ალექსანდრ ბლოკი - გამაიუნი. ჩიტი იგი ნათელმხილველი
#თარგმანები
მთარგმნელისაგან:
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი!
ბოლო დრომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ალექსანდრ ბლოკის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ლექსი
ქართულ ენაზე ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იყო თარგმნილი და ვეძებდი, როგორც ეკფრასისის ნიმუშს, მჭირდებოდა რაღაც გამოკვლევისთვის.
ვთხოვე მეგობრებს, პოვნაში დამხმარებოდნენ და გუშინ - დღეს მომწერეს არაო, არ არსებობს ამისი თარგმანი არსადო.
ისე, მეც კარგი ვინმე ვარ, რა!
ამდენ ძებნას, ადამიანების შეწუხებას, ლოდინს არ სჯობია, დაჯდე და ცოტა თავ- ხელი შენ თვითონ გაანძრიო?!
მაგრამ ნამდვილად რომ მახსოვდა ეს სიტყვა?!
ადრე ვწერდი, რუსული და მეტადრე დასავლური კულტურის რეალიათა მითიზაცია ხდებოდა-მეთქი ქართულ პოეზიაში და ჰა, ნიმუში!
ზემოთ ტიციან ტაბიძის ლექსი დავდე, თამუნია წერეთელს” და იქ ფინალში ამბობს:
ასე იმღერის ძველი მოტივით
სამოთხის ჩიტი - გამაიუნი.
და “თამუნიას” ურითმავს.
მოკლედ, თუ არ გვქონდა ბლოკის გამაიუნის თარგმანი ახლა ხომ გვაქვს!
ალექსანდრ ბლოკი
გამაიუნი. ჩიტი იგი ნათელმხილველი
(ნახატი ვ . ვოსნეცოვისა)
სად ზედაპირები წყლებს უკიდეგანოს
დაისის სინათლით სულ გაუძოწისფრდა,
წინასწარმეტყველებს ქალ-ჩიტი და გალობს,
არ ძალუძს, მღელვარე რომ დაძრას იგი ფრთა.
იხილა, თათართა თავდასხმა რაც არის,
იხილა მრავალი სიკვდილით დასჯილი
და აცახცახება, შიმშილი, ხანძარი,
ბოროტთა ზეობა, მართალთა სიკვდილი.
მარადისწინარე ძრწოლით მოცულია.
სახე მშვენიერი ეწვის სიყვარულით,
თუმც რასაც წამოთქვამს, სწორი ჩანს
სრულიად
ბაგენი შემხმარი სისხლით დაფარული.
23 თებერვალი 1899
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Ал. Блок
ГАМАЮН, ПТИЦА ВЕЩАЯ
(Картина В. Васнецова)
На гладях бесконечных вод,
Закатом в пурпур облеченных,
Она вещает и поет,
Не в силах крыл поднять смятенных…
Вещает иго злых татар,
Вещает казней ряд кровавых,
И трус, и голод, и пожар,
Злодеев силу, гибель правых…
Предвечным ужасом объят,
Прекрасный лик горит любовью,
Но вещей правдою звучат
Уста, запекшиеся кровью!..
23 февраля 1899
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი