საუბრები ლიტერატურაზე - ოტია იოსელიანი
ანგელოზის ნაკვალევზე – ბატონო ოტია, რამდენიმე დღეში 80 წლის გახდებით. ბევრი წიგნი დაგიწერიათ. ახლაც წერთ?.. – ატეხილია ამ იუბილეზე ერთი ამბავი… მე ვთქვი: რა იუბილე? ქვეყანა იქცევა და შენ იუბილეს იხდი? ზეიმი და იუბილე კარგია მაშინ, კარგ ხასიათზე რომ ხარ და აწყობილი რომ გაქვს ყველაფერი. და ახლა? რა ზნეობით?.. წერით ვწერ. და როცა ვწერ, ამ დროს საერთოდ ვიმალები, ვიკარგები. ვერსად მნახავ… ჩემთან ასეა. მე ჯერ უნდა ვიმუშაო ფიზიკურად და მერე უნდა ვწერო. დილას ადრე სამუშაოდ მშიერი გავდივარ. ამ დროს არც ვეწევი. ორი საათი მაინც შეუსვენებლად ვმუშაობ და მერე დაღლილზე მარტო ერთ ჭიქა ჩაის ვსვამ. საჭმელი არა! მშიერი მონები აშენებდნენ ქვეყანას. ერთ ჭიქა კარგ ჩაის ვსვამ თაფლით. შაქარი აქ ჩემთან არ შემოვა.. ჩაის ვსვამ და მერე უკვე ვიკარგები. 4 საათამდე ვწერ. ვწერ.. დღევანდელ საქმეს ხვალ არ გადავდებ, იმიტომ რომ იმას უკვე ხვალის საქმე ხვდება და მერე ორივეს გააკეთებ? ცხრატომეული გამოვიდა და ახლა მეათე ტომია გასაკეთებელი. ამის გარდა კიდევ ერთი ტომი შედგებოდა იმით, რაც დარჩენილია, ტომებში არ შესულა, მაგრამ ხალხშია… ვწერ, ვმუშაობ, მაგრამ ცოტა მეშინია ამ ოპერაციის მერე. ეს ყველაფერი მოქმედებს გონებაზე და ვფიქრობ, არის კი ჩემი გონება სრულყოფილი? გონებას ერთი მეასედიც რომ დააკლდეს, უკვე საფრთხილოა. იქნებ სწორედ ისაა განსხვავებული.. – მოთხრობაში “ჩემი ასავალ დასავალი” წერთ როგორ დაიწყო ყველაფერი.. – თბილისში პირველად როცა ჩავედი და მოთხრობები ჩავიტანე, ტალახი მქონდა მუხლზე. ტალახს ახლაც არ ვიცილდებ, მიყვარს ქართული მიწა… სკოლაში სამიანებს მიწერდნენ, ობოლი ვიყავი და იმიტომ. თორემ ისიც არ მეკუთვნოდა. უმაღლესში არ მისწავლია. იქ ვინ შემიშვებდა? და ამ დროს მიმაქვს მოთხრობები. რაშია საქმე? წიგნი მე არ მქონდა წაკითხული.. პირველი წიგნი ჩემი დაწერილი წავიკითხე. იქამდე არ მქონდა. წაიკითხეს მოთხრობები და გაოგნდნენ.. აბა ეს ვინ დაწერა? მე დავწერე, არადა, არავითარი პირობა არ გამაჩნდა იმისი, რომ ეს დამეწერა. დაიბნენ. კი, ეს დასაბეჭდია, მაგრამ დაიცა… იქნებ რაღაცას ეშმაკობს? საიდანმე ხომ არ ქაჩავს? იქნებ ენები იცის და არ გვიმხელს? ჟურნალ “დილის” რედაქტორი ნონეშვილი იყო და მისი მოადგილე გახლდათ მაყვალა მრევლიშვილი. გამიშვეს მრევლიშვილთან. მაყვალა მეკითხება: “შვილო ოტია, შენ თუ ყურს არ უგდებ ამ ცხოვრების წარმავალობას, შენგან დიდი მწერალი დადგება” და მისახელებს რაღაც ფრანგულ ჟურნალს, ხომ არ მიგიღიაო? მაშინ კი არა, ახლაც არ ვიცი რა ჟურნალზე მეკითხებოდა… მოკლედ ვერაფერი გაარკვიეს. ჟურნალის ყველა ნომერს თვის ბოლოს კოლეგია არჩევდა. მეორე დღეს ეს კოლეგია იკრიბება. მათ შორის იყო აკაკი ბელიაშვილი და გამაგზავნეს მასთან. მივედი. ვინ ხარო? ესა და ესა თქო. რა გინდაო? რა ვიცი, თქვენთან გამომაგზავნეს თქო. ხომ არაფერს წერო? კი ბატონო, მე ვუთხარი. მომეციო.. წაიკითხა. კიდევ ხომ არ გაქვსო? კი ბატონო. ყველა ჯიბეში მქონდა. იკითხა, იკითხა და წადი ახლა შენ. მე მკითხონ იმათმაო. ბელიაშვილმა არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ დაიწყეს ბეჭდვა და რასაკვირველია, მერე ეჭვი აღარავის შეპარვია. – პირველი წიგნის გამოსვლა როგორ მოხდა? – კომუნისტებს ეშმაკი მიუდგა, მთელი ცხოვრება მაგათ ვებრძოდი, მაგრამ რაღაც წესრიგი მაინც იყო. თავიდან ფრთხილად უნდა ყოფილიყავი. მართალია, დიდი გამოცემლობა იყო და გამომცემლობაში მწერლები ისხდნენ.. მაგრამ წიგნი რომ გამოსულიყო ის სხვა, სამი ცნობილი მწერლისთვის უნდა მიგეცა, მათ უნდა წაეკითხათ და რეცენზიები დაეწერათ. ორი რეცენზია მაინც უნდა ყოფილიყო დადებითი, თორემ ის წიგნი არ გამოვიდოდა. რეცენზიების სანდოობაში ეჭვი არავის შეჰქონდა. ჭეშმარიტი მწერალი თუა, არც იკადრებს ხომ სხვანაირად… გარდა ამისა, ახალგაზრდა მწერლების წიგნები განსაკუთრებით იაფი ღირდა. მახსოვს რეზო მიშველაძე ამბობდა, 18 კაპიკი ღირდა ჩემი წიგნი და 24 გვერდიანი რვეული 20 კაპიკიო. მაგრამ, სანაცვლოდ, ტირაჟი დიდი იყო და 1500 დან 4000-მდე ჰონორარი. ახლა აღარაფერი აღარ არსებობს და წიგნებიც იოლად, ხელწამოკვრით იბეჭდება. არადა, ასე არ შეიძლება. დააბრალებენ მწერლობას ვინმეს, იმასაც ჰგონია, რომ რადგან წიგნი გამოსცა, მწერალია და მერე მთელი ცხოვრება იხარჯება, წვალობს, იტანჯება. შეიძლება საბოლოოდ არაფერი გამოუვიდეს და ამ დროს მთელი ცხოვრება შეწიროს საქმეს, რომელიც მისი არ არის… – ფიქრობთ, რომ ნიჭიერი ადამიანი არც ერთ ეპოქაში არ დაიკარგება? თუ არც ასე იოლადაა საქმე? – ყოველ შემთხვევაში, თავიდან რომ მოდის ახალგაზრდა, უნდა დაინახო და აღმოაჩინო. თანაც, მარტო ნაკითხობაც არ შველის ამას ალბათ. ხელოვნება, ლიტერატურა მათემატიკა კი არ არის, რომ ჯამი მიიღო და თქვა, ყველაფერი რიგზეა. შორს რომ არ წავიდეთ და აგერ, ჩვენს წარსულში რომ გავიხედოთ და გავიხსენოთ: გრიგოლ ორბელიანი, ასეთი დიდი პოეტი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, მანანა ორბელიანის სალონი, ჭავჭავაძის ქალები, პლატონ იოსელიანი, ძალიან კარგი ფილოსოფოსი და მთელი მაშინდელი ინტელიგენცია. აქვე, მათ თვალწინ კითხულობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის ლექსებს და ამ დროს არც ერთმა არ იცოდა ვინ იყო და რამხელა პოეტი იყო ბარათაშვილი. ჭავჭავაძის ქალს რომ არ შეენახა ის ლექსები და არ მიეტანა ილიასათვის, ბარათაშვილი და მისი პოეზია ჩვენთვის სამუდამოდ დაკარგული იყო… – რას ურჩევდა ოტია იოსელიანი ახალგაზრდა, დამწყებ მწერლებს? – ჯერ ერთი, წიგნის სათაურშივე უნდა ჩანდეს რაზე გვიამბობს წიგნი, რა გინდა. “ანა კარენინა”, კი ბატონო, ესე იგი ქალზეა, “ომი და მშვიდობა”, ესე იგი, ომზე და მშვიდობაზეა. რომ ვიწყებ კითხვას, უკვე უნდა ვხვდებოდე, რა თვალსაზრისით ვიკითხო. ან მაგალითად ესეცაა, რომ რაღაც დაუსრულებელი აზრი გამოაქვთ სათაურად. მაგალითად, “და მე შევხვდი.. “ ვის შეხვდი? პეტრეს? სტილს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ყველაზე კარგია ზღაპრის სტილი. მაგალითად, “იყო ბაჩო და მანო. მაგრამ არსად არ იყო დაჩი. დაჩის გული მოუვიდა რატომ მე არ ვარო და გაჩნდა”. ეს ზღაპარია და გასაგებია, რომ საბავშვო მოთხრობა სხვანაირად იწერება, ნოველა სხვაა და რომანი სხვა, მაგრამ თუნდაც ლევ ტოლსტოი რომ გავიხსენოთ, ის თარგმანში არ აგებს. არ იკარგება ისე უბრალოდ წერს. მაგალითად: “კავკასიაში მსახურობდა ვინმე ჟილინი. ერთხელ მან დედისგან წერილი მიიღო. შვილო, მე დავბერდი, ჩამოდი, დამასაფლავე, შენთვის ქალი შევარჩიე, თუ გინდა შეირთე. მივიდა ჟილინი, აიღო შვებულება, შეჯდა ცხენზე და წავიდა”. რა უნდა დაკარგო აქ? ისეთი სადა და მარტივია, არც ენაა ნაწვალები. ეს საკითხავადაა იოლი, მაგრამ საწერად ძნელია… ახლა მაგალითად, რობაქიძე გერმანულად რას წერდა არ ვიცი. გერმანელები ტყუილად არ იტყოდნენ, ახალი ენის ფუძემდებელიაო, მაგრამ “გველის პერანგი” მე ვერაფრით წავიკითხე. ბრახა-ბრუხია, ალიაქოთია… – სტილის თვალსაზრისით მანერულია გამსახურდიაც.. – მთელი ღამე უხმობდა მამალი ხოხობი დედალს… გათენდა… თქვა მერე კოწიამ, ამით ხიდი გავდეო ევროპულ პროზასა და აღმოსავლურ პოეზიას შორისო, მაგრამ რა ხიდი უნდოდა… ვის რაში ჭირდებოდა? საერთოდ, ლიტერატურა ეს სახეებით აზროვნებაა. ნაწარმოები არის სახე. ეს არ უნდა დაავიწყდეთ, ისე უნდა წერო, რომ არც არავის ჰგავდეს და თან სულ გახსოვდეს ვინ არიან შენი გმირები. ის პიროვნებები, რომ ისინი ჩემთვის, მკითხველისთვისაც ახლობლები გახადო და მეც იმათი ბედით ვწუხდე.. სათქმელიც შენებურად უნდა თქვა, შენი ფრაზით, შენი ენით, თორემ წავიკითხავ აგერ მსოფლიო ლიტერატურას. “ვეფხისტყაოსანიც” ამ თვალსაზრისით უნდა იკითხო. აზრი ნათლად მოაქვს. ასე, ყველა ქვეყანაშია რუსთაველამდეც ნათქვამი, რომ გლახა სიცოცხლეს სიკვდილი ჯობია, მაგრამ რუსთაველი როგორ ამბობს? “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”. ესაა მწერლის ოსტატობა. – თანამედროვე ქართულ ენაზე რას იტყვით. ძალიანაა დაბინძურებული? – ხალხია ენის პატრონი. ენა ჩვენი მდიდარია, მაგრამ საქმე იმაშია, თუ იცი ენა. ახლა ისეთებს გაიგონებ… მაგალითად, “მიიღო ზომები” რისი ზომები მიიღო? ჩოხა-ახალუხის? კაბის? ეს რუსულიდანაა. ქართულად არის “დასაჯა”. ან კიდევ “უბრალოდ” რა ნიშნავს უბრალოდ? გელაპარაკებით ბრალიანად. უბრალო შეიძლება თქვა ამაზე, რომ ეს უბრალო, ფარატინა ქაღალდია. სულ ბწკარედებია. გადმოტანილია ასე უკითხავად და არაფრის მაქნისია.. ძალიან დამახინჯებული ენაა და ვერც ვაცნობიერებთ ამ დროს. ამიტომ უნდა ვიკითხოთ ბევრი. რადგან კარგ მწერალთან ამას ვერ ნახავ… რუსულმა დაგვიმახინჯა ენა, მაგრამ ეს ისევ ჩვენი ბრალი იყო. ახლა მეორე უკიდურესობაში ვართ. წიკლაურმა თქვა ამასწინათ, პუშკინის ძეგლი დაანგრიეთო, რუსეთი ჩვენი მტერიაო. ასე, მუდამ ჩვენი მტერი იყო სპარსეთი, მაგრამ ფირდოუსი იყო ჩვენი მტერი? ხაიამი იყო მტერი, საადი თუ ჰაფეზი, ჯამი თუ რუმი? ამათ ადრეც ვთარგმნდით და სულ ზეპირად ვიცოდით. ხაიამმა უკეთ უმღერა ღვინოს და ქალს. ასეა, მოვლენ პოლიტიკაში და ჩერჩეტობენ რაღაცას. – როგორ უნდა გახდე კარგი მკითხველი? ისევე, როგორც მწერლობამდე ალბათ აქამდეც გზაა გასავლელი.. – იტყვიან, წიგნი რომ არ წავიკითხო, ისე არ დამეძინებაო. წიგნი რა, ლუმინალი კი არ არის… თუ წიგნი ვარგა, რა გაძინებს და თუ არ ვარგა, რა გაკითხებს. ნაკითხი თუ არ ხარ, ვერ გაიგებ ისე ლიტერატურას. მახსოვს, “ომი და მშვიდობა” რომ გამოვიდა, 18 წლის ვიყავი. სულ მესმოდა ტოლსტოი, ტოლსტოი და დავიწყე კითხვა.. ვერაფერი გავიგე, მეთქი რას ბჟუტურობს ეს კაცი თქო, მაგრამ იმის ბრალი კი არ იყო, ჩემი ბრალი იყო ეს. დავანებე თავი… და მერე მოსკოვში ვარ, უმაღლეს კურსებზე. ასეთი კურსები არსებობდა მწერლებისთვის. მთელი კავშირიდან ჩამოდიოდნენ. 38 კაცი იყო კურსზე. შოთა ნიშნიანიძე იყო მეორე კურსზე, მე ვიყავი პირველზე. და ასეთი ლექციები გვქონდა: პუშკინის, ფლობერის, ტოლსტოის ოსტატობა. რომელიც გინდოდა, იმას აირჩევდი. მე, როგორც პროზაიკოსი მაინც ტოლსტოის მივეტენტრე. მატილიოვას ქალი იყო. ის მიკითხავდა. ზეპირად სხლავდა ტოლსტოის. მე არ ვიცოდი ენა, თორემ… ტოლსტოის 90 ტომია გამოსული.. მე უკვე 2 წიგნის ავტორი ვარ, კიდევ მაქვს დასაბეჭდი… ამას ვისმენ ახლა.. და ვიცი უნდა ჩავაბარო, ისე ნიშანს ვინ დამიწერს. მეთქი, რაღაცას წავიკითხავ და გადავწყვიტე “ანა კარენინა” წამეკითხა. დავიწყე კითხვა. და ეს რა ყოფილა! სასწაულები იყო. ვტირი და ვტირი.. შოთა მეექვსე სართულზე იყო, მე ვიყავი მეშვიდეზე. მე ჩემს თავზე ვერ ვგუობ საერთოდ ვერავის. ჩემს ათ მცნებაშიც მიწერია “ჯიხვმა თქვა, ჩემს რქებს ზევით მარტო ღმერთი უნდა იყოსო”. მოკლედ, სულ ზემოთ ვარ და არ ვიცი ვის გავუზიარო. ვკითხულობ და ვყვირი კაცო. ისე გადის ადამიანში, როგორც რენტგენის სხივები. მოდი და ნუ იყვირებ. ლეკი პოეტი იყო ჩემს გვერდით და გამოვარდა რა გაყვირებსო… საერთოდ, მკითხველობა ბედნიერებაა. ჰემინგუეიმ, ნობელის პრემიის ლაურეატი რომ იყო და უზარმაზარი შემოსავლები ჰქონდა, მაშინ თქვა: მთელ ჩემს შემოსავალზე უარს ვიტყობდი, “ანა კარენინა” და “ომი და მშვიდობა” რომ წაუკითხავი მქონდესო. – ზუსტად ასე ამბობს? – არა, სხვათა შორის, შემოსავლის ნახევარსო ასე ამბობს, მაგრამ მე მთლიანად ვურჩევდი. – კარენინაში განსაკუთრებით რამ მოგხიბლათ? – ტოლსტოიმ ქალი იცის ძალიან კარგად, რაც საერთოდ ძალიან იშვიათია. არადა ლიტერატურაში ქალი თუ არ არის, იქ აღარაფერია… თუნდაც, ქართული ლიტერატურა რომ გავიხსენოთ, გამსახურდიასთან როგორაა: შეიყვანა თამარი ემხვარმა გვირაბში… მეთქი, გაიხსნება ეს ქალი ძალაუნებურად ახლა თქო, მაგრამ კივა ეს ქალი, კივა მატარებელი და გავიდა მეორე თავში, არაფერი.. ვერ გახსნა კოწიამ ქალი. ნახეთ ახლა ამას ლევი როგორ აკეთებს. ანა მიდის სტივასთან. სტივა მის ცოლს, დოლის ეჩხუბება და ანა ამ უსიამოვნების მოსაგვარებლად მიდის. აი, შეხვდა ვრონსკის მატარებელში. ვრონსკის შეიძლება ადრეც იცნობდა და არაფერი განსაკუთრებული იმ ქალში არ მომხდარა. ჩავიდა, მოაწესრიგა რაღაცეები, უკან ბრუნდება და ისევ შეხვდა ვრონსკის. არ ჩანს რომ ამ ქალს რამე განსაკუთრებული დაენახა ამ კაცში, მაგრამ ჩამოდის მატარებლიდან. ხვდება ქმარი, კარენინი, ამხელა შვილი ყავს სერიოჟა და აღმოჩინა, რომ ამ ქმარს დიდი ყურები ჰქონია. ჯერ ანამაც არ იცის რა ხდება მასში, ჯერ გაცნობიერებიული არ აქვს, მაგრამ… მოდი და ნუ იყვირებ ახლა ამაზე.. თუ არ იცი კითხვა, იტყვი: დიდი ყურები, დიდი ამბავი, რამდენი ყოფილა დიდყურა და მორჩა, მაგრამ ამას ხომ უზარმაზარი დატვირთვა აქვს…. აი ამ დონეზე აქვს წაკითხული ტოლსტოის ადამიანი და განსაკუთრებით, ქალი. – ქართულ ლიტერატურაში სამწუხაროდ, ქალზე და მის გრძნობებზე ნაკლებად წერდნენ. – ქალი დარჩა ქართულში, როგორც გმირი და მორჩა. ჩვენ გვინდოდა ქალი დროშად და მივახატეთ კიდევაც. გვჭირდებოდა ასეთი სახე: წადით შვილებო, იბრძოლეთ, ზურგში არ მოგხვდეთ ტყვია და დაიხოცეთ სამშობლოსათვის.. იყვნენ კიდევაც ასეთი ქალები. მაშინ კომისარიატები არ იყო და მეფე ქუდზე კაციო, რომ იძახდა, მიდიოდნენ. აბა, დედას რომ დაემალა კალთის ქვეშ, არც წავიდოდნენ. გმირი გვჭირდებოდა, კი ბატონო, მაგრამ თვითონ ქალი? გმირები დაემსგავსნენ ერთმანეთს, მაგრამ ქალი ხომ ინდივიდია… – მიხეილ ჯავახიშვილმა სცადა ამ სიცარიელის ამოვსება. – ჯავახიშვილმა სცადა “ჯაყოს ხიზნებში”, მაგრამ არ დააცადეს. მას შეეძლო ქალი დაენახა. ჯავახიშვილი კითხულობს ქალს, მაგრამ მისი მიზანი ამ რომანში არ იყო ქალის გახსნა. ის უფრო სოციალურ თემებს ეხება. თუმცა “ჯაყოს ხიზნებში” ძალიან კარგად ჩანს ქალის ხასიათი და ბუნება. იგივე ფრანგული რომანები რომ გავიხსენოთ. თუნდაც “მადამ ბოვარი” “წითელი და შავი”, “პარმის სავანე” რა ქალებია იქ… ჩვენ კი საბოლოო ჯამში, დაგვრჩა ქალი ასე წაუკითხავი, არადა, არც ერთი დიდი ნაწარმოები არ შექმნილა, სადაც ქალი არ არის გადამწყვეტი გმირი. – თქვენს შემოქმედებაში წამყვანია ქალის სახე. “იყო ერთი ქალი”, “ქვრივის ცრემლები”, “ქალი გამოვიდა ქმრის საღალატოდ”… – “ქვრივის ცრემლები” დიდხანს არ დაიბეჭდა, ვითომ პორნოგრაფიააო და ამ მიზეზით. არადა, რა არის იქ პორნოგრაფია?! და ასე გადადიოდა ხელნაწერებით “ქვრივის ცრემლები” ხელიდან ხელში. მახსოვს, მიშა ქვლივიძე შემხვდა მოსკოვში და იქ მიყვება ქვრივის ცრემლებს. საიდან იცი, არსად არ დაბეჭდილა თქო? და ვიღაც მომიყვა ვარშავაშიო. მერე “ქვრივის ცრემლები” წიგნში დაბეჭდილ ნაწარმოებებს შორის შევაპარე. იმათ აღარ გადახედეს, დაბეჭდილებია უკვეო, ჩვენ ხომ ზერელეები ვართ და ასე წავიდა და დაიბეჭდა. – ამბობდნენ, რომ თითქოს ქვრივს პროტოტიპი ჰყავდა. საერთოდ, გყავთ პროტორიპები? – არა. ასე დამზადებული პროტოტიპები ცხოვრებაში არ არსებობს. ლიტერატურული სახე საერთოდ კრებითია. შენ რა სათქმელიც გაქვს, არ შეიძლება მას ერთი სახე ატარებდეს. შეიძლება გაუცნობიერებლად ხდებოდეს, მაგალითად, “ვარსკვლავთცვენაში” მყავს ეზიკა და მერე მივხვდი ეზიკა თურმე ბაბუაჩემი გრიგოლი ყოფილა. ეს თავისთავად გადმოდის შენში, შენს სამყაროში და მერე როცა დაგჭირდება, ამოტივტივდება. ყველაფერი ცხოვრებიდანაა, რა თქმა უნდა, ციდან ხომ არ არ ჩამოდის… ანგელოზი ფუცუი, მაგალითად. 7 შვილი ყავდა. ისეთი გაჭირვებულები იყვნენ… ერთი ნალიის ქვეშ 5 ბავშვს ერთ საბანქვეშ ეძინა. დომნას, მის ცოლს, ტყემალი ჩამოჰქონდა და ჰოსპიტალში დაჭრილებს პურში უცვლიდა. ეს ბავშვები იყვნენ მთელი დღეები მშივრები, უცდიდნენ როდის მოვიდოდა დედა. ის არ მოდიოდა და ერთი ადიოდა ხეზე, რომ დაენახათ გზაზე მომავალი. დიაა, – ეძახდა საწყალი ხმით. ბოლოს და ბოლოს, მოვიდოდა დია და მოიტანდა პურის ნატეხებს. იმათ ჩვენ გადაგვარჩინეს. ფუცუი ჩვენი ანგელოზი იყო. რატომ იცით? ჩვენც გაჭირვებულები ვიყავით, მაგრამ იმას რომ ვეხდავდით, ჩვენი გაჭირვება არაფრად მიგვაჩნდა. უარესიც არსებობსო, ეს გვაძლებინებდა. ასანთი რომ არ ჰქონდა, ფუცუი მუგუზალზე მოდიოდა ხოლმე. ერთხელ მოვიდა ახლადდათოვლილზე, ფეხშველი, მუგუზლისთვის და თოვლზე ნაკვალევი დაუტოვებია. მის მერე შემოვიდა ეზოში მეზობელი ჭიჭიკო და რაღაცას გაკვირვებული დაეძებს. რას ეძებ თქო, ვკითხეთ და ნაკვალევზე გევუბნება, აქ ანგელოზს გაუვლიაო. ანგელოზი კი არა, ფუცუი იყო ეგ თქო. ფუცუი იყო ჩვენი ანგელოზი. – “ვარსკვლავთცვენაში” ბევრია ასეთი გმირი. პირველი აღიარებაც ამ რომანმა მოგიტანათ. – იოანე პავლე მეორეს გამომცემლობაშიც კი დაიბეჭდა “ვარსკვლავთცვენა”… არადა, იქ მხოლოდ სასულიერო ლიტერატურა იბეჭდებოდა. სენტ ეკზიუპერს უთქვამს, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართო. მე ჩემი ბავშვობიდან არ მოვდივარ, იმიტომ რომ ბავშვობა არ მქონდა.. – და მაინც აქ დარჩით. არსად არ წახვედით. – ანგელოზის ნაკვალევს პარიზში ვერ დაინახავ. ის მარტო აქ არის… – წარმატებული დრამატურგი იყავით. როგორ ფიქრობთ რატომ არ განვითარდა ქართული დრამატურგია? – მეცხრე ტომში 13 პიესაა. “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი” და “სანამ ურემი გადაბრუნდება” 140-ზე მეტი ქვეყნის სცენაზე დაიდგა. მერე აირია ყველაფერი. არც დრამატურგია და არც კინო არ განვითარდა, თორემ რა უნდა ოთარ იოსელიანს საფრანგეთში? -ვიცი, რომ ოთარ იოსელიანთან დიდი მეგობრობა გაკავშირებთ. “გიორგობისთვე” გვიშტიბშია გადაღებული? – “გიორგობისთვე” ოთარმა გვიშტიბში გადაიღო. მისი ფილმი “იყო შაშვი მგალობელი” რენე კლერს შემთხვევით უნახავს და უთქვამს, ვინ გადაიღო მანახეთ ეს კაციო. უთხრეს, ვიღაც რუსეთის პროვინციიდანააო, საერთოდ გადარეულა, იქ როგორო? სასწრაფოდ დააფინანსა საკუთარი ფულით და საფრანგეთში მიიწვია… ასეა, თუ არ ჩადე ცარიელი დაგრჩება და თუ ჩადე, შენია უკვე ის. – გამოდის, რომ რას უნდა მივხედოთ, არ ვიცით… მთავარი რა არის ის არ ვიცით და გვესმის.. – ჩვენ ხომ უვიცები ვართ. მაღაზიაში შევედი ამას წინათ. ვხედავ პორტრეტი არის ვიღაცის. ფერადი.. ისეთი, ვერ მოწყვიტავ თვალს. ბელადები ჩამოვყარეთ და ვინაა ეს თქო? ბელადი არაა მაგი, ფეხბურთელიაო. მე ვუთხარი ფეხბურთი ჩვენ არ გვაქვს და ფეხბურთელი საიდან თქო? მაგი სხვაგანააო. რა, ჩემი შვილი სხვაგანაა და შენ აქ დაკიდე? საქონელივით გაყიდულა ეს და იმის ტვინი მაინც გქონდეს, რომ გაუკეთე წითელი ხაზი ასე. ამას კიდევ ბელადივით დაუკიდებია… რომ მიდიხარ და მოგწონს, კარგი ქვეყანააო. თუ არის კარგი, ის მისი აშენებულია, შენი კი არა. წავლენ და მერე იქიდან იყურებიან, ჰე, რა ქენით, ააშენეთ ქვეყანაო? რომ ჩამოვიდე და პური ვჭამოთო? კი მაგრამ მე ეგ შენიანად ვერ ვქენი და უშენოდ როგორ ვქნა?.. მაგრამ ტვინი არ გვაქვს, წიგნში არ ვიხედებით. შუბლზე აბრეშუმის ძაფის ტოლა ძარღვია ნაკითხობის და ეს ძარღვი 15-17 წლისას თუ არ გაქვს უკვე, დამთავრებულია შენი საქმე. იმიტომ, რომ ყველაფერი რაც კაცობრიობას უაზროვნია, მოქცეულია წიგნში. წაიკითხავ და ყველაფერი ნათელი გახდება. ლიტერატურას, ხელოვნებას უნდა მივხედოთ. ეგ არის მთავარი. ამით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან. მარტო ხელოვნებას შეუძლია ადამიანის ადამიანად ქცევა.
წყარო: arilimag.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი