შელ სილვერსტეინი - ხმა


#თარგმანები

მთარგმნელისაგან: შელ სილვერსტეინი (1930- 1999) სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრში მუშაობდა.  ასევე, მუშაობდა ანიმაციურ ფილმებზე.  ნამდვილი, დიდი პოპულარობა  კი ამერიკაში - საბავშვო წიგნებმა მოუტანა. 
   სიცოცხლის ბოლო წლებში იგი  კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, აღარც ინტერვიუებს იძლეოდა.
ადრეც გვედო ამ ავტორის ლექსების თარგმანები. 
   ლექსი “ხმა”, რომლის თარგმანსაც დღეს გთავაზობთ, თანამედროვე ინგლისურ  ზეპირსიტყვიერ გამონათქვამადაა გავრცელებული. 
    ამ ლექსით მოგიგებენ, როცა ვინმეს რჩევა გინდა ჰკითხო. ხომ არ გაგახსენდათ ,, ჰკითხე ასსა, ჰქმენ გულისაო!”?
  ფორმა უმარტივესია - რვა სტრიქონი, თითოში სულ 5-6  მარტივი სიტყვა, ზერელედ გარითმული, (2/4 და 6/8- რითმა  - ცოტა მეტი “მომივიდა”)
   აფორიზმებისა და ფრთიანი გამონათქვამების  კითხვისას მუდამ  ჩემს აღტაცებას  იწვევდა ერთი რამ - დიდი სიბრძნე  აქ  - ჩვეულებრივ, ყველასთვის გასაგები, უმარტივესი სიტყვების კომბინაციით გადმოიცემა. 
    შეიძლება ითქვას, რომ გამონათქვამი, მთლად ბრძნობის მწვერვალიც რომ იყოს შიგ,   თუ ადვილი სიტყვებით არ არის გადმოცემული, აფორიზმად და ფრთიან გამოთქმად ვერაფრით იქცევა (აქ თქვენ თვითონ,  გაიხსენეთ ვეფხისტყაოსნის აფორიზმები და  უჩემოდ დაუკვირდით!)
 არ არის პარადოქსი? - რაც უფრო მცირეა ტექსტი, რაც უფრო ცოტა სიტყვაა მასში,  განსაზოგადებელი სივრცე მით მეტად იზრდება. 

შელ სილვერსტეინი

ხმა 

ჩვენს არსებაში რაღაც ხმა გვესმის, 
მთელი დღე ჩქამობს, რომ ჩვენ გავიგოთ:
 “ვგრძნობ, ჩემთვის არის ეს - უკეთესი”  
ან “ვიცი, ჩემთვის არის ურიგო”

ნურც აღმზრდელს, მოძღვარს, მშობელს, მეგობარს,
ნურც ბრძენს ნუ ჰკითხავ, ნუღარ მოელი.
როგორ სჯობს შენთვის.  ამ ხმას მოუბარს
უსმინე შენში, იცის  ყოველი.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

The Voice

There is a voice inside of you
that whispers all day long,
"I feel that this is right for me,
I know that this is wrong."
No teacher, preacher, parent, friend
or wise man can decide
what's right for you - just listen to
the voice that speaks inside.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი