წინასიტყვაობით ანუ რას ვაპირებ (მოთხრობა)


წინასიტყვაობასავით, ანუ რას ვაპირებ ფავორიტებში დამატება
გადაწყდა!..

ვიცვამ რკინის ქალქმნებს, ვისხამ ნაბადს, ვიხურავ ქუდს, ვიჭერ ხელში რკინის ჯოხს და მივდივარ. მივდივარ მთელი ქვეყნის შემოსავლელად.

არ ვიცი, რამდენი დამაგვიანდება, ან როდის დავბრუნდები, არც ის ვიცი, რა ფათერაკს გადავეყრები და რა მელის, რაკი მთელი ზღვა და ხმელეთი უნდა მოვიარო. ვივლი შარა-შარა, ბილიკ-ბილიკ, გავკაფავ უსიერ ტყეებს, გადავივლი თეთრ მწვერვალებს, ყინულოვან ოკეანეთს, ცხელ ტროპიკებს. ვნახავ ცივ ქვეყნებს, თონესავით გავარვარებულ უდაბნოებს, გავტოპავ მდინარეებს, ჭაობებს, გადავცურავ ტბებს, ზღვებს. ვიხეტიალებ უზარმაზარ ქალაქებში, სოფლებში, თვალუწიერ სტეპებში და ველ-მინდვრებში...

ვიმოგზაურიებ და სადაც დამიღამდება, იქ გამითენდება. ვივლი ურმით, ცხენით, აქლემით, სპილოთი, ძაღლების მარხილით, ირმით, დელფინით, ვეშაპით... კუც თურმე იმოდენა იზრდება, მის ბაკანზე თავისუფლად შეიძლება მოთავსდეს ადამიანი; არწივებს, ორბებს ან ფასკუნჯებს შეიძლება თასმები გამოაბა, ჩამოეკონწიალო, აუქნიო სახრე და იფრინო საითაც მოგეგუნებება.

აქამდე სულ მატარებლით, მანქანით, გემით და თვითმფრინავით ვმოგზაურობდი. რამდენი რამ მინახავს, რამდენი ქალაქისა და სოფლისათვის გადამიფრენია. ზღვაც გადამიცურავს, მდინარეც, მაგრამ რომ მკითხო, რომელ ქვეყანაში, როგორი ბავშვები ან მოზრდილები ცხოვრობენ, რა უჭირთ, ან რა ულხინთ, ვერ გეტყვით. რომელ ტყეში როგორი ნადირი დაძრწის, არაფერი გამეგება; რომელ ოკეანეში რომელი თევზი ჭარბობს, წარმოდგენა არა მაქვს; დედამიწის გულში რა ცეცხლი და მდუღარე ტრიალებს, ვულკანებად რომ იფრქვევა, ხომ არ ვიცი და არ ვიცი.

ესაა სიცოცხლე? ახლა ისეთი დროა, ვარსკვლავებზე რა ხდება, ის უნდა იცოდნენ და მე ასე თხუნელასავით, როგორ განვვლო წუთისოფელი. ავდგე, დავლიო ჩაი, ვიმუშაო, ვისეირნო, ვივახშმო, დავწვე და დავიძინო. მეორე დღეს ისევ ჩაი, სადილი, ვახშამი, ძილი... ყოველდღე, ყოველთვის ერთი და იგივე, აღარ შემიძლია მეტი...

გათავდა, მორჩა!

აი, ვიცმავ ქალამნებს. უბრალოს კი არა, რომ გამიცვდეს და თითი გამომვარდეს, არა, რკინის ქალამნებს, ვისხამ ნაბადს - სიცხეში მზისაგან დამიფარავს და ყინვაში სიცივისაგან. ვიხურავ ნაბდისავე ქუდს, ვიჭერ ხელში რკინის ჯოხს და ვადგები გზას. თან კომპასიც კი არ მიმაქვს. კომპასი მას სჭირდება, ვინც იცის, სახელდობრ, რომელ მხარეში და ქვეყანაში მიეშურება. მე მივდივარ ყველგან, ყველასთან, ყველაფერთან, რაც დედამიწაზეა და კომპასი და რუკა რისი მაქნისია.  საათი და კალენდარიც კი არ მიმაქვს. როდის დავბრუნდები, წლის რომელ დროს, არ ვიცი. ამას გარდა, ჩრდილოეთში რომ ზაფხულია, სამხრეთში ზამთარია, ეკვატორზე კიდევ სულ ცხელა, დღე და ღამე არც იკლებს და არც იმატებს, აბა კალენდარს რა თავში ვიხლი.

არ მიმაქვს არავითარი იარაღი. შეიარაღებულ კაცს ყველა ეჭვის თვალით უცქერის: თუ სამოგზაუროდ და სამეგობროდ დადის, თოფი და ხანჯალი რად უნდაო. საჭმელ-სასმელი ზურგით იმდენი რა უნდა წავიღო, მთელი ქვეყანა მოვიარო და მეყოს. თითქმის მთლად ცარიელ-ტარიელი ვადგები ამოდენა გზას, თუ რამეს ვიპოვი, თორემ არაფერს დავკარგავ.

არ გაგიკვირდეთ და... ერთადერთი ჩემი ტვირთი იქნება გალია. კი, საკმაოდ მოზრდილი გალია მექნება თან, რომელიც საფოსტო მტრედებითაა სავსე. სიმართლე რომ ითქვას, ჩემი სამოგზაურო საზრუნავი ესღა იყო. გადავყევი ამოდენა სხვადასხვაფერი მტრედის შოვნას. ამდენ ხანსაც ამან შემაყოვნა, თუ არა, გზას რა ხანია დავადგებოდი. ახლა, მადლობა ღმერთს, ბედის სამდურავი არ მესმის. გალიაში სამსართულადა მაქვს ქანდარები განლაგებული და სულ ფერად-ფერადი მტრედებითაა სავსე. დავიჭერ ხელში, გავიდებ მხარზე, ან ზურგზე მოვიკიდებ და რასაც ვნახავ, დავწერ, შევაბამ მტრედს და ჰაიდა, ავუშვებ ცაში. მტრედს ისეთი უტყუარი გუმანი აქვს, არც დაიკარგება და ამბავსაც მოიტანს. ამას გარდა, მტრედებიანი კაცი რომ უცხო ქვეყანას მიადგეს, არა მგონია, ვინმემ კარი ფართოდ არ გაუღოს.

იმიტომ კი არ ვაპირებ ქვეყნის ატალახებას, რომ მერე გავიქაჩო, შემხედეთ, რა დიდი ვინმე ვარ, მთელი დუნია ფეხით მომივლია და დედამიწის გულში რაა, ისიც ვიცი-მეთქი. ცოდნა და გამოცდილება ხალხს თუ არ გაუზიარე და მოახმარე, რკინის ქალამანი რომ რკინის ქალამანია, იმის ღირსიც არა ხარ.

გადაწყვეტილი მაქვს, ბარათები ბავშვებმა მიიღონ. შეიძლება ჟურნალ-გაზეთებშიც დაბეჭდოს, და ის, რასაც მე ვნახავ, თქვენც გეცოდინებათ. დიდები ეჭვიანები არიან, არ დაგიჯერებენ ნათქვამს. შეიძლება ისეთი რამ ვნახო, მეც არ მჯეროდეს, მაგრამ იმის შიშით, ყურად არავინ იღებს-მეთქი, არ მოვიწერო?

უცნაურის და გაუგონარის ხილვა რომ მინდა, იმიტომ ამოვისხი რკინის ქალამნები.

ბავშვები კი სულ სხვაა: კეთილი, გულდანდობილი და ღვთისნიერი.

რაც მოგწეროთ, როგორმე ყურადღებით წაიკითხეთ ან მოისმინეთ, რაკი ადვილად შეიძლება, იმ ბარათის შემდეგ მგელმა შემჭამოს ან ზვიგენმა დამფლითოს...

მაშ, ასე, აგერ ქალამანზე თასმას ხელახლა ჩავამარყუჟებ, ნაბადს მოვიგდებ, ქუდს ჯერჯერობით თვალებზე ჩამოვიფხატავ, ამ ახლომახლო არავინ მიცნოს და მუსაიფი არ გამიბას, ნაბადიანი კაცი ჩვენს დროში გაგონილაო! სანამ აქაურობას გავცდები, მტრედებიან გალიასაც კალთის ქვეშ დავმალავ და გავსწევ...

თქვენ იცით, თუ თვალყურს ადევნებთ ამ უკიდეგანო დედამიწაზე მოხეტიალე მოგზაურს...

ერთი სიტყვით, თქვენი იმედით ვიქნები.

წყარო: kids.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი