ემილი დიკინსონი - ყვავილები დაჭკნება და


#თარგმანები

მთარგმნელისაგან:

როგორ გვიყვარს და გვჩვევია  ადამიანებს  ყოფით გაუხარელთა და ტანჯულთა წასვლის მერე,  მათი ცხოვრების  წარმოსახულ, რომანტიკულ საბურველში გახვევა; 
მათი ცხოვრების  თეთრი ადგილების ამოვსება საკუთარი ფანტაზიით, 
საკუთარი, ამაღლებული იმაგინაციების მათთვის მიწერა!
    მაგალითად,  წარმოსახვაში -   დილეგში გამოკეტილ შუშანიკს მატლები  სულ რომანტიკულად ეხვევიან, რუსთაველს - თამარი უყვარს; 
 ბარათაშვილი  - ასევე, რომანტიკულად იღუპება  თავისი მერანით განჯელ ყაჩაღთა დევნაში,  წარმოსახული ნაგვის ყუთი,   ტერენტი გრანელს შიგ რომ ეძინა -  სულისშემხუთავად  სულაც არ ყარს;
წარმოსახვაში  - არც დაუბანელ, ხანდაზმულ გალაკტიონს ასდის  მუდმივად  ნასვამი ღვინისა და დაუბანლობის  სუნი.
    რომანტიკულ იმაგინაციას  ძირითადად თვალით ხედვა სჩვევია, ყნოსვა კი  - ან ძალიან შესუსტებული ან საერთოდ დახშული აქვს - 
   იქნებ ეს  ჩვენი  რუტინული ყოფის დაძლევის ცდაცაა!
     ემილი დიკინსონის თეთრი,  კაბისქვეშა ჩასაცმელი, ყველა ქალს რომ აუცილებლად სჭირდებოდა,  ხომ  - კაბად და პოეზიის სიმბოლოდ  იქცა.
   რა აღარ მოაყოლეს:
   სატრფომ შერთვაზე უარი უთხრა, და რაკი მასზე ვერ გათხოვდა გადაწყვიტა, სამარადისო პატარძლად დარჩენილიყოო.
       ზოგმა -  წასულმა სატრფომ მოსვლა დაიგვიანაო;
     ზოგმა - ის სატრფო საერთოდ მოუკვდაო.
    ზოგმა - არარსებულ, წარმოსახული ვიღაც უყვარდაო…
    რეალობა კი  მძიმე და გაუხარელია!
      გეხსომებათ ჩემი  ადრინდელი მონაყოლი.
     ემილი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა მთელი ცხოვრება, დღე და ღამე გაერთიანებული ჰქონდა,  გვერდითა ოთახში მალ-მალე უწევდა შესვლა, ოთახთა შორის  საგანგებოდ გამოჭრილი კარით.
     მარტო  ლოგინად ჩავარდნილის სუნთან ბრძოლა წარმოიდგინეთ იმ უპამპერსობაში,          უვენტილაციობაში!
    ავადმყოფი - სხვისი ხელიდან საჭმელს არ ჭამდაო კი არა, წყალსაც არ სვამდა.
    მოსამსახურე  -  თავიდან კი ჰყავდათ, მაგრამ ძველი - გაუთხოვდათ, ახალმა ძვირი მოითხოვა და ოჯახს მამის გარდაცვალებამდე - უკვე ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
   კი ჰყავდა ემილის  თავისავით გაუთხოვარი დაი - რომელიც  სახლისგარე საქმეებს აგვარებდა, მაგალითად, სურსათის საყიდლად  სახლიდან გადიოდა და  ასე შემდეგ, მაგრამ დედა სულ “ემილი, ემილის” ძახილში იყო!
  თან რა გინდა, რომ ქნა!
  მამისეული სახლი - გზაჯვარედინზე დგას, ეტლით სადაც ვინ მიემგზავრება,   გზაზე ნაჯანჯღარები -  ფეხის  გასაშლელად, წყლის დასალევად, ბუნებრივი საჭიროების დასაკმაყოფილებლად და რასაკვირველია, მოსაკითხად და სასაუბროდაც, ამ,  მოსამართლის სახლთან ჩერდება, შენ კი ღამენათევი და მოუწესრიგებელი ხარ!
 თმადაუვარცხნი, ჩაუცმელი… სავალდებულო ეტიკეტს  ვერაფრით ვერ მოერგები.
     უნდა აიკეტო შენს მეორე სართულზე და სტუმრების წასვლას დაელოდო.
    ემილის სახლის უკან  პატარა  ბაღ-ბოსტანივით ჰქონდა მოწყობილი,  დროს იპოვიდა თუ არა, იქ მიწას ჩიჩქნიდა,  ყვავილებს ახარებდა. 
     ვინმე  ადგილობრივ, ჩვეულებრივ, მისუნახავად რომ დატოვებდა იქაურობას, 
 მოგვიანებით, კალათით თავის გამომცხვარ  ვაშლის ან კენკრის ,, პაის” გაუგზავნიდა,  ყვავილებთან და  ფურცელზე დაწერილ პატარა ლექსთან ერთად.
    არ გამიბრაზდეთ,  რატომ გაარეალისტურე ყველაფერი ასე, ჩვენ რომატიკული ემილი გვერჩიაო!
 რა ვქნა, მე - ასეთი, ნამდვილი ემილი მიყვარს. 
 ეს -   კი ერთი ასეთი ლექთაგანია.
 

ემილი დიკინსონი

***
ყვავილები დაჭკნება და
ერთი დღეა ნამცხვრის ვადა, 
მაგრამ ხსოვნის მელოდია
ვარდისფერი  - მარადია.

(თარგმანი ნინო  დარბაისელისა)

Emily  Dickinson

***

Blossoms will run away -
Cakes reign but a Day,
But Memory like Melody,
Is pink eternally -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი