ანა ახმატოვა - წადი ისევ
მთარგმნელისაგან: ეს ერთსტროფიანი, ჯვარედინად გარითმული ლექსი თითქოს წინააღმდეგობაშიც კი მოდის ანა ახმატოვას ადრინდელი პერიოდის სასიყვარულო ლირიკასთან, ნიუანსებითა და ნახევარტონებით რომაა ცნობილი. ვფიქრობ, არ სჭირდება დიდი გამოცნობა, თუ ვინ უნდა იგულისხმებოდეს “მაწანწალა- ბულბულში”, მე ვიტყოდი, აქ ყველაზე მჭახე გამონათქვამში. მაწანწალა ბულბული - ეს გასტროლიორი- მომღერალია, რომელთანაც ღამ-ღამობით ლირიკული სუბიექტის სატრფო დაიარება. ( უფრო - ტიპობრივი მოდელი მგონია. ბიოგრაფიული რეალია აქ რაიმეს დაზუსტების საშუალებას არ იძლევა- ნ. დ.) დიახ, კი არ მიდის მისი კაცი ერთჯერადად, არამედ დადის-დაიარება, რაც ხაზგასმულია ლექსის დასაწყისშივე. მოდით, ასე ვთქვათ, სიყვარულის, როგორც თავისებურად, აკრძალული ხილის კონცეპტი აქ უკვე მკვეთრად გარდაქმნილი ჩანს… რად? …ამჯერად ქალს ართმევენ რაღაცას, რაც უკვე თავისად დაუგულებია. სამგზის გამეორებული “სიტკბო”, შედარებული თაფლსა და კენკრასთან, რომელიც ფინალში გრადაციის ეფექტზე ჩანს გათვლილი, “მაწანწალა- ბულბულის” ტკბილი ხმის - როგორც განშორების მიზეზის ხაზგასმას უნდა ემსახურებოდეს. აქ, ძნელია, არ გაგახსენდეს პაოლო იაშვილის: ქმარმა გაცვალა მომღერალ ქალში ჩემი ცოდვილი პატიოსნება. (“ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად”) მოგვიანებით ანა ახმატოვა შეეცდება ისევ აკრძალული ხილის კონცეპტი აღადგინოს თავის ლირიკაში. ხელიც საკმაოდ გაწაფული აქვს საამისოდ, ოღონდ ვნება… ო, ვნება! ჩემი ფიქრით, უფრო ჩავლილი ვნებიანობის გახსენება გვრჩება ხელთ. და პირადად ჩემთვის ეს შთაბეჭდილება უფრო და უფრო ძლიერდება ა. ახმატოვას ასაკის მატებასთან ერთად. ამას დავუმატოთ მისი მუდმივი ყოფითი პრობლემები. როგორც ჩანს, მხოლოდ სიყვარულს კი არა, პოეზიასაც სჭირდება რუსთველისეული ,,სიყმე და მოცალეობა” ანა ახმატოვა წადი ისევ *** წადი ისევ, სად ღამეა უღრანი, იქ გიგალობს მაწანწალა-ბულბული, თაფლზე ტკბილი, ტკბილი, ვიდრე კენკრანი, ჩემს ეჭვზეც კი უფრო გატკბილებული. 1927 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова Уходи опять в ночные чащи *** Уходи опять в ночные чащи, Там поет бродяга-соловей, Слаще меда, земляники слаще, Даже слаще ревности моей. 1927 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი