ალექსანდრ ბლოკი - ღვთისმშობლის მიძინება


#თარგმანები

მთარგმნელისაგან:

  ესეც ბლოკის უმნიშვნელოვანეს ლექსთა რიგს მიეკუთვნება. ესეც ღვთისმშობელ მარიამზეა, კერძოდ,  მის მიძინებაზე. 
    ვიდრე ვიტყოდე, ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ქართველი სიმბოლისტებისთვის, მეტადრე გალაკტიონისათვის ესეც   ერთ-ერთი პირველწყაროა.
    ჩემი მკითხველებისთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში დაინტერესებული ვარ ეკფრასისის მაგალითებით  ქართულ  და ზოგადად,  პოეზიაში.
   ეს ლექსი  ბლოკისეული ეკფრასისის კიდევ ერთ ნიმუშად  უნდა ჩაითვალოს.  ( ერთი - “ლოცვა” - “სიცოცხლე მისი “, რომელიც პეტერბურგის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის  შიდა - ინტერიერის აღწერას გადმოგვცემს  - ორიოდე დღის წინ უკვე გვედო).
    გასული საუკუნის  დასაწყისში (1908-1909 წ.წ.) იტალიაში მოგზაურობამ  ალ. ბლოკზე  წარუშლელი კვალი დატოვა. ამ კვალის გამოხატულებაა წინამდებარე ლექსიც, რომელიც  სწორედ იტალიაში დაიწერა.
    ღვთისმშობლის მიძინების თემა -  ერთ-ერთი მთავარია ქრისტიანულ ფრესკულსა თუ ხატწერულ მემკვიდრეობაში, 
    საბედნიეროდ,   უმბრიაში, კერძოდ სპოლეტოში შექმნილი ამ ლექსის ფრესკული პირველწყარო ბლოკისავე  მინაწერის წყალობით, ჩვენთვის ზუსტადაა ცნობილი. 
    ფრესკა  მიეკუთვნება ფრა ფილიპო ლიპის და სპოლეტოს ტაძარში დღემდეა დაცული.      (იხ. ილუსტრაცია) 
   ცხადია, ბლოკისეული პოეტური ინტერპრეტაცია ზედმიწევნითი სიზუსტით არ გაჰყოლია  ამ ფრესკას. 
თავისი მხრით,  არც რენესანსული და ზოგადად იტალიური ფრესკები  გვევლინებოდნენ ბიბლიის  უბრალო ილუსტრაციებად. ისინი ქრისტიანული ტრადიციის მეტნაკლებად თავისუფალ ინტერპრეტაციებს წარმოადგენდნენ, თუმცა ეს ინტერპრეტაციები სამუშაოს შემკვეთ სასულიერო წარმომადგენელთან  წინასწარ თანხმდებოდა…
(გადახვევა - მიქელანჯელომ სიქსტეს კაპელაში მუშაობისას ჯერ ხომ მოწაფეები გაყარა,  ხელს მიშლიანო, მერე შიგაც  არავის უშვებდა და არავინ იცოდა, რას აკეთებდა. შემკვეთები - ფაქტის წინაშე დააყენა…) 
   ერთი დაზუსტება:  ქრისტიანული რწმენის თანახმად, სიკვდილთან ორი მთავარანგელოზია დაკავშირებული. გაბრიელი და მიქაელი.
    ქართულმა ზეპირსიტყვიერმა ტრადიციამ ეს ორი  მთავარანგელოზი  სიკვდილის ანგელოზ მიქელ-გაბრიელად ,,გააერთიანა”.
       ღვთისმშობლის გარდაცვალებაზე ბიბლიის კანონიკური ტექსტი არაფერს გვამცნობს.  ბიბლიისგარეთა ტრადიციით, გაბრიელ მთავარანგელოზმა თეთრი ყვავილები - შროშანები მიუტანა მარიამს, ოღონდ როცა ახარა,  უფლის რჩეული ხარო. 
    ხარება - ესეც ცნობილი თემაა ქრისტიანულ მხატვრობაში და უმეტესად გაბრიელი ან მარიამი - თეთრი შროშანებით ხელში გამოისახება. 
    ხოლო ტრადიციით, ღვთისმშობლის გარდაცვალებისას გაბრიელმა სიმბოლურად პალმის რტო მიიტანა, ხოლო მიქაელ მთავარანგელოსმა - ღვთისმშობლის ამაღლებისას მიიტანა თეთრი ყვავილები, ანუ აქ  არა გაბრიელი, არამედ მიქაელია სავარაუდებელი. 
 
   
ალ. ბლოკი

ღვთისმშობლის მიძინება

დაასვენეს მისი შესუდრული გვამი
ტყეში, სადაც ნორჩთა  ხეთა არის რიგი.
გაახალგაზრდავდა  მწუხარების გამო,
დაიბრუნა ისევ  სილამაზე იგი.
უკვე არ - მჭახე და  უკვე  არ - უხეში
მოდის ვინმე ტყეში თითებმომუჭული, 
საბოლოო თეთრი ყვავილებით ხელში 
მთავარანგელოზი,  უკვე ხანდაზმული.
ოქროსფერდებიან შორი მწვერვალები, 
გამოსათხოვარი დგება განთიადი 
და   ნისლების ზემოთ,  შორი იმ  ველების,
გაცოცხლდება სამი მეფე  კვლავ დიადი.
და ვარსკვლავმა ისევ   რაღაც  მიახარა, 
მაგრამ სხვაა იგი, ვარსკვლავი გვიანი.
მწყემსებს მორევიათ სრულიად ჭაღარა,
თუმცა ფარა მთიდან   მოდენეს ხმიანი.
და სიმშვიდის მათის მარად დამფარავი  
ველებს ეფინება ნისლი წარუვალი.
განთიადს  და ვარსკვლავს შუა  ჩანს არავინ,  
ოქროს შარავანდი   ირევა მრავალი.
ზემოთ, სადაც    ბევრი  მკვეთრი მოსჩანს თხრილი,  
რუ მღერის  და ნუში ყვავილობს მდელოზე,
სარკოფაგი  ერთი დგას  თავგადახდილი
და სიშორეს უცქერს  მთავარანგელოზი.

1909

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Ал. Блок

Успение

Ее спеленутое тело
Сложили в молодом лесу.
Оно от мук помолодело,
Вернув бывалую красу.
Уже не шумный и не ярый,
С волненьем, в сжатые персты
В последний раз архангел старый
Влагает белые цветы.
Златит далекие вершины
Прощальным отблеском заря,
И над туманами долины
Встают усопших три царя.
Их привела, как в дни былые,
Другая, поздняя звезда.
И пастухи, уже седые,
Как встарь, сгоняют с гор стада.
И стражей вечному покою
Долины заступила мгла.
Лишь меж звездою и зарею
Златятся нимбы без числа.
А выше, по крутым оврагам
Поет ручей, цветет миндаль,
И над открытым саркофагом
Могильный ангел смотрит вдаль.

1909

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი