ანა ახმატოვა - ხელობის საიდუმლოებანი. 2. რად მინდა


#თარგმანები

მთარგმნელისაგან:

ამ ლექსის მეორე სტროფის პირველი ორი ტაეპი

Когда б вы знали, из какого сора
Растут стихи, не ведая стыда,

მიჩნეულია ანა ახმატოვას პოეტური  იდიოლექტის ერთ-ერთ მთავარ  ფორმულად.
  კრიზისში ჩავარდნილი, ნასიმბოლისტარი  რუსული  პოეზიის    ახალი მიმართულებით წასაყვანად   ანა ახმატოვასა და გუმილიოვის  სამეგობროში გაერთიანებულმა პოეტებმა   იმთავითვე სცადეს  ყოფითი კონკრეტიკის  შემოტანა   ლექსში. ოღონდ არა  - მისი ვულგარიზაციის ან პრიმიტივიზაციის  ხარჯზე,  არამედ   კონკრეტული ყოფის ესთეტიზაციის გზით, ისინი მაინც უმაღლეს ესთეტებად რჩებოდნენ, სინატიფეს, ფრაზის დახვეწილ მიმოხვრას და აშ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
     თან ქალის მიერ,   თან ასეთი მკაფიო, მკვეთრად არაესთეტიკური განცხადება, ყოფის ნაგავში იბადებიან ჩემი ლექსებიო -   იმ დროს  მეტისმეტად სარისკო განცხადება იყო.  დღეს ეს ღიმილისმომგვრელადაც კი გამოიყურება, პოეტმა ქალებმა ისეთი ტაბუები მიანგრ- მოანგრიეს.
     მოგვიანებით ქართულ პოეზიაშიც გვაქვს ნაგვისა და შემოქმედის კავშირის თემა, ოღონდ უკვე სხვაგვარად, ორიგინალურად  დამუშავებული. ანა ახმატოვა თუ მას თხზვის წინარე მასალად აცხადებს, ბესიკ ხარანაული - 
წერს ,, ნაგავი რომ ვარ, იმიტომ ვარ საინტერესოო”
    ამ ციკლს, სახელწოდებით , “ხელობის საიდუმლოებანი” , რომელიც ათ ნაწარმოებს აერთიანებს  და საიდანაც ამ ბოლო დროს თარგმანებს გთავაზობთ, ანა ახმატოვა წლების მანძილზე, ამუშავებდა.  მისი ცალკეული ნაწილები ადრევე ჰქონდა გამოქვეყნებული, ერთიანი სახით გაცნობის საშუალება კი  მკითხველს 1960 წელს მიეცა.
 მასში გაერთიანებული ნაწარმოებები არც ფორმითა და არც ჟანრობრივად (არც სტილით, სხვათა შორის) ერთნაირი არ არის, თემატიკა აერთიანებს და ეს თემაა, როგორც სათაურივე გვეუბნება, საკუთარი შემოქმედებითი ხასიათის გახსნა  საკუთარი შემოქმედების რეფლექსირება. 
ოცდახუთი წლის მანძილზე კონკრეტულად რა ნაწილი როდის დაიწერა ამ ციკლისა,  ან როგორ გადამუშავდა ცენზურის პირობებში, მკვლევარებს ჯერ  საბოლოოდ არ დაუდგენიათ. 
ციკლი  ამ  - საბოლოო სახით გამოქვეყნდა ახმატოვს ბოლო კრებულში ,,დროის სრბოლა”

მთარგმნელისაგან

ანა ახმატოვა

ხელობის საიდუმლოებანი

2.

რად მინდა,  ლექსები სიმწყობრით ვამსგავსო ოდებს
 და არც ელეგიურ მშვენებას მინდა რომ  ჰგავდეს.
მე უნდა ლექსებში სულ  უადგილობა მქონდეს, 
სხვებს  არ დავემსგავსო ამდენს.

გეცოდინებოდათ, ნაგვიდან რამ  ამოწვერა  
ლექსები  უტიფრად, რარიგად იზრდება თან და
ჰგავს ყვითელს,  ღობისძირს ამოსულ ბაბუაწვერას, 
რამე  სარეველას ანდა.

ახალი  კუპრის სუნს ერთვის  დაყვირება ბრაზით,
კედელზე  კვალია რაღაც იდუმალი შმორის 
და ლექსიც -  ხმიანობს, მღელვარებს,  რარიგად ნაზი,
ხალისად ჩემს და თქვენს შორის. 

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Ana Ахматова

Мне ни к чему одические рати
И прелесть элегических затей.
По мне, в стихах все быть должно некстати,
Не так, как у людей.

Когда б вы знали, из какого сора
Растут стихи, не ведая стыда,
Как желтый одуванчик у забора,
Как лопухи и лебеда.

Сердитый окрик, дегтя запах свежий,
Таинственная плесень на стене…
И стих уже звучит, задорен, нежен,
На радость вам и мне.

1936- 1960

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი