მარინა ცვეტაევა - აი, მესმის
#თარგმანები მთარგმნელისაგან ვერ ვიტყოდი, რომ ჩემთვის ადვილი სათარგმნელი იყო. ვიტყვი ხოლმე, აღარ განვმარტავ ამ რაღაცეებს, თურმე ვიღაცეებს - ჩემი კომენტარები კიდეც აღიზიანებს, მაგრამ რა ვქნა, არ გამოდის სხვანაირად! აბა, როგორ არ ვთქვა, რომ ეს ლექსი ორპლანიანია, ვინც კონტექსტი არ იცის მისი - ქრისტიანული, ეგონება, ქალკაცური სიყვარულის მოახლოებაზეა საუბარიო. არადა ქრისტიანი მორწმუნისაა მეორე (ან იქნებ პირველი პლანი. ამ “ძალიან პირად” ლექსზე თითქმის 20- 21 წელი აქვს ნაფიქრი. 1918- 1939). ამასობაში საზოგადო და მისი პირადი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა. საბჭოთა ხელისუფლებამ ჯერ შპიონაჟში ჩაბმა დაავალა მის ოჯახს, დავალების წარმატებით შესრულების შემდგომ ამავე მიზეზით შვილი უფროსი გოგო და ქმარი დაუჭირეს, მაგ პერიოდში აქვს ამ ლექსზე მუშაობა დამთავრებული. ყველაზე ძნელი - სათარგმნელად იყო “ცხვრის საწმისის ტალღას ჩაჰყევ ხვეულს” ამ სახის გასაღები მისი ბიოგრაფიის რეალიაში დევს. საწმისი რაცაა, ვიცით, ოქროს - არ ახსენებს, ხოლო ტალღას - ორი მნიშვნელობა აქვს. დახუჭუჭებულობასაც მოიცავს და ასევე რაღაც მოძრაობის აყოლაზეც მიანიშნებს. საქმე ისაა, რომ მარინა ცვეტაევამ პირველი ლექსები 17 წლის ასაკში გამოაქვეყნა 1910 წელს და ეს პუბლიკაცია იყო ჟურნალ “ზოლოტოე რუნოში” ,, ოქროს საწმისში” . ჟურნალის ირგვლივ მაშინდელი საუკეთესო შემოქმედებითი ძალები იყვნენ თავმოყრილნი და მათ მოძრაობას ანუ ტალღას ავყევიო. და მისთ. მარინა ცვეტაევა *** აი, მესმის - თუმც ვერ ვარჩევ სიტყვებს, აი, მოდის - უცებ ხდება ბნელი. ველით მოდის, ან ველზემოთ იწყებს, თუ გულშია - ის ხმა - საკვირველი. წინ, სად გელის ცეცხლი გამტანჯველი!- ცხვრის საწმისის ტალღის ჩაჰყევ ხვეულს! მე ზეცისკენ გამიწვდია ხელი - ვით ერთ გოგოს - ადრე - იმ შორეულს. (თარგმანი ნინო დარბაისელი) Марина Цветаева *** Вот: слышится — а слов не слышу, Вот: близится — и тьмится вдруг… Но знаю, с поля — или свыше — Тот звук — из сердца ли тот звук… — Вперёд на огненные муки! — В волнах овечьего руна Я к небу воздеваю руки — Как — древле — девушка одна…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი