ოსიპ მანდელშტამი - უნდა ვიცოცხლო
#თარგმანები
მთარგმნელისაგან: მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, აქ კომუნისტური რეპრესიების დროს მანდელშტამის პირველი დაპატიმრების ამბავია გადმოცემული, ( სინამდვილეში, 1934- ში ორჯერ დააპატიმრეს) .
რა იგულისხმება რიგით პირველ სიკვდილად - ამის თაობაზე მის ბიოგრაფთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
1938- ის ბოლოს, მეორე დაპატიმრების მერე, იგი უკვე სიკვდილით დასაჯეს… აქ ზედმეტია გავიმეოროთ ის ტრაგიკული ისტორია, ოცდაათიანი წლების ლექსთა თარგმანებს რომ დავურთეთ (მაგ. “გველი” და ა.შ)
ორჯერ სიკვდილი შესაბამისად ორჯერ დაბადებასაც ნიშნავს, არა?
ქართველ პოეზიის მოყვარულთ აქ უთუოდ გაახსენდებათ ტიციან ტაბიძის:
სამჯერ ვარ დაბადებული,
მონათლული ვას სამჯერა,
ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
ერთხელ სიკვდილის არ მჯერა.
ამ სტრიქონების ავტორმა კომუნისტური რეპრესიების “წყალობით” მანდელშტამს სიკვდილი ერთი წლით დაასწრო (1937) და მისი საფლავიც არ ვიცით….
ამ პატარა ლექსში ავტორი ორგზის მიმართავს პოეტური სიტყვათქმნადობის მისთვის ჩვეულ ხერხს. თარგმნისას შემეძლო, შესაბამისი ადგილები უფრო ადაპტირებულად გადმომეტანა, ქართველ მკითხველს კი უფრო მოეწონებოდა, მაგრამ მანდელშტამის სტილს დავკარგავდი.
ლემეხი - ხის პატარა ფირფიტათა დამუშავების რუსული ტრადიციაა. წარმოიდგინეთ, სახურავი რომ დაიფაროს, მოიწნასავით პაწაწკუნტელა, ბრტყელი, მიყოლებით ჩაწყობილი, ერთმანეთის დამჭერი კრამიტებით.
ბუანაროტში - არაა ძბელი გამოსაცნობი, რომ მიქელანჯელო იგულისხმება, კერძოდ სიქსტეს კაპელადან კედლის ფრესკო ,, “საშინელი სამსჯავრო”, ჩვენებურად ,, განკითხვის დღე”, რომელზეც ცა მართლაც, საოცრად ლურჯი ფერისაა. (ფოტოებზე - ისე კარგად ვერ გადმოდის)
ლექსის ბოლოს მიქელანჯელოს ცის ფერის მარკირება თითქოს პოზიტიურად უნდა მივიღოთ. მაგრამ… მანდელშტამისეული პოეტური მანერით, აქ მეორე პლანიდან მუშაობს მისი საპირისპირო - ძრწოლა კვლავ მოსალოდნელი, გარდაუვალი, მიწიერი განკითხვისა, რომელიც უახლოვდებოდა.
ო. მანდელშტამი
უნდა ვიცოცხლო
უნდა ვიცოცხლო, თუმცა უკვე ორგზის ვარ მკვდარი.
ხოლო ქალაქი წყლისაგანაა რეტად გამხდარი:
თან რა კარგია, კუნთოვანი, რა მხიარული,
რა საამური, ლემეხთა მსუყე ფენით ფარული.
გაშლილ სტეპს იხვევს. აპრილია აქ - უბოროტო,
და ცაა, ცაა - შენეული, ბუანაროტო!
1935
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
О. Мандельштам
Я должен жить
Я должен жить, хотя я дважды умер,
А город от воды ополоумел:
Как он хорош, как весел, как скуласт,
Как на лемех приятен жирный пласт,
Как степь лежит в апрельском провороте,
А небо, небо — твой Буонаротти…
1935 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი