ბორის პასტერნაკი - *** (სხვები გიყვარდეს)
პასტერნაკის ერთი ლექსი - ორ ქალს ჩვეულებრივ მთარგმნელის მინაწერს ბოლოში ვურთავ ხოლმე ლექსს. ახლა გადავწყვიტე, რომ უმჯობესია, მკითხველი ჯერ ამას გაეცნოს. მთარგმნელისაგან: პასტერნაკის ეს ლექსი- ელეგია - ჯვარედინად გარითმული სამსტროფიანი, ოთხტერფიანი იამბი - რუსული პოეზიის საგანძურს კი მიეკუთვნება, როგორც სატრფიალო ლირიკის გამორჩეული ნიმუში, მაგრამ … ოჰ, კაცებო, სინსილა, სინსილა გაწყდეს თქვენი! (მედეა ჩახავას ხმაზე, კინოფილმიდან ,, აბეზარა”!) გაგიგიათ, ერთი ლექსის ადრესატი ერთდროულად ორი ქალი იყოს? მეტყვით, ორს ეძღვნებოდეს კი არა, და შეიძლება, ერთ ლექსი ერთ ქალს ეძღვნებოდეს, მაგრამ ზოგადდებოდეს და ავტორს მთელი საქალეთი ჰყავდეს ადრესატადო. არა, მე თვითონ მეტი რა ვიცი, თუ ქართული თუ უცხოური პოეზიიდან. ის კი არა და, ავტორმა რომაც არ გვიგულისხმოს, განა ჩვენ, ქალებმა თვითონვე შესანიშნავად არ ვიცით პოეზიით ზეაზიდული ქალის როლის მორგება? - ისევე, როგორც “შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი” წარმოსთქვამ და გაგახსენდება ყველა მამაკაცი შეყვარებული, ვისთვისაც გული ასე დაგიწყვეტია შენი გათხოვებით… ან გინდა გჯეროდეს, რომ ასეც იყო. ახლა, ლებანიძის “ციცო” ?!- საქართველოში ყველა ციცომ და მასზე შეყვარებულმა ზეპირად რომ იცის და მისთ. მე სხვა სიტუაციას ვგულისხმობ, შეიძლება ადრესატებიდან - ერთი - საკუთარი, მოქმედი ცოლი იყოს და მეორე - ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის ცოლი? ბ. პასტერნაკს ევგენია ლურიესთან (ევგენი პასტერნაკის დედა) ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლაო, ვერ ვიტყოდით. მის მხატვარ ცოლს საერთოდ ეჯავრებოდა საოჯახო საქმიანობა. თეფშსაც არ გადაავლებდა წყალს. დაგვა, რეცხვა, სადილის კეთება და ა.შ. სულ ბორისის საქმე იყო წლების მანძილზე (1922-1931) და აი, 1929 წელს “მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი” პიანისტ ჰენრიჰ ნეიჰაუზის ცოლი - ზინაიდა. არ იყო ზინაიდა დიდად ინტელექტუალური პასტერნაკის მხატვარი ცოლივით, რუსები რომ ,,პრასტადუშნაიას” ეტყვიან, ისეთი იყო, დიდად არც გარეგნობით გამოირჩეოდა გვრიტივით წყნარი, მომსახურე, სიმართლის მთქმელი ეს ქალი …. მათი რომანის დასაწყისში ერთხელ პასტერნაკმა რაღაც ლექსი წაუკითხა და ქალმა პირდაპირ უთხრა, მანდედან ვერაფერი გავიგე, რა კარგი იქნებოდა, უფრო გასაგებად რომ წერდეთო! გულწრფელმა ზინაიდამ ორი წელი გაუძლო ერთდროულად თბილისში ფორტეპიანოს მასწავლებლად ნამუშევარი ნეიჰაუზის ცოლობას და თან პასტერნაკის მუზობას და 1931-ში ქმარს გაშორდა. მაგავე წელს ტუბერკულიოზით დაავადებული ცოლი პასტერნაკისა - ევგენია გერმანიაში გაემგზავრა სამკურნალოდ. არეულზე არეული წელი იყო. ყოველდღე რაღაც ხდებოდა. 1931-შია დაწერილი სწორედ ეს ლექსი. ერთი წლის მერე 1932 -ში, პასტერნაკმა ზინაიდას გულისთვის მთელი ბოთლი იოდი რომ დალია, ქმარს შეურიგდაო და სიკვდილისაგან ისევ მოწყალების დად ნამუშევარმა ზინაიდამ იხსნა, შეუღლდნენ კიდეც, შეეძინათ ლეონიდე - პასტერნაკის მეორე ვაჟი. ოცდაათიან წლებში ახალი ცოლი საქართველოშიც ჰყავდა ჩამოყვანილი, (მეორე ვიზიტისას), აქ ცისფერყანწელთა ოჯახებსაც დაუახლოვდა. სურათის სისრულისათვის აღვნიშნავ, რომ არც ზინაიდა ნეიჰაუზი ყოფილა პასტერნაკის ბოლო მუზა. ეს იყო “დოქტორ ჟივაგოს” ლარას პროტოტიპად მიჩნეული, რამდენჯერმე რეპრესირებული ოლგა ივინსკაია, რომელსაც 1946 წლიდან დაუახლოვდა, ზინაიდამ სასიყვარულო სამკუთხედის ეს ამბავი იცოდა, არც სკანდალები დაკლებიათ ცოლსა და მეგობარ-საყვარელს, ქმარი ცალკე მას და ცალკე ოლგას წრფელ წერილებს წერდა, მხოლოდ შენ მიყვარხარო. მოკლედ, აქ მთელი რია-რიაა, რა! გვეყოფა! ამ ლექსში პასტერნაკის იმდროინდელი მდგომარეობიდან იმდენი რეალიაა შეტანილი, რომ ეს თუ არ იცი, ვერ გაიგებ, რა მძიმე ჯვარიო, დასაწყისიდანვე (ანუ მისი მოქმედი ცოლი) რა ნაგავიო, უნაგვო ყოფაო. ამ ამბების გარეშე მკითხველს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ პოეტური ტექსტი თარგმანში - ცოტა არ იყოს, წინააღმდეგობრივია. არადა, თვით ორიგინალის ტექსტია ასეთი. იმედი მაქვს, ცოტათი დავეხმარე მკითხველს ლექსის შექმნისდროინდელი რეალური კონტექსტის გახსენებით. ბ. პასტერნაკი სხვები გიყვარდეს - ჯვარია მძიმე. შენ მშვენიერი ხარ უაუგო და შენს მშვენებას გაუგო რამე, უდრის - სიცოცხლეს არსი გაუგო. გაზაფხულს სიზმრის შრიალი ახლავს და ჩურჩულია სიახლის, წრფელის, შენ ამ საწყისთა ოჯახიდან ხარ. შენ ჰაერივით ხარ უზაკველი. გამოიღვიძო და გონს მოეგო, გულს მოაშორო სიტყვები ფლიდი და აწ უნაგვოდ ყოფნას მოერგო, ამას - არ უნდა ხრიკობა დიდი. 1931 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Борис Пастернак * * * Любить иных тяжелый крест, А ты прекрасна без извилин, И прелести твоей секрет Разгадке жизни равносилен. Весною слышен шорох снов И шелест новостей и истин. Ты из семьи таких основ. Твой смысл, как воздух, бескорыстен. Легко проснуться и прозреть, Словесный сор из сердца вытрясть И жить, не засоряясь впредь. Все это — не большая хитрость. 1931
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი