იეიტსი - როს დაბერდები


ესეც ორჯერ მაქვს თარგმნილი.  იმედია, იმასაც ვიპოვი და დავდებ

უ. ბ.  იეიტსი
როს დაბერდები

გავა ხანი  და თმათეთრს ძილი მოგეძალება,
ბუხრისწინ მთვლემმა გადმოიღე ეს წიგნი მაშინ,
იკითხე ნელა! გაგახსენებს,  მზერის ცვალება
როგორ გშვენოდა და ღრმა ჩრდილი გამოხედვაში.

მომჯადოები  სხვა ვინ იყო ირგვლივ შენ გარდა.
ზოგს მართლა სწვავდი,  ზოგს  - მშვენებამ ტრფობა  ანდომა.
მოხეტიალე სული შენი კი ერთს უყვარდა
და სევდიანი  სახის  შენის ცვალებადობა.

და მოვარვარე ბუხრის თეჯირს რომ მიუჯდები,
ჩაიჩურჩულებ სევდიანად: აქ არ იბუდებს,
გადიარაო სიყვარულმა შორი  ქედები
და შეაფარა სახე ციურ მნათობთა გუნდებს.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი