ცა დახრილ თვალებში


მე,არ ვიცი,რა უნდა გითხრა ადამიანებზე. მოგიყვები
მარტოობაზე,მაგრამ ვერასდროს გაიგებ ჩემს მარტოობას.

ბედნიერება
პეპელასავით ცოტა ხანს რჩება ადამიანთან.

ღმერთო,
რამდენი ტკივილია დედამიწაზე და არცერთი ადამიანი,რომელიც მოგისმენს.

სუნთქვასავით მუდმივი გამიხდა გულის ჭვალიც.
მტკივა დღეები,უაზროდ ჩავლილი.
დღეები,რომლებიც არ ატარებენ მოგონებებს.

გიტარის სიმი უფრო ბევრჯერ გამიწყდა თუ ოცნება?

მინდა ერთხელ ისე გულრწფელად გამეღიმოს,ლოყაზე გაჩენილი ფოსოებიდან იასამნებმა იხეთქოს.

ნისლივით ქრებიან ადამიანები.
კვდებიან მოგონებები.
ასე,
უბრალოდ,იგონებ და აღარ არის.
მაგრამ წლების წინ ნაღრძობი კიდურივით გახსენებენ ტკივილებს.

ოთახში შევდივარ,შუქს ვანთებ,მაგრამ თვალები დიდი ხნის წინ ჩამიქრა.

დასანანია,ადამიანის გული სიყვარულზე მეტად ტკივილისთვისაა განწირული.
ჩემთვის, სიყვარული ერთადერთია რაც მთლიანად შემიძლია მოგცე,მაგრამ,მხოლოდ ეს არ არის საკმარისი რომ გვერდით მყავდე.

ჩემში ვერაფერს იპოვი განსაკუთრებულს.
მე უბრალო მეოცნებე ვარ,
რომელიც ზოგჯერ
თავისივე ხელით კლავს თავის ოცნებებს.
არის წუთები,საკუთარ თავსაც ვერ ვუსწორებ თვალს.
რამდენი პირობა დავურღვიე,მცნებებივით…

დედაჩემისთვის,ჯერ კიდევ ბავშვი ვარ,ნეტავ ჩემთვისაც ბავშვი ვიყო.

მინდა ყვავილებივით დავკრიფო 
ჩემგან გაქცეული ყველა სიხარული,
ჩამოვკრიფო ციდან,
ხეებიდან,
შენობებიდან 
და თმაში ჩავიწნა.
მინდა იმდენი ვიცინო,
თვალები ცრემლებით ამევსოს.

ციდან ჩამოვარდნილ ჩემს სურვლჩათქმულ ვარსკვლავებს ვიყრი კაბის შეკრულ კალთაში.
გულთან ახლოს,
მკერდის არეში სითბო ჩამიდგა,
ამდენი ხნის შემდეგ 
შევძელი შავნაღველი სიტყვებად მექცია.

სექტემბერია და ჩემთან გაზაფხული ახლა მოვიდა.

09/09/2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი