მარინა ცვეტაევა - ზოგი თიხაა
#თარგმანები
მთარგმნელისაგან
მ. ცვეტაევას ეს ლექსიც მეორედ ვთარგმნე, როგორც მრავალი სხვა.
იმედია, იმ ძველ ვერსიასაც ვიპოვი შესადარებლად. ფეისზე მედო.
ეს ლექსი იმის მაგალითად გამოდგება, სახელთა პოეტურ ეტიმოლოგიაზე ამას წინათ ერთი ოპუსი რომ მედო.
მარინა ცვეტაევა საკუთარ “პოეტურ გენეტიკას” ზღვას უკავშირებდა და ამისი დამადასტურებელია არაერთი ლექსი, თუნდაც მისი მიმიწერა რაინერ მარია რილკესთან.
რა აძლევდა ამის საფუძველს?
მარინა - მარინ - მარინიზმი - …ზღვასთან დაკავშირება თავისი სახელის ჟღერადობისა.
ცხადია, ორიგინალისეული ეს მხარე თარგმანში ვერ გადმოვიდოდა.
ამ ლექსში ცვეტაევა პოეტურად აცოცხლებს სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს - ვენერას მითს. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აფროდიტე ხომ ზღვის ქაფიდან იშვა.
დარწმუნებული ვარ, აქ ჩემს მკითხველი უმალ გაახსენდება სანდრო ბოტიჩელის “ვენერას დაბადება”, ფლორენციაში, “უფიციში” დაცული ტილო, რომელზეც ქალღმერთს სიმონეტა ვესპუჩის ულამაზესი სახე აქვს და რომელზეც ადრე უკვე ვისაუბრეთ.
ვიცი, რომ არაერთ ჩემს მეგობარს, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ნანახი აქვს ეს შედევრი.
ერთიც!
სავარაუდებელია, რომ სიტყვებში - ,, ავფრინდები და სულ ჩავინთქმები” მეორე მითიც - გაფრენის მცდელი მამა-შვილის - დედალუს - იკარუსის ამბავიც იგულისხმებოდეს.
არა მხოლოდ მარინა ცვეტაევასთვის, რომელსაც ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული, არამედ მაშინდელი მკითხველი საზოგადოებისთვის ხომ ანტიკური მითოლოგიიდან თუნდაც ალუზიის დონეზე რამის შემოტანა ტექსტში - დამატებით განმარტებას სულაც არ საჭიროებდა, პირდაპირ საცნაური იყო.
მარინა ცვეტაევა
ზოგი თიხაა
***
ზოგი თიხაა, ზოგი კი ქვაა,
ხოლო მე - ვვერცხლობ ნათებასწრაფი.
ვარ - მოღალატე, მარინა მქვია.
მე - წარმავალი - ზღვისა ვარ ქაფი.
ზოგი - თიხაა, ზოგია - ხორცი,
მათ ჰქონდეთ კუბო, საფლავის ქვები,
მე - ზღვის ემბაზში ნანათლმა, ვიცი,
ავფრინდები და სულ ჩავინთქმები!
ყოველ გულსა და ბადეს ყოველგვარს
ჩემი გაარღვევს ეს თავნებობა.
ჯიუტ კულულით ვინც არავის ჰგავს,
სოფლის მარილი როგორ იქნება!
გრანიტის მუხლზე მოგეხეთქებით,
აღმადგენს მკვდრეთით ყოველი ტალღა.
იხაროს ქაფმა, ლაღს ვამკობ ქებით -
ქაფს ზღვიურს, მაღალს!
1920
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева - Кто создан из камня, кто создан из глины
Кто создан из камня, кто создан из глины, —
А я серебрюсь и сверкаю!
Мне дело — измена, мне имя — Марина,
Я — бренная пена морская.
Кто создан из глины, кто создан из плоти —
Тем гроб и нагробные плиты…
— В купели морской крещена — и в полете
Своем — непрестанно разбита!
Сквозь каждое сердце, сквозь каждые сети
Пробьется мое своеволье.
Меня — видишь кудри беспутные эти? -
Земною не сделаешь солью.
Дробясь о гранитные ваши колена,
Я с каждой волной — воскресаю!
Да здравствует пена — веселая пена —
Высокая пена морская!
1920 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი