მარინა ცვეტაევა - ანა ახმატოვას
მთარგმნელისაგან: გუშინ გიამბეთ, ანა ახმატოვას ცხოვრებაში ერთადერთხელ, (1941 წლის 7-8 ივნისს) შეხვდა მარინა ცვეტაევა-მეთქი. მოდით, ბოლომდე დავაზუსტოთ! როგორც ე. ჩუკოვსკაია იგონებს, იგი ანას მოსკოველ მეგობრის - ვიქტორ არდოვის სახლში მეორე დღესაც მისულა და შედარებით შეუბოჭავად ეჭირა თავიო. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი არ იყო, სულ სამი წელი, მაგრამ დასაწყისიდან, კარგა ხანს ანა ერთპიროვნულად დედოფლობდა, მოგვიანებით კი ახლობლებში გულისტკივილით აღნიშნავდა, ახლა ჩემს ლექსებს ნაკლებად ეტანებიან, ცვეტაევასნაირები მოსწონთო, ხოლო ცვეტაევა აღტაცებულ ლექსებს, …მეტიც, ლექსების ციკლს გაცნობამდე დაახლოებით ოცდაათი წლით ადრე - გასული საუკუნის ათიანი წლებიდან უძღვნიდა ანას - საკუთარი წარმოსახვის ნაყოფს - დედოფალს პოეზიისა. მარინას ანასადმი პიეტეტი არასოდეს განელებია, თუმცა მათ დისტანციურ ურთიერთობაში მაინც ჩნდებოდა(!) წვეტიანი მომენტები, რაც ენების მიტან-მოტანისა და საერთო ნაცნობების ,, დამსახურება” იყო. საერთო ნაცნობ-მეგობარი კი მართლაც არაერთი ჰყავდათ, ერთმანეთთან მიმოწერაც ჰქონდათ და ამ მხრივ მარინა უფრო აქტიურობდა, ანა მუდამ უგვიანებდა პასუხს და მერე თავაზიანად ებოდიშებოდა, რამე ასეთს მისწერდა, “დისგრაფია მჭირსო”. ერთიც იყოს: როცა ანა ახმატოვა მოსკოვში უნდა ჩასულიყო, რომ ძველი კავშირები გამოეყენებინა და კონტრრევოლუციონურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი, დაპატიმრებული ერთადერთი ვაჟის - ლევ გუმილიოვის გამოხსნა ეცადა რამენაირად, ეს ბ. პასტერნაკმა აცნობა ცვეტაევას და პოეტესების ის ცივი შეხვედრაც მისი მცდელობით შედგა. ისე, წარმოიდგინეთ, რა მძიმე ფსიქოლოგიური მომენტია ანასთვის. თავი გასჭირვებია და ამ დროს მხურვალე თაყვანისმცემელთან უსასრულოდ გაწელილ პირისპირ შეხვედრას უნდა გაუძლოს! მანამდე ცხოვრებას არც მარინასთვის დაუკლია მძიმე განსაცდელი, მაგრამ შეხვედრის დროს ამაზე სიტყვა არ თქმულა, არც ანას და მით უფრო არც მარინას მხრიდან, ხელიც არ ჩამოურთმევიათო. ახმატოვასადმი მიძღვნილი მარინას ლექსებიდან ეს ერთი შევარჩიე: “არ რუსულად ” აღნაგი სხეული, მხრებზე - თურქული შალი, მანტიასავით რომ მოსჩანს - ეს შტრიხები მკითხველის წარმოსახვაშიც ანას დედოფლურ, გრაფიკულ პორტრეტს ქმნის. ამ ადრეული ლექსის ორიგინალში უკვე გამოვლენილია მარინა ცვეტაევას პოეტური სტილისთვის ნიშნეული მღელვარე რიტმულ - ინტონაციური, ინდივიდუალურობა, სათქმელის გადმოცემისას განუმეორებლობა - . ბოლომდე ართქმის შეუდარებელი ხელოვნება, (“искусство недосказанности”), როცა ზოგჯერ გამოტოვებულია ლოგიკური ჯაჭვის მთავარი რგოლიც კი. მარინა ცვეტაევა ანა ახმატოვას ვიწრო, არ-რუსულად აღნაგი სხეული - ძირს ფოლიანტია. თურქული შალი კი მხრებზე მოხვეული, დაეშვა მანტიად. თქვენი გამოსახვა სულ ერთი წყვეტილით, შავით შეიძლება. ლხინში - სიცივეა, დარდი დაწრეტილი - ლხინით შეიცვლება. თქვენი ცხოვრება კი - კანკალს შეუპყრია, წასვლას რით ემონოს? ასე მოღრუბლული - ეს კუშტი შუბლია - ჭაბუკი დემონის. ყველა მიწიერით თავი შეიქციოთ, თქვენთვის იოლია. და უიარაღოდ ლექსი რომც აქციოთ, გულში გაგვჭოლია. ხუთის თხუთმეტია. ნელ- ნელა თენდება გარეთ და მარტო ვარ. მე თქვენ შეგიყვარეთ, ანა ახმატოვა! (თარგმანი ნინო დარბაისელისა) 1915 Марина Цветаева Анне Ахматовой Узкий, нерусский стан — Над фолиантами. Шаль из турецких стран Пала, как мантия. Вас передашь одной Ломаной черной линией. Холод — в весельи, зной — В Вашем унынии. Вся Ваша жизнь — озноб, И завершится — чем она? Облачный — темен — лоб Юного демона. Каждого из земных Вам заиграть — безделица! И безоружный стих В сердце нам целится. В утренний сонный час, — Кажется, четверть пятого, — Я полюбила Вас, Анна Ахматова 1915
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი