რაინერ მარია რილკე - ჰეტერათა სამაროვნები
რაინერ მარია რილკე ჰეტერათა სამაროვნები თმათა ტალღებში წვანან ისინი და მიწისფერი სახეები ღრმად ჩაქცევიათ. დახუჭული აქვთ თვალები, თითქოს წინ უსასრულო სავალი ედოთ. ო,ყვავილები, ძვლები, პირები, პირთა წიაღში - -ჩამწკრივებული მათი კბილები, როგორც სამგზავრო, სპილოსძვლისაგან გამოთლილი ჭადრაკის ქვები. კვლავ ყვავილები, ცვილისფერი მარგალიტები, წერწეტა ძვლები, ხელები და ჩაშლილ გულებზე დაფენილი მჭკნარი ქსოვილი სიფრიფანა პერანგებისა, ამ აურაცხელ ბეჭდებსა და ავგაროზებში, რომ შერევიათ ( საყვარელთა ნასახსოვარი), თვალებივით ცისფერი თვლები, კვლავ დგას ურყევად მათი მოდგმის მშვიდი ეკვდერი, თაღამდე სავსე ყვავილებით,. კვლავ ცვილისფერი მარგალიტები და გამომწვარი თიხის ნატეხზე აღბეჭდილი მათი ხატება და ყვავილივით სურნელოვანი ნამსხვრევი მწვანე ფერ-უმარილთა პაწაწინა ლარნაკებისა. ღმერთთა პატარა ფიგურები, საკურთხევლები, აღტაცებული ღმერთებით სავსე ცა ჰეტერათა, შემოწყვეტილი სარტყლები და ბრტყელი გემმები და პაწაწინა სხეულები დიადი მოდგმის, მცინარი პირი, მროკავები და მორბენალი, ოქროს ბალთები, ცხოველ-ფრინველთა ავგაროზებზე - - სანადიროდ მოზიდული ციდა მშვილდები, ქინძისთავები, სარჭები და ნატიფ ნივთებში - - წითელი თიხის მრგვალი ნატეხი და შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა შავი - გაჭენებული ოთხი ცხენის მკვრივი ფეხები, კვლავ ყვავილები, ჩაბნეული მარგალიტები და ფერნათელი თეძოები პატარა ქნარის და ნისლებივით ჩამოწოლილ რიდეთა შორის ფეხსაცმლიდან, როგორც პარკიდან გამოსაფრენად გარინდული ტერფის პეპელა. ასე მდუმარედ წვანან ისინი ამ საოჯახო ნივთებსა და გასართობებში და ამ დალეწილ სამკაულებში (რა არ აყრიათ!) და ასე მშვიდად, ნელა, ასე მდუმარედ მდინარეთა ფსკერებივით იბინდებიან. კალაპოტები იყვნენ ისინი, სადაც მოკლე და ჩქარი ტალღებით, (უახლოესი სიცოცხლისკენ რომ ისწრაფვოდნენ), ენარცხებოდნენ სხეულები ჭაბუკებისა და ბუბუნებდნენ კაცთა უხვი მდინარეები და როს ბავშვობის მთა-გორებიდან შიშნეულ ვარდნას ჩამოყოლილი ბიჭები უცებ დაეცემოდნენ, ცელქობდნენ ფსკერზე ნივთებით და სამკაულებით, ვიდრე უეცრად მძლავრი ჩქერი მათ გრძნობას არ მოასკდებოდა... მაშინ ისინი კრიალა წყლებით ალიცლიცებდნენ ამ ფართო გზათა სიგრძე-სიგანეს და და სიღრმეებში მორევებსაც ატრიალებდნენ. მაშინ პირველად ირეკლავდნენ უცხო ნაპირებს და შორეული ფრინველების უცნაურ ძახილს. უცებ ნეტარი ქვეყნის ღამე ზე მიიწევდა და ვარსკვლავებით ცაში ისე ღრმად იჭრებოდა, რომ სამუდამოდ გადახსნილი რჩებოდა ზეცა. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) კრებულიდან ``პოეზიის დღე``,თბ.,1986
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი