Violet


სად დაიკარგეო, 
რომ გეკითხებიან,
ნეტა საკუთარი გულიდან თუ იწყებენ შენს ძებნას.

რატომ ხდება ასე,
როცა ადამიანი ტკივილს გაყენებს,
თვითონ რატომ არ სტკივა ამ დროს?

გტოვებენ, თითქოს ჩუმად, ფეხაკრებით მიდიან შენგან, 
შენ კი სისხლჩაქცევებივით გემჩნევა სულზე ყველა მიტოვება,
იისფრად, ლურჯად, კოსმოსივით, მაგრამ ეს კოსმოსი პლანეტებისა და ვარსკვლავების მაგივრად,
ტკივილებითაა სავსე,
ეს ტკივილების გალაქტიკებია.

ისინი გტოვებენ, 
ადრე თუ გვიან იმასაც შეამჩნევ,
როგორ დაკარგე საკუთარი თავი მათ შენარჩუნებაში.
შენი რაღაც ნაწილი წაიღო ყველამ, 
სულერთია წაგგლიჯეს თუ თვითონ გაატანე,
წაიღეს და წარმოდგენა არ გაქვს რა ბედი ეწია მათ,
შეიძლება რომელიმე ნაგვის ურნაშიც კი გდია.
როცა შენივე თავისგანაც დაცარიელდები,
მიტოვებულ ნავსაყუდელს დაემსგავსები,
ცხოვრების აღელვებული ცივი წყლები თბილ სხეულზე კიდევ ბევრჯერ შეგეშხეფება,
სუნთქვას შეგიკრავს, გულს შეგიკუმშავს,
დაგტოვებენ ადამიანები,
მაგრამ არასდროს, არასდროს წავა შენგან იმის განცდა, რომ მიგატოვეს.

არ შემიძლია ალბატროსივით შევინარჩუნო წონასწორობა,
მე ფრთები არ მაქვს
და ნაცვლად იმისა, რომ ტკივილები ფრთებზე მქონდეს ასხმული და ისე მივფრინავდე,
ჩემი ტკივილი ისაა, რომ ფრთები არ მაქვს.

მე შემიძლია ფენიქსივით დავიწვა თავი,
მაგრამ ფერფლიდან აღარ მინდა მკვდრეთით აღდომა,
არ ვიზამ ამას,
რადგან მგონია, 
თავის დაწვაზე უფრო მტკივნეულია ფერფლიდან აღდგომა,
მე კი მინდა, რომ ჩემი ფერფლი ქარმა წაიღოს,
მთებისკენ, ზღვებისკენ, მინდვრებისკენ.

რა დროა საჭირო იმისათვის, 
ადამიანი რომ გაგიუცხოვდეს,
ან შენ თვითონ გაუუცხოვდე?
ზოგჯერ ერთი წამი,
ზოგჯერ მთელი ცხოვრება.

რა დრო სჭირდება ადამიანს,
ადამიანის  სამუდამოდ დასავიწყებლად?
იმაზე გაცილებით ბევრი, ვიდრე მისატოვებლად.

უფალო, როგორ გითხრა, რომ შენი მწამს,
როცა საკუთარი თავის რწმენა დავკარგე.
შენ სულ ჩემ გვერდით ხარ,
მაგრამ მე მხოლოდ მაშინ მოვდივარ შენთან,
როცა ცუდად ვარ,
მაგრამ რამდენად ცუდად უნდა ვიყო,
რომ იმდენად მოგიახლოვდე,
ხელით შეხეგო, ან ცრემლებით.

ყველა მიმართულებით მიდიან ადამიანები, 
მხოლოდ ერთმანეთისკენ არ კვალავენ გზას,
სამას ოთხმოცი ათასი კილომეტრის მოშორებით,
მთვარემდეც კი მივაღწიეთ და მასზე ფეხი დავდგით,
ჩემს გულთან კი, არავინ მოდის,
ჩემი ფიქრები არავის ესმის,
მინდა ვინმემ ისეთივე კვალი დატოვოს ჩემში,
როგორც დაბადებიდან თანდაყოლილი ლაქა მაქვს თვალის ქვეშ, 
მუდამ ჩემი და წარუშლელი.

რა იქნებოდა, 
დამალობანას ბავშვებს ვეთამაშებოდე 
და არა საკუთარ ფიქრებს,
საკუთარ ტკივილებს.

რა იქნება,
ერთ დილით, 
აივანზე დედას გამოტანილი ლეიბების გვერდით გადავკიდო ჩემი სული 
და გავმზეურდე.

ჩვენ გვეშინია ადამიანების შეყვარების,
მერე იმის, რომ 
შეიძლება მიგვატოვონ.
ადამიანებს ყველაფრის გვეშინია, საკუთარი თავის დაკარგვის გარდა 
და ამ უკანასკნელის დაკარგვის შემდეგ, 
ვგრძნობთ როგორ დაგვიკარგავს ღმერთიც,
რომელსაც სხვა ადამიანებში ვეძებდით.
ნეტა სად მიდი საკუთარი თავი, როდესაც გვტოვებს?
მერედა, რაღა უნდა გიყვარდეს საკუთარ თავში?
რომელსაც ამდენი ტკივილი და უამრავი სიცარიელე დაუტოვე.
შენ ყოველთვის მას უშლიდი გულს,
მაგრამ იმან ვის უნდა გადაუშალოს?

ყველაზე მტკივნეული, საკუთარ თავთან გაუცხოებაა.

უამრავჯერ მინახავს ვარსკვლავის ჩამოვარდნა.
სურვილიც ბევრჯერ ჩამითქვამს მათთვის.
იქნებ,
თითოეულ მათგანს რაღაც სტკიოდათ.
იმდენად შორს იყვნენ ერთმანეთისგან, ფიქრების გასანდობად, 
ერთმანეთს ტკივილები ვერ გაუზიარეს და ისე დამძიმდნენ,
ვეღარ შეძლეს გადაშლილ ცაზე კაშკაში, 
მოსწყდნენ და სიბნელეში გაუჩინარდნენ.
ალბათ ჩიტივით ფრენაზე ბევრად ძნელია, 
ვარსკვლავივით დაეკიდო ცადე და ციმციმებდე, ანათებდე.

ცას მოწყვეტილი ვარსკვლავები იმათ გულებში უნდა ცვიოდეს, 
ვინც ადამიანები დაკარგეს.

აყოლილი ვარ მუდმივ კაეშანს.
მინდა ვინმემ წყალივით შემასხას სიცოცხლე,
იქნებ სული ასე მოვითქვა,
იქნებ სულ ერთი წამით ვიცოცხლე გულის ცემის,
ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის, თვალების გახელისა და დახუჭვის მიღმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი