ანა ახმატოვა - მთვარის ამოვლენა


#თარგმანები

მთარგმნელისაგან:

 ეს მცირე ლექსი ეძღვნება ტაშკენტელ კომპოზიტორს, 
ალექსანდრე ფეოდორის ძე  კოზლოვსკის. საყურადღებო მეჩვენება  ერთი,  თითქმის ყოველღამიერი მოვლენის  - ცაზე მთვარის გამოჩენის ერთდროულად ორმხრივი ხედვით   პოეტური ექსპლიცირება (ბუნებრივითა და ხელოვნებითით), რისი დიდოსტატობაც ანა ახმატოვას   სხვაგანაც არაერთგზის გამოუვლენია. 
   გვისაუბრია ამის შესახებ ადრე, როცა მისი ლექსების სტრუქტურისა და კომპოზიციის ერთ ასპექტს შევეხეთ. 
მოკლედ შეგახსენებთ -  ლექსების ერთი წყების თავისებურებაზე დაკვირვებისას ახმატოვასეული ხელწერის დასახასიათებლად სამი პლანი გამოვყავით:
 ა) რა ხდება გარეთ, ბუნებაში,  ან  პირობითად - ურბანისტულ  გარემოში. ეს მოვლენა განწყობითად  კავშირშია შემდგომ პლანებთან.  
   ბ.) რა ხდება  ადამიანთა  ინტიმურ ურთიერთობაში
გ) რას  განიცდის  (რუსული პოეზიისთვის მანამდე უცხოსა და უჩვეულოს, მისეულს) იმ დროს თავად ლირიკული სუბიექტი, რომელიც  ანა ახმატოვას შემოქმედებაში ძირითადად ემთხვევა ავტორს.
 ამ სამი პლანის თანმიმდევრობა ძირითადად ასეთივეა,  როგორც დავწერე. თუმცა გვაქვს გამონაკლისებიც, რაც ადასტურებს  აღნიშნული წესის ძირითადობას.
      ამ ლექსში სამივე ,, ბუნებრივი შედარება:  სადაფი, აქატი,  მინა - არაორგანიკას მიეკუთვნება,  ,,ცივია”.
აქ  რას ვგულისხმობ, უცებ გახდება გასაგები, თუ  გავიხსენებთ ქართული კლასიკიდან გალაკტიონის ნაზსა და სურნელოვან შედარებას:
“მთვარე თითქოს ზამბახია, შუქთა მკრთალი მძივით” .
 ერთი სიტყვაც ლექსის ფორმაზე და გვეყოფა:
  რიტმიკის თვალსაზრისით ეს არის შეხმიანება პუშკინთან, კერძოდ, მის უცნობილეს ლექსთან:

Я помню чудное мгновенье:
Передо мной явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

თუმცა  პუშკინისეულ სტროფიკას  ახმატოვა არ იმეორებს. 
  ის გარემოება, რომ  “რიტმული შლეიფი” აქ ნამდვილად პუშკინისეულია, დასტურდება  სათაურითაც, ვგულისხმობ კორელატს  - Явление (!) луны - ახმატოვა, явилась ты  -  პუშკინი, რომელსაც მე შევურჩიე ქართულ შესატყვისად  “ამოვლენა”.
 საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ცვეტაევასგან განსხვავებით, ახმატოვა ლექსის ფორმობრივი ნოვაციებით დიდად არ გამოირჩევა და (მო
მკლავენ ამის თქმის გამო, ახმატოვისტები!) მაინც პუშკინის არეალში რჩება. ორიგინალის გარითმვის სქემაა - ababab. 
მე  ცოტა გადავუხვიე და  მარტივი, პირობითი  რითმები (aaaaaa) მოვარგე თარგმანში.  ისე რომ ვთქვათ, რითმათა სიახლის მხრივ, დიდად არც  ორიგინალი გამოირჩევა.

ანა ახმატოვა

მთვარის ამოვლენა

(ა. კ.-ს)

სადაფით თუ აქატიდან,
დაბურული მინიდან
უცებ ცერად ამოვიდა,
მოზეიმედ გაცურდა,
ჰგავდა “მთვარის სონატას” და
გადაგვიჭრა გზა ციდან.
 25/ IX, 1944

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)


Анна Ахматова

ЯВЛЕНИЕ ЛУНЫ
А. К.

Из перламутра и агата,
Из задымленного стекла,
Так неожиданно покато
И так торжественно плыла, —
Как будто «Лунная соната»
Нам сразу путь пересекла.

25 сентября 1944

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი