რობერტ ლუის სტივენსონი - ქარიანი ღამეები
რობერტ ლუის სტივენსონი
მთარგმნელისაგან:
ეს არის უაღრესად პოპულარული საყმაწვილო ლექსი ინგლისური კლასიკიდან. ორიგინალი რომელიც ასეა გარითმული - ABABCC, DEDEFF, ბგერწერულად წარმოადგენს პოეტურ იმიტირებას ქარის ქროლვისა და ცხენის ჭენებისა.
ქართველ პოეზიის მოყვარულს დარწმუნებული ვარ, მსწრაფლ “მერანი” და გალაკტიონის ,,ქარი ქრის” გაახსენდება.
ინგლისურ პოეზიას შედევრები ნამდვილად არ აკლია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ,,ჩვენი ჯობია” 😁.
მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, შიგნიდან გარეთ ცქერით, თანაც ისე, რომ თვალსაწიერი საჩვენოდ შემოვიზღუდოთ!
გარედანაც, მსოფლიო პოეზიის ფართო კონტექსტიდანაც შევხედოთ რაღაცეებს და ვაღიაროთ, რომ არაა ქართული კლასიკური პოეზია ინგლისურენოვანივით მდიდარი და მრავალფეროვანი. მათგან უამრავი გვესწავლება.
ისე, ვეფხისტყაოსანმაც კარგად, საუკუნობით “დაგვაკონსერვა”, მაგრამ რაც გვაქვს, ამ მაგალითითაც ხომ გამოჩნდა, რომ არავის ჩამოვუვარდებით, თუ არ ვაჭარბებთ კიდეც. ამ მხრივ როგორც ილია იტყოდა, “ასამაღლებელი ხმა გვქონია”.
იამეთ!
რობერტ ლუის სტივენსონი
ქარიანი ღამეები
ყოველთვის, როცა მთვარე-ვარსკვლავნი იმალებიან,
ყოველთვის, როცა გამეტებით უბერავს ქარი,
ღამეში, სადაც ნესტიანი წყვდიადებია,
შეუსვენებლად ცხენს აჭენებს ერთი მხედარი.
შუაღამობით, ცეცხლს რომ უქრება მხურვალე ნება,
ნეტავი იგი რატომ და საით მიეჭენება?
როდესაც ხეებს სიბნელეში კვნესის ხმა უვლით
და ზღვა ხომალდებს ათამაშებს, მიმოყრის ირგვლივ,
ის ჩაუქროლებს ჩქარსავალ გზებს, ჩორთით, ხმაურით,
ჭენებ- ჭენებით საითკენღაც იჩქარის იგი.
ასე, ჭენებით სადღაც მისვლას იგი უნდება
და მერე ისევ ჭენებ-ჭენებით უკან ბრუნდება.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Windy Nights
BY ROBERT LOUIS STEVENSON
Whenever the moon and stars are set,
Whenever the wind is high,
All night long in the dark and wet,
A man goes riding by.
Late in the night when the fires are out,
Why does he gallop and gallop about?
Whenever the trees are crying aloud,
And ships are tossed at sea,
By, on the highway, low and loud,
By at the gallop goes he.
By at the gallop he goes, and then
By he comes back at the gallop again.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი