მარინა ცვეტაევა - დევს ნაჩქარევი ნაწერები
#თარგმანები
მთარგმნელისაგან
ორი ვარდი - ყვავილთმეტყველების ენაზე ნიშნავს მხურვალე, ორმხრივ სიყვარულს. თავისი მხრით, წითელი ვარდიც - სიყვარულის სიმბოლოა.
რატომ ვასკვნით, რომ ეს ვარდები მაინცა და მაინც წითელია და არა სხვა ფერისა?
ლექსში საუბარია სისხლზე, ნაწერები - თეთრ ქაღალდზეა.
ფურცლის სითეთრე, ხაზოვნობა (თეთრზე შავით ნაწერი?) მართ-კუთხედობა და ვარდის წითელი წრიულობა - ეს ვიზუალური ხატი, რომელიც მხოლოდ მოხაზულია ავტორის მიერ და უნდა შეიქმნას მკითხველის წარმოსახვაში, ეფუძნება სწორედ ამ კონტრასტს.
მხატვრული ხერხებიდან საყურადღებოა: ოქსიუმორონი(მხურვალე სიმწარე და სიამე);
გრადაცია (წამიდან - მთელ ცხოვრებამდე;
ანჟამბემანური წყობა( წამიდან მთელ ცხოვრებამდე);
ამაზონთა შუბები - მითიური სიმბოლოა ფემინური ძალადობისა, ლექსის ძალაგაცლილი პროტაგონისტისგან იგი შორსაა და შორეულ ხმად და ნათებად თუღა აღწევს…
რუს მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ მიჩნეულია, რომ ლექსის დასაწყისში ნახსენები ორი სიყვარული კი ეხმიანება ორ ვარდს, მაგრამ უფრო შორს მიდის, საუბარია ორ სხვადასხვა სიმაღლის - მიწიერ და ზეციურ სიყვარულზეო.
მე, ჩემი მხრით, შემიძლია, კიდევ უფრო მეტი, მთელი მისტიკური პლანი წამოვკიდო ამ პატარა ლექსს და ვთქვა, რომ რაკი ჯვარცმაზე და ვარდზეა საუბარი, ეს არის მინიშნება როზენკრეიცერულ (ვარდი და ჯვარი) სამყაროში ჩართულობაზე… რას არ იტყვის მოქნილი ენა!😁
საერთოდ, მიყვარს თარგმანისთვის გაუცვეთელი რიტმის შერჩევა. ამჯერად სხვა გზა არ მქონდა, აუცილებლად უნდა შემენარჩუნებინა გრადაცია, ამიტომ ჯერ ძნელი მომენტი გავაკეთე და დანარჩენი მერე, მის მიხედვით ავაწყე.
ნდს
მარინა ცვეტაევა
***
დევს - ნაჩქარევი ნაწერები, შევცქერი ამდენს,
მხურვალე სიმწრით და სიამით მემახსოვრება,
რომ ჯვარცმულია სიყვარულიდან სიყვარულამდე
წამი, საათი, დღე, წელიწადი,
მთელი ცხოვრება.
და მესმის, სადღაც სამყაროში მეხის გავარდნა
და ელვარებენ ამაზონთა ბასრი შუბები.
კალამს ვერ ვიჭერ. ამომწოვა ამ ორმა ვარდმა
ბოლო წვეთამდე სისხლი გულში დანაგუბები!
1915 (გადათარიღება 1938-ში - 1916 იანვარი)
თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева
..
Лежат они — написанные наспех,
Горячие от горечи и нег.
Между любовью и любовью распят
Мой миг, мой час, мой день, мой год, мой век.
И слышу я, что где-то в мире грозы,
Что амазонок копья блещут вновь…
А я — пера не удержу! Две розы
Сердечную мне высосали кровь.
1915
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი