გამონათქვამები ოტია იოსელიანისგან


1. ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.

2. ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.

3. ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.

4. ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?

5. არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის….

6. დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.

7. ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.

8. მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, “ვეფხისტყაოსანს” დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს.

9. დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.

10. ვენახს ვწამლავდი “მაშინით”. დამიძახეს მეზობლებმა, – წვრილთვალება კაცი გკითხულობსო. რაღას ვიზამდი, გამევედი ჭიშკარში მაშინაჩამოკიდებული. რო დამინახა, უკან გაბრუნდა, – იზვინიტე, ია ქოლეგა იშჩუო. ვინ არის მერე შენი კოლეგა-მეთქი. ონ ფისატელო! მაშინ მე ვიქნები-თქვა. არაო! ონ დრამათურგო! მაინც მე ვიქნები-თქვა. არაო, ონ ოჩენ ზნამენითი დრამათურგო!.. მოკლედ, ძლივს დავაჯერე.

11. ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი.წარმომავლობა,რაც ისტორიას დაავიწყდა,ენას ახსოვს.ერები რომ გადაშენდნენ,მათი ენა ცოცხლობს.ენა მკდარი ერების ძეგლია.

12. წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობაო. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი.

13. ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ.

14. გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.

15. ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარი და გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:ან ხვნა–თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!

16. ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა!

17. მილიარდობით ტვინის უჯრედები აქვს კაცს, მარა, თუ არა განავითარე, რათ გინდა მერე. აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?

წყარო: 4motivi.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი