ალექსანდრ ბლოკი - სირინი და ალკონოსტი
#თარგმანები
მთარგმნელისაგან:
ალექსანდრ ბლოკის ეკფრასისტულ ლექსებზე მეტნაკლებად სრული წარმოდგენის შესაქმნელად, აუცილებელი იყო, ეს ლექსიც მეთარგმნა. ვასნეცოვი ბლოკისთვის გამორჩეულად საყვარელი მხატვარი იყო. მის სურათებში თითქოს მზა მასალა იდო სახვითი, - ვიზუალური ხელოვნებიდან - პოეზიაში, - ვერბალურ ხელოვნებაში, თანაც სიმბოლისტურში ,, სათარგმნელად”
ვასნეცოვი რუსული მითოსური და ფოლკლორული მოტივებით, პერსონაჟების გამოსახვით იყო გატაცებული. მისი ვიზუალური ინტერპრეტაციები კი ძალზე შთამბეჭდავი გამოდიოდა. სხვათა შორის, არსებობს აზრიც, რომ ვასნეცოვი თავადაც მხატვარი - სიმბოლისტი იყო. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, მისმა სახვითმა შემოქმედებამ ადრეულ ბლოკს წარუშლელი კვალი დაამჩნია.
.
ბლოკისგან კი, როგორც რუს სიმბოლისტთა ერთ- ერთი მთავარი ფიგურისაგან, სხვა არარუსი ავტორები დიდად დავალებულნი არიან. (ამას წინ ტიციან ტაბიძის მაგალითი ხომ უკვე ვნახეთ!)
სავარაუდოდ, გალაკტიონმა მისთვის ჩვეული მიდგომა აქაც გამოავლინა. ეკფრასისით რუს სიმბოლისტთა დაინტერესება კი გაიზიარა, მაგრამ არა ოდენ ვიზუალური, არამედ უფრო მასშტაბური, სივრცული, არქიტექტურული ეკფრასისის ნიმუში შექმნა ,, ნიკორწმინდის სახით”. ნიკორწმინდა - ქრონოლოგიურად არ მიეკუთვნება მის სიმბოლისტურ პერიოდს, გაცილებით გვიანდელია, მაგრამ ვფიქრობ მისი ,, მარმარილო” - ლუვრის მუზეუმის საგამოფენო ინტერიერის ეკფრასისია. (ამის თაობაზე იხ . ამავე სათაურიანი ჩემივე ნაშრომი, ჟ. ცისკარში)
გალაკტიონ ტაბიძე
მარმარილო
აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება,
და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, -
ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!
სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი,
და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე,
რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე;
გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:
ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება,
ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს,
სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს, -
ცა სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასი.
და ყოფნა ასე, მოლანდება ასი ათასი,
რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი...
ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი!
დასასრულ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გალაკტიონის წყალობით, ქართულ პოეზიაში ორი შედევრი გვაქვს, ორი ბრწყინვალე, თანაც ორიგინალური ნიმუში ეკფრასისისა- ,,ნიკორწმინდა” , რომელსაც ფუნდამენტური გამოკვლევა უძღვნა თეიმურაზ დოიაშვილმა და “მარმარილო”, რომელსაც გამოკვლევა უძღვნა თქვენმა მონა-მორჩილმა.
აქვე აღვნიშნავ, რომ პაოლო იაშვილის “დარიანულ დღიურებში” გვაქვს ე.წ. “ფიქციური ეკფრასისის” ნიმუშიც. ჩემი აზრით, ინსპირირებული ოსკარ უაილდის შემოქმედებით. (ამაზე - სხვა დროს!)
ალექსანდრ ბლოკი
სირინი და ალკონოსტი
(ფრინველნი სიხარულისა და დარდისა)
მის ხშირთა კულულთა ტალღები,
თავის გადაქნევა მისი,
სირინის მზერაში სიმღერა
მიღმიერ ტკბობათა ისმის.
და მკერდში სუნთქვას რომ იგუბებს,
ფრთიან ტანს გადუხსნის სხივთა,
სუნთქვით მთელ ნელსურნელს იგემებს,
სულს უჩინ გაზაფხულს მირთავს .
და მძლავრი ჟინით რომ აღტაცდა,
ელვარე თვალს ცრემლი ჟონავს,
საცაა, ფრთებს გაშლის, ცოტაც და
გაჰყვება სხივების კონას.
მეორე - მძიმე დარდს მოუცავს,
დაღლილა, ელევა ძალი.
დარდიან და უწყვეტ სალოცავს
ეძლევა მკერდსავსე ქალი.
გალობით ღრმა კვნესას გამოსცემს,
მკერდში ქვითინია მძიმე,
ტანზე დატოტვილი გაოცებს
შავი ფრთა, არ ტოვებს იმედს.
შორით - ძოწისფერი ციაგი
ფირუზ ცას სძლევს მოციმციმე.
სისხლიან წამწამზე კი იგი
მოგორავს კურცხალი მძიმე.
23—25 თებერვალი 1899
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Сирин и Алконост
Птицы радости и печали
Густых кудрей откинув волны,
Закинув голову назад,
Бросает Сирин счастья полный,
Блаженств нездешних полный взгляд.
И, затаив в груди дыханье,
Перистый стан лучам открыв,
Вдыхает всё благоуханье,
Весны неведомой прилив…
И нега мощного усилья
Слезой туманит блеск очей…
Вот, вот, сейчас распустит крылья
И улетит в снопах лучей!
Другая — вся печалью мощной
Истощена, изнурена…
Тоской вседневной и всенощной
Вся грудь высокая полна…
Напев звучит глубоким стоном,
В груди рыданье залегло,
И над ее ветвистым троном
Нависло черное крыло…
Вдали — багровые зарницы,
Небес померкла бирюза…
И с окровавленной ресницы
Катится тяжкая слеза…
23—25 февраля 1899
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი