ედგარ პო - ელდორადო


მთარგმნელისაგან: ედგარ პოს ამ  უცნობილესი  ლექსის,  რამდენადაც შესაძლებელია, ზუსტი თარგმანი ძალზე საჭიროა მათთვის,  ვინც ფრანგულ და რუსულ სიმბოლიზმსა და  მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებით, ქართული პოეტური კონცეპტების გენეზისსა და განვითარების დინამიკას იკვლევს.
ამაზე ზუსტად - უბრალოდ, წარმოუდგენელია პოეტურ თარგმანში ამ ლექსის გადმოტანა. 
 ყოველ შემთხვევაში, არც მე შემიძლია, სხვისიც არ მინახავს დღემდე.
თუ არსებობს, იცით და მიმითითებთ, გულით გამახარებთ.

ედგარ ალან პო

ელდორადო
- - - - 

მორთული რაინდი
სად მიდის, რა უნდა
მზესა თუ ჩრდილში და რადო?
გზა უდევს წინ გრძელი,
ლაღად მიიმღერის,
რომ ნახოს მან ელდორადო!

მაგრამ არ დაინდო
სიბერემ რაინდი.
ზედ გულზე რა ჩრდილი ადო!
ერთ-ორგან კი არა,
ყველგან მოიარა,
ვერ ნახა რამ ელდორადო!

და ხანი გამოხდა.
ქანცგაცლილს შემოხვდა
პილგრიმი აჩრდილი გზადო!
- აჩრდილო, მითხარი,
სად არის ის მხარე!
სად ვნახო მე ელდორადო?

- მთვარეზე არეა,
მთებზევით  მხარეა,
აჩრდილთა მარად  ველადო,
ცხენი გააჭენე, 
მედგრად გაიჭერი,
თუ გინდა შენ ელდორადო!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

-  - - 
 ისევ მთარგმნელისაგან: 

რას დავუკვირდეთ:

ელდორადო  - ედგარ პოს ერთ-ერთი გვიანი ქმნილებაა.
მასზე არაერთი მუსიკალური ნაწარმოებია დღემდე შექმნილი. 
პრაქტიკულად, მსუბუქ სასიმღერო, რეფრენული აგებულების ფორმაშია მოქცეული  ლექსის ღერძული კონცეპტი, რომ ელდორადო - საოცნებო მხარე - არ არსებობს დედამიწაზე , ანუ ვერ იპოვი, მთელი ცხოვრებაც რომ შეალიო ძებნას.
მაშ,  სადაა იგი?
ზემოთ, ცაში - მთვარის მთებს მიღმა 
აჩრდილთა მარადიული ველი ანუ საიქიოა და ელდორადო - საოცნებო მხარე იქაა.
მოხეტიალე აჩრდილი, რომელსაც გადაეყრება  უკვე მოხუცი რაინდი, იმ მიღმიერი მხარის  “მესინჯერია”,  იგი არცთუ შენიღბული ირონიით ამცნობს, რომ მისი აღსასრულის ჟამი ახლოვდება.
თუმცა თითქოს არჩევანსაც უტოვებს, თუ გინდა, ნახოო.
 მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ეს ნიშნავს, რომ  შენი მთელი ცხოვრების  მიუწვდენელი მიზანი შეიძლება უარსაყოფელიც გაგიხდეს, თუ გსურს, მიწიერი არსებობა  ცოტათი გაიხანგრძლივო.
საყურადღებოა ერთი მომენტიც: რეალობიდან მისტიკისაკენ შემდეგი მარშრუტი მიემართება:
ჩრდილი- აჩრდილი- აჩრდილთა მარადი ველი.

სალექსო  ფორმა, მოკლე,  ოთხი ექვსტაეპიანი სტროფები, ანუ სექსტეტი, გარითმული შემდეგნაირად aabccb, ddbeeb და ასე ბოლომდე. 
ამის დაცვა - სავალდებულოა თარგმანში

(ეს აბზაცი - მხოლოდ ვერსიფიკაციის მცოდნეთთვის - ორიგინალში იამბური დიმეტრისა და ტრიმეტრის  კანონზომიერი მონაცვლეობა გვაქვს სტროფებში. 
მე, ცხადია, ამას ზუსტად ვერ გადმოვიტანდი, ილუზია კი, რამდენადაც ქართული ლექსის ბუნებამ საშუალება მომცა, შევქმენი: იამბური დიმეტრის ნაცვლად - დაქტილური დიმეტრი, იამბური ტრიმეტრის ადგილას - ტრიმეტრი მაქვს, ოღონდ  დაქტილი- დაქტილი-ქორე. თარგმანში იგრძნობა სალექსო და სამეტყველო მახვილების კონფლიქტი, რაც ორიგინალშიც ასეა) 

 EDGAR ALLAN POE

Eldorado

Gaily bedight, 
   A gallant knight, 
In sunshine and in shadow,   
   Had journeyed long,   
   Singing a song, 
In search of Eldorado. 

   But he grew old— 
   This knight so bold—   
And o’er his heart a shadow—   
   Fell as he found 
   No spot of ground 
That looked like Eldorado. 

   And, as his strength   
   Failed him at length, 
He met a pilgrim shadow—   
   ‘Shadow,’ said he,   
   ‘Where can it be— 
This land of Eldorado?’ 

   ‘Over the Mountains 
   Of the Moon, 
Down the Valley of the Shadow,   
   Ride, boldly ride,’ 
   The shade replied,— 
‘If you seek for Eldorado!’r

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი