ანა ახმატოვა - ყველა ძვირფასი სული ვარსკვლავს გადაესახლა


ყველა ძვირფასი სული ვარსკვლავს გადაესახლა - ანა ახმატოვა 

    მთარგმნელისაგან: ანა ახმატოვას პოეზიის მოყვარულები აქ უცებ იცნობენ მის “გასეირნებათა” ლექსების სტილურ თავისებურებას. კერძოდ, ლექსის ლირიკული პერსონა მისეირნობს სადმე, ბუნების ხატი მასში  აღძრავს ლირიკულ განწყობას და უბრალო მოკვდავის თვალისთვის თითქოს ჩვეულებრივი ამბები  სიმბოლური (
და არა სიმბოლისტური! - ნ. დ) მნიშვნელობით იტვირთებიან.
  დავუკვირდეთ, რამდენი და რამდენნაირი ტირილია ამ პატარა ლექსში.
ა) ქალის ტირილი
ბ) ტირიფი - მტირალი ხე
გ)  მდინარე ან ტბა დაუსახელებლად, ატრიბუტიტულად - ნაპირით შემოტანილი პოეტურ ტექსტში
დ) სექტემბრის წვიმიანი, ალაგ მზეშერეული ამინდი
    მოკლედ,  ძალიან “სველი”  ლექსია.
    ფინალში შემოდის რელიგიური თემა, ხარების მონიშვნით. კომპოზიციურად იგი კრავს ლექსს, რომელიც გარდაცვლილთა სულების თემით იწყება.
სალექსო ფორმაში დიდად საყურადღებო სიახლე არაფერია.  ჯვარედინად გარითმული, ანასთვის არცთუ ორიგინალური  რიტმით.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ლექსის  შექმნის თარიღსაც  და გაიხსენოთ, რომ 1921 ის აგვისტოს 7- ში  “გარდაიცვალა  მეფე-პოეტი ალექსანდრ ბლოკი”(გალაკტიონი) და რაც მთავარია,  იქიდან ორ კვირაში - ანას ქმარყოფილი და მეგობარი, მისი ერთადერთი შვილის ლევის მამა  - ნიკალაი გუმილიოვი  (26 აგვისტი)
ლექსში კი სექტემბერია!

ანა ახმატოვა

ყველა ძვირფასი სული ვარსკვლავს გადაესახლა

***
ყველა ძვირფასი სული ვარსკვლავს გადაესახლა.
რარიგ კარგია, დასაკარგი  შემომრჩა  ვერრა.
ვინ გიშლის ტირილს! ცარსკოე სელოს ჰაერი ახლა
იმისთვისაა,  რომ  იმეორო  ძველი სიმღერა.

მოსჩანს ნაპირთან  ვერცხლისფერი ტირიფი მდგარი
და სექტემბრის თვის  მოკამკამე წყალს ეკარება.
გარდასულიდან  აწ  უთქმელად, ჩუმად აღმდგარი
ჩემს შესახვედრად ლანდი ჩემი მოეჩქარება.

და აქ ტოტებზე  დაკიდულა იმდენი ქნარი,
ჩემს ქნარსაც ელის  მათში შერთვის არ დახანება,
ხოლო ეს წვიმა, მზიანი  და ზანტად მდინარი,
ჩემთვის  ნუგეშისცემაა და ჩემი ხარება.

1921
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова

Все души милых на высоких звездах

***

Все души милых на высоких звездах.
Как хорошо, что некого терять
И можно плакать. Царскосельский воздух
Был создан, чтобы песни повторять.

У берега серебряная ива
Касается сентябрьских ярких вод.
Из прошлого восставши, молчаливо
Ко мне навстречу тень моя идет.

Здесь столько лир повешено на ветки…
Но и моей как будто место есть…
А этот дождик, солнечный и редкий,
Мне утешенье и благая весть.

1921 г.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი