მიხაილ ლერმონტოვი - ა. ო. სმირნოვას (შესავალითურთ
.#თარგმანები
მთარგმნელისაგან:
ვინც “ფრთიან გამონათქვამთა” ისტორიით დაინტერესებულა, იცის, თუ თავდაპირველად ალუზიად მოხმობილი და შემდგომ ატაცებული გამონათქვამი თანდათან, როგორ შორდება პირველწყაროსა და პირველავტორს. როგორ ,,იქლიბება” იგი.
“ეს ყველაფერი ძალზე სასაცილო იქნებოდა, სატირელი რომ არ ყოფილიყოო” -,ბრძანებდა დავით კლდიაშვილი.
და ეს იყო თავისუფალი, ამპლიფირებული ციტირება ლერმონტოვის ცნობილი ლექსიდან, რომელსაც ახლა გთავაზობთ.
იმ დროს ლერმონტოვის შემოქმედებას გაცილებით კარგად იცნობდა ლიტერატურული საზოგადოება და ლამის აფორისტულად ქცეულ ამ ფრაზას პირველწყაროს დაზუსტებითი მითითება არ სჭირდებოდა. თანდათან კი ეს ცოდნა დავკარგეთ.
დღემდე ცნობილია ლერმონტოვის შვიდი ლექსი, მიძღვნილი სმირნოვასადმი.
ეს მაღალი წრის, სილამაზით გამორჩეული, ფრიად განათლებული ქალბატონი, იმპერატორის ფრეილინა მეგობრობდა არაერთ ხელოვანსა და მოაზროვნესთან. ლერმონტოვის გარდა, მისდამი მიძღვნილი აქვთ ლექსები პუშკინს, ვიაზემსკის, ჟუკოვსკის, ხამიაკოვს, აქსაკოვს და სხვა მრავალს.
იგი წერდა მოგონებებს, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს იმპერატორის კარსა და სახელოვან პირთა შესახებ.
ერთ-ერთი გავრცელებული,თუმცა ბოლომდე დაუსაბუთებელი ვერსიის მიხედვით, სმირნოვა ლერმონტოვის ბოლო სიყვარული იყო.
ეს მცირე შესავალი შეიძლებოდა ამითაც დაგვემთავრებინა, რომ არა ერთი საინტერესო რამ. ალექსანდრა, როგორც მისი ბიოგრაფიიდანაა ცნობილი, საქართველოში ნამყოფი არ იყო, აი მისმა შვილმა, მიხაილ სმირნოვმა კი, როცა ცნობილი კუპეცის - თამამშევის ქალიშვილი შეირთო და მზითვად ტაბიძის 22- ში (დღევანდელი ,, კავკასიური სახლის” მისამართი) მდებარე სახლი მიიღო, პეტერბურგიდან გადმოზიდა დედამისის - ალექსანდრა ოსიპოვნას ნივთები და თბილისური სახლი ასე მოაწყო. აქედან უკვე სხვა კულტურულ ურთიერთობათა ისტორია იწყება)
ა. ო. სმირნოვას
როცა აქ არ ხართ, როგორ მინდა, გითხრათ მრავალი.
როცა თქვენთან ვარ, მინდა მხოლოდ თქვენი ხმა ჟღერდეს,
მაგრამ მდუმარედ შემომცქერით ჩემი მტარვალი
და უხერხულად მეც ვჩუმდები, ასეა დღემდე.
რა ვქნა! სიტყვები მოუქნელი ვით აგაცილოთ,
ვერ დავიპყარი გონი თქვენი, მრავლისმნახველი.
ეს ყოველივე იქნებოდა რა სასაცილო,
რომ არ მოჰქონდეს ამავე დროს მძიმე ნაღველი.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
А. О. СМИРНОВОЙ.
Без вас хочу сказать вам много,
При вас я слушать вас хочу;
Но молча, вы глядите строго,
И я в смущении молчу.
Что ж делать?.. Речью неискусной
Занять ваш ум мне не дано...
Все это было бы смешно,
Когда бы не было так грустно...
М. ЛЕРМОНТОВ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი