არაფერი ემჩნევა ადგილს…
არაფერი ემჩნევა ადგილს,რომელსაც ვტოვებთ, მაგრამ მე მინახავს ადამიანი,რომელსაც ეტყობოდა,ბევრი წავიდა მისგან. მე ვიცი, როგორ გავიყუჩო თავის ტკივილი, ვიცი, როგორ მოვიკლა კბილის ნერვი, როგორ ამოვიჭრა ნაღვლის ბუშტი, მაგრამ არ ვიცი, რა მოვუხერხო იმ ტკივილს, რომლითაც გული მტკივა, ვგრძნობ, ამ ტკივილზე ადრე დავსრულდები, როგორც ის თოვლი, გაზაფხულამდე რომ ვერ მიაღწია და ზამთარში დადნა. შესაძლებელია, ვინმეს მთელი გულით,დიდხანს ელოდო და ბოლოს საკუთარ თავს ვეღარ მიუსწრო. ფიქრებზე მეტად, მოჭრილი ფრთები მამძიმებს. შეიძლება გულში გყავდეს ადამიანი,მაგრამ შენი სიყვარული ვერ მიგქონდეს მასთან, როგორც ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავები ვერ აღწევენ დედამიწაზე. სიზმარი არა, ჩემი ცხოვრება მინდა მოვუყვე გამდინარე წყალს. მინდა ხე ვიყო-ტკივილები ფოთლად მცვიოდეს. ოქტომბრის ქარებმა კი შორს წაიღონ ჩემი სულისგან. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ვარსკვლავი ვარდება ციდან, დედამიწა სავსეა აუხდენელი ოცნებებით. სამუდამოდ ტკივილმისჯილი მარტოობის ლანდებს გავცქერი შუქჩამქრალ ოთახში. ჩემი ტკივილი ჩემია და სხვა არავისი,მაგრამ მაინც მინდა ჩემი ესმოდეთ. აუტანელია იმ სიზმრიდან გამოღვიძება ,რომლებშიც ჩემთან ხარ. არ შეიძლება, ბაბუაწვერასავით, ერთი სულის შებერვით ვმთავრდებოდეთ ადამიანები ერთმანეთისთვის. არ ვარ სიცოცხლით სავსე, სიცოცხლით ცარიელი ვარ. ისეთი დარდიც არსებობს, ვერავის გაანდობ, მით უფრო- საკუთარ თავს. ტყუილად ანათებს მზე, მისმა სხივებმა ვერცერთ ჩემს ჭრილობაში ვერ შეაღწია. ადამიანს ადამიანი სჭირდება მხოლოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი