ადვილს
შეეგუეთ სარჩოს? არაფერი...
მსგავსთან როგორ მორგებიხართ ადგილს!
სინაის მთა ნანგრევს დააფერეთ.

სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, უცხო
და ყოფითი - ნეკნით შეიყვარეთ?
და არ გიწვავთ შუბლს სირცხვილის სიცხე,
ლაგამი რომ გექაჩებათ მწარედ?

სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, - იცით?
გემღერებათ - როგორ? გამოგიდით?
წყლულს სინდისის, ნეტა, მარადისის,
საცოდავო, უმკლავდებით რითი?

სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, მდარე
საქონელთან? იაფია - ღალა?
თქვენ, კარარის მარმარილოს მერე,
თაბაშირის დანაფხვენთან ღალატს 

იტანთ? (ღმერთი, ქვაში გამოთლილი
ერთიანად დაილეწა ასე!)
სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, ლილიტს
გიჯობთ ქალი მეასიათასე!

დაგანაყრათ ამ სიახლემ ბაზრის? 
არ გიზიდავთ უკვე ჯადოსნობა.
სხვასთან როგორ გეცხოვრებათ? - აზრით?
შეგრჩათ ქალი უმეექვსეგრძნობო?

თავზე ხელი: ბედმა მართლა გარგოთ?
არა? კარგავთ უფსკრულს მყოფი იმედს?
სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, კარგო -
უმძიმესად თუ ჩემსავით მძიმედ?

ანა ახმატოვა

(ვმუჭავ ხელებს შავ ვუალქვეშ..) 

***

ვმუჭავ  ხელებს შავ ვუალქვეშ... მესმის:
,,რატომ ხარო დღეს ფერმკრთალი ასე?"
- იმიტომ, რომ იგი უმძიმესი
ნაღვლით ვათვრე და ბოლომდე ვასვი.

დავივიწყებ? -  როგორ? გაბარბაცდა.
ტანჯვისაგან მოეღრიცა  პირი.
ჩამოვრბოდი, მოაჯირსაც  ავცდი.
დავედევნე ჭიშკრამდე და ვყვირი

სულთმობრძავი: ,,რაც გითხარი, ყველა
ხუმრობაა. წახვალ - ვკვდები. დარჩი!
გაიღიმა მშვიდად, დამღუპველად,
მიპასუხა: ,,ნუ დგახარო ქარში!''

მარინა ცვეტაევა

***

ცივდება ორი მზე,– ო, ღმერთო რას მერჩი!–
პირველი ზეცაზე, მეორე ამ მკერდში.
მზეები, – ნეტა თვითშენდობას ავიტან?...
მზეები გონს რომ მირევდნენ თავიდან!....
ცივდება ორივე – აღარ მწვავს იმდენად...
მათში უცხელესი – ადრე გაცივდება!

მარინა ცვეტაევა

ფსიქეა

არ ვარ თვითმარქვია - მე შინ დაგიბრუნდი,
და არც მსახური ვარ -  ვითხოვო ნამცეცი.
მე -  შენი ვნება ვარ, კვირის დასვენება,
შენი დღე მეშვიდე, შენი მეშვიდე ცა.

მე გროშებს მიყრიდნენ თავადვე მიწანი 
და კისრად რომ მაბეს,  ის ქვებიც იქვეა.
ჩემო სიყვარულო! ნუთუ ვერ მიცანი, 
მე შენი მერცხალი - ფსიქეა!

ბორის პასტერნაკი

ზამთრის ღამე

ცრიდა და ცრიდა უსასრულოდ დედამიწაზე
და ტრიალებდა ფანტელების კორიანტელი.
სანთელი ენთო მაგიდაზე,
ენთო სანთელი.

როგორც ზაფხულში ევლებიან ცეცხლს ფარვანები
და ალისაკენ მიიწევენ შეკრულნი ჯარად,
აფრინდებოდნენ ფანტელები
გარეთ ფანჯარას,

ხოლო ქარბუქი ხელსაქმობდა ფანჯრის მინაზე
და მინა თეთრი წრე-ისრებით მოქარგა მთელი.
სანთელი ენთო მაგიდაზე,
ენთო სანთელი.

ოთახის ჭერი ნათდებოდა,
აჩნდა ჩრდილები
ხელთა და ფეხთა, ბედის
გადაჯვარედინების.

ცვიოდა წყვილი ფეხსაცმელი
კაკუნით, ერთად,
და სასანთლიდან ცვილის ცრემლი 
კაბას ეღვენთა.

იკარგებოდა ყველაფერი თანდათან ასე,
ჭაღარა ბურუსს დაეფარა სამყარო ვრცელი.
სანთელი ენთო მაგიდაზე,
ენთო სანთელი.

კუთხიდან სანთელს უბერავდა,
ნდომა გზნებული 
ანგელოზივით წყვილად შლიდა 
ფრთებს ჯვრისებურად.

და თებერვალი თოვაში ასე
გავიდა მთელი.
სანთელი ენთო მაგიდაზე,
ენთო სანთელი.

ბროდსკი

შობა
- - 

მოვიდნენ მოგვები. პატარას ეძინა ღრმა ძილით.
 ზეცის კაბადონი  ვარსკვლავის კაშკაშით ნათობდა.
ქარმა გამყინავმა ნამქერით დაფარა მანძილი.
ჩქამობდა  ქვიშა და წინკარში  ცეცხლისპირს ათოვდა.

კვამლი, ვით სანთლისა ზეცისკენ დიოდა
რგოლებად.
ჩრდილები ხანდახან მოკლედ და ხანდახან გრძელადაც
მოჩანდნენ. იქ, ირგვლივ  მყოფთაგან არავინ ჰგონებდა,
სიცოცხლის ათვლას რომ იმ ღამით დაწყება ელოდა.

მოვიდნენ მოგვები. პატარას ეძინა ღრმა ძილით.
ბაგას მოხვეოდა  თაღებად შუქი  ჩაუქრობი.
თოვლი ტრიალებდა.  თეთრ ბოლქვებს ორთქლისა ეძალა. 
იწვა ყრმა ბაგაში და  ეწყო მოგვთა საჩუქრები.

1963

ელდარ რიაზანოვი 

ნეტა ვიყო

***
ნეტა ვიყო ქვეყანაში,
რომ შემეძლოს ვიამაყო,
თუმცა ამოდენა ყაყში
გავჩნდი, რათა ყოფა დავყო.

რუსეთს ღმერთმა ვერ უშველა,
ვერც მეფემ და რესპუბლიკამ.
ქურდობს, ლოთობს, ყიდის ყველას
 ერთ მანეთად ეს პუბლიკა.

მოგატყუოს, მოგდოს შარი,
გძარცვოს - აი, საქებელი!
გზაბნელია, საშიშარი
ეს სამშობლო თვითმპყრობელი.
 
წლები გადის, სად მიხვედი,
კაცურ ყოფას მონატრულო;
მუდამ ჭირი უცაბედი 
მოაქვთ შენთვის წლებს, მამულო!

ანა ტიმირევა -  ადმირალ ა. კოლჩაკს

(ამათი სიყვარულისა და 1920 წელს ადმირალ კოლჩაკის დახვრეტის ისტორია გემახსოვრებათ)

ანა ტიმირევა

***
ვერ ვეგუები, ნახევარი საუკუნეა
და ამას უკვე არაფერი არ ეშველება.
ისევ მიდიხარ, ვით იმ ღამეს, კვლავ უკუნია,
საბედისწერო მეორდება  ისევ ჩვენება.

 მე კი რა გზა მაქვს, მომესაჯა, ვიარო ასე,
ვიდრე  მოაწევს ჟამი ჩემი გარდაუვალი
და დახლართულა სავალები ცხოვრების გზაზე,
სათავიდანვე გზა გვერგუნა ჩვენ  გაუვალი.

თუმცა ამქვეყნად თუკი ცოცხლად ვარ მოარული,
ბედის ჯინაზე, სხვანაირად ვის ეგონება,
ვიდრე ვარ ქვეყნად, მხოლოდ შენი ვარ სიყვარული,
ვიდრე ვარსებობ, მხოლოდ შენი ვარ მოგონება.

1970

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი