ანა ახმატოვა - შენს თეთრ სახლს


მთარგმნელისაგან:

სახლის  პოეტური კონცეპტი ანა ახმატოვას პოეზიაში საფუძვლიანადაა შესწავლილი.
    როგორც წესი,  მასთან სახლი წარმოგვიდგება სივრცედ, რომელშიც განშორების მერე რჩება სიყვარული, ხოლო ახმატოვას ლირიკული სუბიექტი ტოვებს მას,  იხსენებს რა მის ცალკეულ დეტალებს.         
     ახმატოვასთან ფერით მარკირებულია  - თეთრი სახლი და წითელი სახლი.
    საერთოდ, თეთრი  ფერის სიმბოლიკა მის პოეზიაში გამორჩეულია.
   არსებობს რამდენიმე ვერსია ამ ლექსის ადრესატის  ვინაობის შესახებ. თითოეულ ამ ვერსიას მოეძევება რეალიები,  ნიშნები, რომელიც “ვერ ერგება”  ლექსით გადმოცემულ. პოეტურ რეალობას.
   მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ მიმართებაზე  ,, ტვოითი” გამოხატულ ადრესატსა და  სახლს შორის; თვლიან, რომ სახლის, როგორც სიყვარულის ტოპოსის გამოკვეთა ხდება ამ ლექსშიც.  ლექსის დასაწყის ორ ტაეპში იქმნება სიტუაცია, რომელშიც განშორება  ადრესატიდან - სახლზე მეტონიმიურად გადადის, პირველი ვიზიონი სახლს უკავშირდება, ამის მერე ჩნდება დასაწყისში ნაცვალსახელით აღნიშნული ადრესატი, რომელიც არაერთი ქალის მუზა ყოფილა, მაგრამ ღირსეულად მხოლოდ ახმატოვას შეუძლია მისი ქება,  ამას მოსდევს ,, დობილი”, რომლისთვისაც ადრესატს სამოთხისმაგვარი საცხოვრისი მოუწყვია და ბოლო ორ სტრიქონში გარკვეულად ნიშნისმოგებითი თუ ყვედრებითი  ინტონაციით ჩნდება ლირიკული სუბიექტი, რომელიც კნინ როლშია წარმოდგენილი - ვაჭრად, რომელიც ყიდის უძვირფასეს საქონელს - ადრესატის სიყვარულსა და სინაზეს.
   ერთი კვირაც არ იქნება,  ვისაუბრეთ ახმატოვას სანკტ პეტერბურგულ,  მწარე გატაცებაზე -  ნიკოლაი ნედობროვოზე და  მისი ფოტოც დავდეთ. ვისაუბრეთ სილამაზით განთქმული მისი ცოლის ხელებზეც, შეგვეძლო ჩაგვეთვალა, რომ აქაც მას ვხვდებით…
    მაგრამ ახმატოვას პოეტურ სტილს ზოგადად ახასიათებს   არა მხოლოდ  ადრესატის, არამედ  მეტოქის ,,შემოყვანა “ , ლექსში რაიმე ერთი მხატვრული  დეტალით, შემოხაზვა და ეს შესაძლოა, რეალობასთან შორეულ კავშირში იყოს, ან საერთოდ არ უკავშირდებოდეს მას.
   მკვლევართთა ერთ ნაწილს ეს აფიქრებინებს, რომ  ეს   - ახმატოვასთვის განშორების თემის  კიდევ ერთი შესანიშნავი დამუშავებაა.

ანა ახმატოვა

შენს  თეთრ სახლს

შენს თეთრ სახლს და წყნარ ბაღს  მალე გავეცლები.
დე, იყოს  ცხოვრება   უდაბნო, ნათელი!
შენ ერთი,  მხოლოდ შენ გადიდო,  ვეცდები,
როგორც ვერ შესძლებდა  საქალეთი მთელი.

დღემდე გხსომებია ძვირფასი დობილი,
შეუქმენ სამოთხე და  ფიქრობ  იმაზე.
მე უცხო საქონელს ვყიდი  მონდობილი,
- სიყვარულს შენსას და შენეულ სინაზეს!

1913
სანკტ პეტერბურგი

(კრებულიდან ,, თეთრი ქარავანი” 1917)

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова  - Твой белый дом и тихий сад оставлю

Твой белый дом и тихий сад оставлю.
Да будет жизнь пустынна и светла.
Тебя, тебя в моих стихах прославлю,
Как женщина прославить не могла.

И ты подругу помнишь дорогую
В тобою созданном для глаз ее раю,
А я товаром редкостным торгую –
Твою любовь и нежность продаю.

1913

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი