უილიამ იეიტსი - რომ დაბერდები


#თარგმანები

მთარგმნელისაგან:

ადრე  იეიტს აქტიურად ვთარგმნიდი.  მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ კარგად გამომდიოდა…
მერე რაღაცნაირად  მომწყინდა და სხვა რაღაცეებმა გამიტაცა.
ეს ლექსი - მისი მიძღვნითი წარწერაა წიგნზე. 
   თარგმნილი მქონდა, ფეისზეც მედო,  ახლა ვეძებე და ვეღარ ვიპოვე. 
   ზოგი მკვლევარის აზრით , იეიტსის მეორე კრებულში ,,ვარდები@ შეტანილი ეს ლექსი  ეძღვნება  ირლანდიელ მსახიობსა და  ნაციონალისტს მოოდ გონის (Maud Gonne) , რომელზეც იგი შეყვარებული იყო.
    ჰოდა, დროის გასაყვანად  ახლიდან ვთარგმნი. 
 საინტერესოა, ძველი ნათარგმნი თუ გამოჩნდება, შევადაროთ. 
   მოსაცდელში უქმად ჯდომას უქმად შრომა ხომ ჯობია, არა!
   ერთხელ, ძალიან  ახალგაზრდობაში,  ვიყავი შეყვარებული ერთ ბიჭზე, ცალმხრივად. 
 რ. მ. რილკეთი  გატაცებულებს გვჯეროდა, რომ ორმხრივი სიყვარული -  ცუდია, მხოლოდ ამიწებს გრძნობას,  თუ რაღაც ასეთი.
 და სადღაც წავიკითხე, წარმოიდგინე იგი, სამოცი  წლისა რანაირი იქნებაო. წარმოვიდგინე და გამიარა…
 (ახლა მეგობრები ვართ და დაახლოებით ისეთია). 
    ეჰ, იმდენი არ მიფიქრია, ჩემი თავიც წარმომედგინა!😁

ვ. ბ. იეიტსი

რომ დაბერდები

რომ დაბერდები, ცეცხლთან მთვლემი, ასეც მოხდება,
ამ წიგნს გადაშლი, ვიდრე  ძილი დაგიმორჩილებს,
ამოიკითხავ და გაიხსენებ რბილ გამოხედვას
შენი თვალების, მათ ღრმა ჩრდილებს,

გაგახსენდება, ბევრს უყვარდა მათი ციალი,
მშვენება შენი ბევრს უყვარდა წრფელად თუ ყალბად,
თუმც ერთს  უყვარდა სული შენი მოხეტიალის
და დარდი, ზოგჯერ რომ დაჰკრავდა  სახეს ცვალებადს

და  დაიხრები, ბუხრის რკინებს უცქერ მხურვალთა,   
ჩაიბუტბუტებ:  როგორ გაქრა ტრფობის ამალა
და მთათა თავზე  სიყვარული როგორ ამაღლდა 
და სახე  იგი ვარსკვლავების გუნდში ჩამალა.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

W.B Yeats

When you are old and grey and full of sleep,
And nodding by the fire, take down this book,
And slowly read, and dream of the soft look
Your eyes had once, and of their shadows deep;

How many loved your moments of glad grace,
And loved your beauty with love false or true,
But one man loved the pilgrim soul in you,
And loved the sorrows of your changing face;

And bending down beside the glowing bars,
Murmur, a little sadly, how Love fled
And paced upon the mountains overhead
And hid his face amid a crowd of stars.

უი, ვიპოვე ძველი თარგმანიც!!!

#თარგმანები

 დიდი არაფერი თარგმანია, მაგრამ 
მაინც იეიტსია და ვიცი, ბევრს გიყვართ

უ. ბ.  იეიტსი

გავა ხანი  და თმათეთრს ძილი მოგეძალება,
ბუხრისწინ მთვლემმა გადმოიღე ეს წიგნი მაშინ,
იკითხე ნელა! გაგახსენებს,  მზერის ცვალება
როგორ გშვენოდა და ღრმა ჩრდილი გამოხედვაში.

მომჯადოები  სხვა ვინ იყო ირგვლივ შენ გარდა.
ზოგს მართლა სწვავდი,  ზოგს  - მშვენებამ ტრფობა  ანდომა.
მოხეტიალე სული შენი კი ერთს უყვარდა
და სევდიანი  სახის  შენის ცვალებადობა.

და მოვარვარე ბუხრის თეჯირს რომ მიუჯდები,
ჩაიჩურჩულებ სევდიანად: აქ არ იბუდებს, 
გადიარაო სიყვარულმა შორი  ქედები
და შეაფარა სახე ციურ მნათობთა გუნდებს.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი