ეპიტაფია (ნოველა)
ვუძღვნი ი. ალაშვილს როგორც მთელმა სოფელმა იცოდა, სერაფიონს ჯორი ახლოდანაც არ უნდა ჰყოლოდა ნანახი, მაგრამ თუ სიარულის დროს კაცი მარტო წელზევით დააკვირდებოდა, უსათუოდ იტყოდა, რომ ასე მხოლოდ ჯორის ფეხებს შეეძლო ევლო. იგი არც ძველი ნამამასახლისი იყო და არც ახალი ნათავმჯდომარევი. ამ კაცისთვის ვინმეს არც სოფლის თავკაცობა მიუნდვია და ძალისძალად არც სოფელზე მზრუნველობა მოუხვევია თავზე, მაგრამ სერაფიონ გორდაძეს არც ერთი მეზობლის ძაღლი არ შეუყეფდა და ძაღლები რაა, როცა სამფეხა დაბალ სკამზე დამჯდარს დაიგულებდნენ, კატები კრუტუნით დაუძვრებოდნენ ფეხებში და თავ-კისერს მისი ჩექმის ყელზე აფხანდნენ. სერაფიონი ყველგან იყო. ეს ჩვეულებრივ ამბადაც მიაჩნდათ, მაგრამ საკვირველი იყო, ეს მარტოხელა კაცი როგორ ასწრებდა ამდენს. მისთვის ყველა ოჯახში ინახავდნენ ულუფას, ყოველი სადილობისას კი მხოლოდ ერთი მოსახლე იყო მისი მადლიერი. სერაფიონი ყველგან იყო. ანდა უფრო სწორად _ იქ, სადაც უფრო მეტად სჭირდებოდათ სერაფიონი. ძველად ამის შესახებ ჭორი დადიოდა სოფელში: სერაფიონს სული ეშმაკისთვის აქვს მიყიდული და ეს ეშმაკი ამაღამ მთელ სოფელში დაძრწის, ყველა ოჯახს აყურადებს, ნალიაში სიმინდს რწყავს, კოდში _ ფქვილს, ეზოში შეშის მარაგს ამოწმებს და ხალამში წველა ყველებს ანგარიშობს, მეორე დილით, გაღვიძებისთანავე, სერაფიონმა ყველაფერი იცისო. მერე კი, სერაფიონის სულის ეშმაკებსა და მავნეებზე მიყიდვის ჭორმა დიდხანს რომ ვერ იბოგინა, ხალხი ყოველივეს მის რაღაცნაირ, უტყუარ ალღოს აწერდა, გულისყურს თუ გულისგულობას. ბოლოს ყველაფერი დაივიწყეს და სერაფიონი ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნიეს. თითქოს სხვანაირი სერაფიონი შეუძლებელი ყოფილიყო. ხანდამწვარმა ნიკიფორემ რომ ოცდაექვსი დღე ებრძოლა ყელში მობჯენილ სიკვდილს და ოცდამეშვიდე დღეს თქვენი ჭირი წაიღო, სერაფიონი მთელი ღამეები სასთუმალთან უჯდა და გარდაცვლილის მეუღლემ სიკვდილზე უწინ სერაფიონს უსაყვედურა: _ რა მიქენი, სერაფიონ! დამღუპე, ამომაგდე! სულთამხუთავს ვერ გამოგლიჯე ხელიდან ჩემი ნიკიფორე?! სერაფიონმა ჯერ მკვდარს უპატრონა: გულ-ხელი დაუკრიფა, ფეხები დაუჭიმა, ღიად დარჩენილ თვალებზე ქუთუთოები ჩამოაფარა და როცა ხელსახოცით ღრანჭი აუკრა, თავიდან მოგლეჯილი ჩალისფერი ყაბალახი მიწას დაანარცხა, ნახევრად შიშველ თავზე გაშლილი ხელი წაიშინა და ალალი ცრემლები თავისთავად წასცვივდა. ბიკენტის სასიძო შემოეძლია. იმხანად ბიკენტის ქარები ისე ღრღნიდა, ეზოში ყავარჯნებით ძლივს დაათრევდა დაბუჟებულ ფეხებს, მაგრამ ამაზე არავის უდარდია. სერაფიონს ახალი ჩექმები მოარგეს, შუბლი ახალი ყაბალახით გაუკრეს და სასიძოს ოჯახის თვალის გადასავლებად გაისტუმრეს. სერაფიონი რისი სერაფიონი იყო, თუ საქმეს ძირფესვიანად არ შეისწავლიდა, ჯერ ბიჭი ნახა. ნახა _ ახლა როგორ _ ჯერ შორიდან ახედ-დახედა, ხმა არ გაუცია, ისე გაეცალა სასიძოს. მერე ამხანაგობაში მოიკითხა ბიჭის ვარგისიანობა. იქაური კოლმეურნეობის თავმჯდომარე მისი ძველი ნაცნობი გამოდგა, ძლივს მოაგონა თავი. ლაპარაკში სიტყვა იმ ოჯახზე ჩამოუგდო. საღამოს სასადილოში ბრიგადირს ღვინოები გაუგზავნა, მადლობა შემოუთვალეს, კიდევ გაუგზავნა, ახლა მადლობა აღარ იკმარეს, გაგვეცანი მაინცო, სთხოვეს. დათანხმდა. სადღეგრძელომ მოიტანა და ბრიგადირმა მშრომელი კაცის მარჯვენის სადღეგრძელო დალია. სერაფიონმა ჭიქა მანამ არ მიიტანა პირთან, სანამ სათითაოდ არ ჩამოათვლევინა, ვისთვის ცლიდა ამოდენა სასმისს. ღამით, გვიან, გულის ძილში რომ იყვნენ, მაშინ მიადგა სამოყვროს, მასპინძლობა გაუსინჯა, სტუმრის პატივისცემაში გამოსცადა და დაასკვნა: _ მე თუ სერაფიონი ვარ, ამ ყაძახს ქალი არ დაეკავებაო. არც არავის დაუკავებია. გადაიხადეს ნიშნობა. სწორზე საქორწილო მაყრიონი მოადგა ჭიშკარს. სერაფიონი კარში შეეგება სტუმრებს. აბა, მიწვევა, მოწვევა, მობოდიშება, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე და გაიმართა მილოცვა. ჩამოდგა რიგი კეთილისმსურველების. ჯერ ნეფე-დედოფალს უსურვეს მზე და მთვარესავით ერთმანეთს შებერება, მერე მშობლებს უბედნიერეს დაწყვილებულნი. მძახლები დაიბნენ. ქალიშვილის ბედ-იღბალი სერაფიონს მიულოცეს, ბიკენტის მუდამ ლხინი და ქორწილი უსურვეს და მალე გამოჯანმრთელება უწინასწარმეტყველეს. მისულთაგან ეს ჯერ ერთმა გააკეთა. არავის გაჰკვირვებია. მეორე პირველის მაგალითს მიჰყვა. საქმემ დიდებულად ჩაიარა. მაყარი მაყარმა შეცვალა, ბიძია _ ბიცოლამ. სიძეს მამიდებიც ჰყოლია, დეიდებიც, მეზობლები ხომ _ რასაკვირველია და… _ იცოცხლეთ, კეთილებო, იცოცხლეთ… იცოცხლეთ! _ შაქარივით დადნა სერაფიონი, _ მადლობა, ნამეტანი დიდი მადლობა, ჩემო ბატონებო! მარტოხელა ქვრივ-ოხერმა ბაბალემ მარჩენალი თოთო ხბოიანი ძროხა დაკარგა. თოთო ხბოიანი ძროხა საღამომდე საძოვარზე დამაგრდება? გადაიშუადღევებს თუ არა, სახლში გამორბის. არადა, ის დღე ისე დაღამდა, მის გამოჩენას საშველი არ დაადგა. ცალკე ხბო იკლებს ბღავილით ეზო-გარემოს, ცალკე ბაბალეს ვაი და ვიში. ბაბალეს კარის მეზობლებიც ჰყავდა და მაზლისშვილებიც, მაგრამ სერაფიონზე უწინ ვერავინ ვერაფერი იგუმანა. იმ მგლის არჩივ ძროხას ნაშუადღევამდე რომ გაძღომა მოესწრო, მდინარის გაღმა გაეტოპა. მერე ნაპირ-ნაპირ საძოვარს გაჰყოლოდა. მთაში გამთენიისას კოკისპირულ წვიმას აქ შუადღისას მდინარე აედიდებინა და თოთოხბოიანს უკან დასაბრუნებელი ფონი ვეღარ ეპოვა. უბღავლია და გაღმა ნაპირს მიწყდომ-მოწყდომია, მაგრამ სოფლიდან მდინარე არც ისე ახლოსაა, რომ ტყის იქით თვალი მიაწვდინო და ძროხამ ხმა მოგაწვდინოს. მაგრამ სერაფიონი… რაზეც სოფელს თვალი და ყური არ მიუწვდებოდა, სერაფიონი რისი სერაფიონი იყო, ხელი არ მიეწვდინა. მიჯორფეხებულა, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა _ ის გამოღმაა, ძროხა წყალგაღმა. წყალგაღმა, მდინარის პირას არა, მაგრამ მთაში, მგელიცაა და შენ რომ სერაფიონი ხარ, წელამდე ცივ წყალში უნდა გაფონო, ძროხიანად გადმოფონო, ბაბალეს მარჩენალი დაუბრუნო, მშიერი ხბო დააპურო და მშიერი მგელი ხახამშრალი დატოვო. შემოდგომის პირზე იღლიებში ტაროებამოჩრილ სიმინდის ყანებს რომ ჭილყვავი შეესეოდა, სერაფიონი მეველეც იყო და მოჭირნახულეც. თავისი თავის სიმსხო, საორშიმე მწარე კვახიც ნამარაგი ჰქონდა და ბარე ორი ძველი დაჩინჩლული ნაბდის ქუდიც. «ხელებგაფარჩხულ» სარის თავზე რომ «თავს» დაანცობდა, ნახშირივით დაპრაწულ თვალებს «გაუხელდა», წარბებს დაუფანჩავდა, ცხვირსა და ულვაშებს თავისაზე გრძელს დაუხატავდა, ძონძებით შემოსავდა და ქუდს, როგორც თვითონ იცოდა, გვერდულად მოაგდებდა, ყანების თავში გინდა სერაფიონი მდგარა და გინდ სერაფიონის ალი-კვალი საფრთხობელა. სერაფიონი რომ ორღობეში მიჯორფეხობდა, ბავშვები ღობის შიგნიდან აცილებდნენ ეზოს ბოლომდე და დიასახლისები ხელისგულზე გადაფარებულ და გახამებულ ტილოზე დადებული ცხელი ხაჭაპურით ან ჭადით იწვევდნენ. ერთ დღეს ყველა ოჯახში გაცივდა სერაფიონის ულუფა. ფეხზე დადგა სოფელი. შავ საღებავზე აფრინეს კაცი. ნიგვზის კუბო არჩიეს მუხისას, თუმცა ბევრი იმ აზრისა იყო, მუხა დიდხანს ძლებს მიწაშიო. დასაფლავების ვადა ჩვეულებრივზე ორი დღით გადადეს. იტირეს, ითავცემეს და, როგორც წესი, მიწის შვილი მიწას მიაბარეს. _ მიწა ცივიაო, _ ამბობენ, მაგრამ არ გამართლდა. ხალხი ვერ ისვენებდა, წუხდა. სერაფიონი კიდევ რაღაცას მოითხოვდა, რაღაც კიდევ სჭირდებოდა სერაფიონს. ჰო, მართლა, ვის მოაგონდა _ საფლავს ხომ ღობურა უნდა! აბა, მიშველეთ, საქმე გაგვიჩნდა! გასწიეს ქალაქს, საგანგებოდ დაუკვეთეს დიდი, რკინის უფსკერო და უსახურავო გალია. გადაადგეს საფლავს, შეღებეს, ფერი შეუცვალეს, მაგრამ საქმეს მაინც ვერ ეშველა. რაღაც კიდევ დარჩა გასაკეთებელი. _ რაა ეს? _ რას ითხოვს? _ რა სჭირდება კიდევ სერაფიონს?! აბა, აქეთ, აბა, იქით და… საფლავის ქვა! ჰო, ქვა… ძლივს მოიფიქრეს! დიდი, საგანგებოდ დიდი და გამძლე ქვა დაადეს სერაფიონს გულზე, ლამის სული ამოხადეს კაცს. _ წარწერა როგორი უნდა იყოს, ასოები მსხვილი თუ შედარებით წვრილი და თვალსაჩინო? _ გაკრული ხელით აჯობებს დაწერა თუ ბეჭდურით? _ გრძელი უნდა იყოს ასოები თუ მოკლე და მსხვილი? _ შავი თუ თეთრი, ოქროსფერი თუ ვერცხლისფერი? ვერაფერი გადაწყვიტეს. ისევ ოსტატს მიანდვეს, ეს ჩვენზე უფრო შენ გესმისო, მაგრამ გააფრთხილეს: ყველაზე უკეთესი კი უნდა იყოსო. _ აბა, ახლა რა ვქნათ? _ რა დავაწეროთ? _ რა უნდა ეწეროს სერაფიონის საფლავის ქვაზე?.. ამან ყველა ჩააფიქრა. ამან ყველას წაართვა პირში ენა. ჩამოსხდნენ საფლავზე და შემოიბჯინეს ხელები თავზე. ფეხის თითებთან თვალი მიწას ჩაასვეს. იფიქრეს, იფიქრეს, მაგრამ ამაოდ ეჭირა ოსტატს ხელში მომარჯვებული საჭრისი. მერე კანტიკუნტად წამოისროლეს თითო-ოროლა სიტყვა. ეს, რა თქმა უნდა, ისე, სხვათა შორის, თორემ ვის სჯეროდა, რომ ეს სჯობდა სხვას. _ ძვირფას სერაფიონს! _ იყო წინადადება. _ არ ვარგა! სერაფიონი რომ ძვირფასია, ამას რა დაწერა უნდა! _ დაუვიწყარ სერაფიონს… _ გადაირიე, შე კაცო, სერაფიონის დავიწყება სად გაგონილა?! _ საყვარელ სერაფიონს! _ დაკარგე ჭკუა? სერაფიონის მოძულე კაცი გინახავს?! დაღლილი ოსტატი ანგარიშმიუცემლად დაეშვა ბალახებში, ხალხი ისევ და ისევ ბჭობდა. მგონი, გვიან საღამოს რაღაც გადაწყვიტეს, სხვა გამოსავალი ვერაფერი იპოვეს და ოსტატი შეუდგა საქმეს… დილით შორიდან თეთრ ქვაზე ამოკვეთილი ჩანდა. ამასაც უშოვეს წამალი. ოქროსფერი ლაქით შეღებეს ამოჭრილი ანბანი და საქმეც გაიჩარხა, მიდიოდი თუ მოდიოდი, ღრუბლიანი იყო თუ მზიანი, ადვილად შეგეძლო გაგერჩია კაცს ერთი სიტყვა. დიახ! მხოლოდ ერთადერთი სიტყვა: «სერაფიონი».
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი