ანა ახმატოვა - ლექსებს
მთარგმნელისაგან: პოეტური თვითრეფლექსია - არსებობს ასეთი აუცილებელი ფაზა ნებისმიერი პოეტის შემოქმედებით ცხოვრებაში, თუკი, რასაკვირველია, სიცოცხლე დასცალდა. ანა ახმატოვამ - “რუსმა საფომ” (ა. გაწერელია)- ხანგრძლივი სიცოცხლე განვლო (1889- 1966). გავიხსენოთ, რომ დიდხანს სიცოცხლე ერთადერთი გზით მიიღწევა და ეს გზა - დაბერებაა. კომუნისტური ტოტალიტარიზმის მსახვრალ ხელს თვითონ ა. ახმატოვა კი ცოცხალი გადაურჩა, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, ვერც პირველ ქმარყოფილს - ნიკალაი გუმილიოვს უშველა (დახვრიტეს კონტრრევოლუციონერული საქმიანობისთვის, 1921-ში) და ვერც დაპატიმრებულ ვაჟს ლევ გუმილიოვს (1912-1992) არც კი ელაპარაკებოდა ერთადერთი შვილი - ლევი. იგი დარწმუნებული იყო, რომ დედამისს რომ პირადად სტალინისთვის, სხვა კომუნისტი ლიდერებისთვის თხოვნით თავი შეეწუხებინა, ციხიდან მისი გამოხსნა ადვილად შეეძლო, მაგრამ არ მოინდომა! (რეალურად კი - ვის აღარ სთხოვა დახმარება ანამ, არსებობს დოკუმენტები!) მოკლედ, არ დარჩა ტოტალიტარული ჯოჯოხეთის არცერთი გარსი, გარეთ დარჩენილ ანას რომ არ გამოევლო, და იგი მხცოვანი - საბჭოთა პოეტის სახელით მოკვდა მოსკოვში და შემდგომ საბჭოური პატივითაც დაიკრძალა ლენინგრადში, კომაროვოს სასაფლაოზე. დავუბრუნდეთ ისევ პოეტურ თვითრეფლექსიას. მას ნებისმიერი ავტორი ხშირად, მუდმივადაც მიმართავს, ოღონდ ავტორის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, განსხვავებულია სიხშირე და შედეგი. თვითრეფლექსიის დამახასიათებელ მხარეთა შორის ორი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანთა რიგს მიეკუთვნება: 1. ყოველ ჯერზე საკუთარი შემოქმედების ახლიდან გააზრება, აწონვა, ახლიდან ნაწილობრივი ან მთლიანი შეფასება. არაა აუცილებელი, ეს შეფასება - მაინცა და მაინც სწორი იყოს. 2. მიბრუნება ,საკუთარი” , უკვე რეალიზებული თუ მონიშნული თემებისაკენ და მათი ხელახალი, ახლებური დამუშავება. (მაგ. ახალი “მითისქმნადობა” - ახმატოვას მიერ სიბერეში ,,გახსენებული” ახალგაზრდული პარიზული რომანი მოდილიანთან, რომელზეც ადრე უკვე ბევრი ვისაუბრეთ) ვფიქრობ, ეს პატარა ლექსი, (1962), რომლის ავტორიც უკვე ხანდაზმული ახმატოვაა, პირველის მაგალითად გამოდგება: ანა ახმატოვა ლექსებს ისე მინათეთ გზა გაუვალი, ბნელში ვარსკვლავი ცას მოსწყდეს ოდეს, იყავით სიმწრეც, ჩემი ტყუილიც, ნუგეშისცემა კი - არასოდეს! 1962 ( თარგმანი ნინო დარბაისელისა) А. Ахматова К стихам Вы так вели по бездорожью, Как в мрак падучая звезда. Вы были горечью и ложью, А утешеньем — никогда. 1962 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი