ახლა ყველაფრისგან შორს ხარ…
ახლა ყველაფრისგან შორს ხარ და რაც ახლოსაა შენთან,მხოლოდ ამოუვსებელი სიცარიელეა. ღამენათევი წამოდგები დილით საწოლიდან და ქანცგაქყვეტილ ნერვებსაც წამოაყენებ ერთი სიცოცხლის ძალისხმევით. მდუღარე წყალს ჩამოისხამ ჭიქაში და ნერწყვს ერთ ყლუპ ყავას და ათასჯერ მძიმე შავნაღველს გადააყოლებ სულის მოსათქმელად. შემოდგომასავით დამჭკნარ სიხარულებს თავს მოუყრი და უბნის მეეზოვესავით ერთი ასანთის ღერით წარსულის გზას გაუყენებ. გამდინარე წყალს ცხოვრებას მოუყვები და სიზმრებს ასახდენად სულწასული აედევნები. საკუთარ თავს გვედით მოისვამ და გულს გაუწყალებ დარდის მოყოლით, რომლის სიმძიმეც იმ ფაქტზე მჩატეა, რომ სხვა არავინ გყავთ ვინც მას იტვირთავს. იკაროსის გაფრენას ჰგავს შენი გადარჩენა და ზღვის ნაცვლად ნაღველში იხრჩობი. დაკარგული ხარ ამ ცხოვრების ლაბირინთებში და არიადნეს ძაფი ნელ-ნელა ქრება შენ ამ ცხოვრების გადღაბნილი სილუეტი ხარ, კონტურდაკარგულ მარტოობას რომ ემსგავსები. და უფალი ხარ შენი თავის,შენი ცხოვრების, გოლგოთაც შენ ხარ,სადაც ტანჯვით შენს თავს აზიდავ ნუ გაიქცევი,არ გამოდის, თვითონაც ხედავ, მარტოობაში მიგაქანებს ყველა ნაბიჯი. სიცილის ხმაა, ცრემლებიც სდის სიცილის პატრონს, სიმწრის ოფლიც სდის, სისხლიც მოსდის გულგადახლეჩილს. და მერე? როგორია სინამდვილეში ამ ზღაპრის ბოლო?! ყველაფერს გეტყვი, ასე იქნება - დავწერ ამ ლექსს და შენს თავს იცნობ, აი მე კიდევ, ერთ სიტყვასაც კი ვერ გამიგებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი